ჟურნალისტის მოგონებები
ამ რუბრიკაში, კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჩემსა და „ალიას“ ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ცხინვალის რეგიონში თავს გადამხდარ ამბავს და შემდგომში შევეცდები, უფრო მრავალფეროვანი ისტორიები მოვუთხრო მკითხველს ჩემი 30-წლიანი და „ალიაში“ გატარებული 10-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობიდან, რაც უმეტესად „კულისებს მიღმა“ რჩებოდა.
2004 წლის ზაფხულია. ქართულ–ოსური ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. ლამისაა, ომი დაიწყოს. ირაკლი ოქრუაშვილი იქაჩება, ცხინვალის რეგიონი უნდა დავიბრუნოო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანხმობაც აქვს. რაც 2008 წელს დაგვატყდა თავს, ის 2004 წელს შეიძლებოდა მომხდარიყო და უფრო დიდი მასშტაბებით, კიდევ უფრო სავალალო შედეგებით. ამ პერიოდში, მხოლოდ ერთხელ მოვახერხე დიდი ლიახვის სოფლებში ასვლა. ისიც, მანქანის საბარგულით გადამიყვანა ქურთის თემის გამგებელმა, რომლის სახელი და გვარიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. სპეც–საშვი ჰქონდა და არც ერთ პოსტზე არ ჩხრეკდნენ. თავად მითხრა, ვიდრე გადამიყვანდა – შესაძლოა გამაჩერონ, რაიმე მკითხონ, მაგრამ არ შეგეშინდეს, მშვიდად იჯექი, საბარგულის გახსნას არავინ მომთხოვსო. ცხადია, ოსური და „სამშვიდობო“ – რუსული პოსტები იგულისხმა, თორემ ქართული პოსტის გავლა არც იყო გადაულახავი პრობლემა მანქანაში ჩვეულებრივადაც რომ დამჯდარიყავი.
„ალიას“ რედაქციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მე და ირაკლი გედენიძემ გადავწყვიტეთ, მანქანით წავსულიყავით ალყაში მოქცეულ ამ დიდი ლიახვის სოფლებში და იქიდან რეპორტაჟი გაგვეკეთებინა. არადა, საშიში იყო. თავად ამ სოფლების მაცხოვრებლები ფეხს არ დგამენ ცხინვალში. იციან, თუ ოსები წინააღმდეგ მებრძოლია, შეიძლება ცოცხალიც არ გამოუშვან ოსებმა, თუ არადა, წაიყვანენ მილიციაში, გამოსასყიდს მოსთხოვენ და ფულს როდესაც მიუტანენ, მერე გაათავისუფლებენ. არ მიუტანენ ფულს და „შეუკერავენ“ საქმეს, რამდენიმე წლით გაუშვებენ ციხეში. იმ დროს, ცხინვალის ციხეში შესული ქართველი ბევრი მინახავს, გამოსული – ცოტა. რა ხდებოდა იმ სოფლებში, ზეპირად ვიცოდი ჩემი წყაროების მეშვეობით, მაგრამ რეპორტაჟი მაინც სხვაა, თან ფოტომასალით.
იდეა ირაკლი გედენიძეს ეკუთვნოდა. სამშვიდობო ძალების სარდალი, სვიატოსლავ ნაბზოროვი გავიცანი, ნორმალური ადამიანი ჩანს, დავურეკავ და იქნენ მოგვიგვაროს ეს საკითხიო. დაურეკა, დაახლოებით 10 წუთი ესაუბრა, დეტალურად აუხსნა, რა გვინდოდა. მესმოდა კიდეც ნაბზოროვი რასაც ლაპარაკობდა. ირაკლიმ ჩემი სახელი და გვარი ჩააწერინა. უთხრა, რომ ორივენი „ალიას“ ჟურნალისტები ვიყავით. ნაბზოროვმა, პრობლემა არ არის, მაგრამ ხვალ დილით დამირეკე, რომ ეუთო–ს და სამშვიდობო მისიის ოსურ და ქართულ სარდლობასაც შევუთანხმო, ჩემს პოსტებზე უბრალო შეფერხებაც კი არ გექნებათო. მეორე დღეს უჩემოდ დაურეკა ნაბზოროვს ირაკლიმ და ეგრევე გადმომირეკა. ნაბზოროვმა მითხრა, ყველა გაფრთხილებულია, სამივე პოსტზე გაგატარებენ და ერგნეთიდან ცხინვალის გავლით, ვიდრე თამარაშენში შეხვალთ, მე ვარ პასუხისმგებელი და არც აქეთობას, გამოსვლისას გექნებათ რაიმე პრობლემაო, კმაყოფილი იყო. ერგნეთი გორის რაიონის ბოლო სოფელია, ცხინვალს ესაზღვრება, ერთი კილომეტრიც არ არის იქამდე. ცხინვალში ჩასულსაც დაახლოებით ეგრე, ერთი კილომეტრის გავლა გიწევს თამარაშენამდე. ამ სოფლიდან ადიოდი დიდი ლიახვის სოფლებში, თამარაშენი იყო პირველი იმ 9 სოფლიდან, ის ესაზღვრებოდა ცხინვალს. მოკლედ, დათქმულ დღეს მე და ირაკლი დილით წავედით ცხინვალისკენ.
სამივე პოსტი უპრობლემოდ გავიარეთ. ჩვენი გვარ–სახელი ჟურნალში ეწერათ, პირადობის მოწმობები მოგვთხოვეს, გადაამოწმეს და გაგვიშვეს. ერგნეთი უკან მოვიტოვეთ და დავეშვით ცხინვალისკენ. 300 მეტრი გექნებოდა გავლილი და ვხედავ, ცხინვალიდან მილიციის ორი მანქანა მოდის, „ნივა“ და „ჟიგული“. გაგვაჩერეს. ორივეში ორ–ორი მილიციელი იჯდა. გადმოვიდნენ ოთხივენი მანქანიდან. „ჟიგულიდან“ გადმოსულებმა საბუთები მოგვთხოვეს. მივეცით პირადობის მოწმობები და „ალიას“ პრეს–ბარათები. ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით. ირაკლიმ უთხრა, სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ ნაბზოროვის ნებართვით წამოვედით, დიდი ლიახვის სოფლებში უნდა ავიდეთ, რეპორტაჟი გავაკეთოთ და საღამოს უკან გავბრუნდებითო. პოლიციელები რუსულ–ქართლად გველაპარაკებიან და ერთმა გვითხრა, ჩვენ სამხრეთ ოსეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ვართ, თქვენ ახლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებით და აქ სამშვიდობო ჯარების მანდატი არ სჭრისო. ირაკლი შეეკამათა. ნაბზოროვი გენერალია, პატარა ბავშვი ხომ არ არის, სამი პოსტი გამოვიარეთ მისი ნებართვით და თამარაშენში შესვლას და იქიდან ერგნეთში მშვიდობიან დაბრუნებასაც დაგვპირდაო. ახლა, იგივე პოლიციელი, რუსულად ეუბნება ირაკლის: არ მაინტერესებს ნაბზოროვი, მაგის მანდატი და გენერლის „პაგონები“ ერთ ადგილას მახატია, უკანონოდ ხართ შემოსულები ცხინვალის ტერიტორიაზე და შეგვიძლია, დაგაკაოთ და რამდენიმე დღე ჩაგსვათ ადმინისტრაციული წესითო.
ეს კანონი ახალი შემოღებული ჰქონდა ოსურ მხარეს, რაც ორმხრივი სროლები ატყდა და ვითარება დაიძაბა. მარტო დიდი ლიახვის სოფლების მაცხოვრებლებს ჰქონდათ ოფიციალურად ცხინვალის გავლით გორში წასვლა, ქურთის თემის საკრებულომ გასცა ქართველებზე ეს საშვები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებით. თუმცა, ეს საშვებიც ნაწილობრივ ფიქცია იყო. აკი გითხარით, რომ ქართველები ვერ ბედავდნენ ცხვირის გამოყოფას ქართლი სოფლებიდან. მხოლოდ თბილისში სამკურნალოდ ვინც მოდიოდა, იმ ხალხს ატარებდნენ. სხვებიც ახერხებდნენ გორში თუ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სხვა ტერიტორიაზე გადმოსვლას, თუმცა, ერთეულები. ისინიც, ოს ძალოვანებთან აწყობდნენ საქმეს და ისე გადმოდიოდნენ, ზოგი მათგანი ფულსაც იხდიდა.
ირაკლიმ საყვედურით დაურეკა ნაბზოროვს და დეტალურად უთხრა ჩვენი პრობლემის შესახებ. ნაბზოროვმა აქეთ ვალი დაგვადო – ახლა ისეთი ვითარებაა, სამშვიდობო პოსტებზე გამკაცრებული ვითარებაა, სამი პოსტი გაგატარეთ უპრობლემოდ, თანაც ჟურნალისტებს, როდესაც დიდი ლიახვის სოფლების მაცხოვრებლები ვერ შედიან და გამოდიან და კიდევ უკმაყოფილოები ხართო? რა ვქნა, სამხრეთ ოსეთის პოლიცია მე არ მემორჩილება, თორემ ვუბრძანებდი და გაგატარებდნენო. ირაკლი შეეკამათა, ცხინვალის გავლასაც შეგპირდი და მაშინ გემორჩილებოდათ მაგათი პოლიციაო? ნაბზოროვმა ირაკლის უთხრა, უფროსი ვინ არის, დამალაპარაკეო. „ნივიდან“ გადმოვიდა პოლკოვნიკი, მისი და ნაბზოროვის საუბრის შემდეგ გავიგე, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. დაახლოებით 5 წუთი ილაპარაკეს და ირაკლის გადასცა ტელეფონი პოლკოვნიკმა. ირაკლიმ და ნაბზოროვმა მცირე ხნით ისაუბრეს, მერე ირაკლიმ შემოხედა და დაგვერხაო, მოთხრა. ნაბზოროვმა ხელები დაიბანა. „კრიმპოლის უფროსს“ კი სთხოვა, გავეშვით, მაგრამ იმან უარი უთხრა. მეტიც, ნაბო#არმა ნაბზოროვმა ჩაგვიშვა. სამშვიდობო პოსტები კი გაგვატარა, მაგრამ ცხინვალელი სეპარატისტები ჩააყენა საქმის კურსში, ორი ქართველი ჟურნალისტი მოდის ცხინვალში და რეპორტაჟის გაკეთება უნდათ დიდი ლიახვის სოფლებიდანო. სხვაგვარად ვერ ავხსნი იმ ფაქტს, რომ ცხინვალში შესულს, 300 მეტრში, მილიციის ორი მანქანა გამოგვეგება, თავის „კრიმპოლის უფროსიანად“.
გავარკვიეთ მე და ირაკლიმ, რომ ამ ახალი საგანგებო წესებით 3–დან 10 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა გვემუქრებოდა. ამას უკვე შეგუებულები ვართ. ნაბზოროვი კარგია თუ ცუდია, ეს უკვე აღარაფერს ნიშნავს. გენერალი ჰკიდიათ ოსებს თავის სამშვიდობო მანდატიანად. ეუთოს სამშვიდობო მანდატი ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი მოქმედებს, მაგრამ განსაზღრულია ამ მანდატის ჩარჩოებიც. ეუთო–ს შეუძლია ჩაერიოს, თუ ერთმა ან მეორე მხარემ შეთანხმება დაარღვია, აკრძალული ტიპის შეიარაღებას შეიტანს და გამოიყენებს, სროლა თუ ატყდება, მძევლებს თუ აიყვანენ და ა.შ. თუ მშვიდობაა, ცხინვალში იქაური კანონები მოქმედებს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში კანონიერად გვექცევიან ეს შობელძაღლები. ეუთო, მეუთო არ აინტერესებთ.
კინო ახლა იწყება, ეს ჟურნალი იყო. „კრიმპოლის უფროსმა“ უბრძანა ხელქვეითებს, მანქანა გაჩხრიკეთო. „ჟიგულის“ მილიციელებმა დაიწყეს ჩხრეკა, ორმა. „კრიმპოლის უფროსი“ და მისი თანმხლები გადმოსულები არიან „ნივიდან“ და ბოლთას სცემენ. ჯერ სალონი და „ბარდაჩოკი“ გაჩხრიკეს. იქიდან ამოიღეს ირაკლი უცხოური, დიდი ფანარი. შეამოწმეს, ანთებს. ვინც ამოიღო, იმან უთხრა ირაკლის, მაჩუქეო. არაო, ირაკლიმ. ალბათ, ხუთჯერ უთხრა მილიციელმა და ბოლოს თხოვნაზეც გადავიდა, მაჩუქე, მონადირე კაცი ვარ და გამომადგება, შენ კიდევ იშოვიო. არაო, ისევ ჯიუტად დგას ირაკლი თავისაზე. ციხეში რომ შეგაგდებთ ორივეს, ეს ფანარიც დამრჩება და ყველაფერი, რაც მანქანაშიაო, დაიმუქრა. მორჩნენ სალონის ჩხრეკას, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვნეს და ახადეს მანქანას საბარგული. საბარგულიდან ჯერ ირაკლის მწვანე საწვიმარი ამოიღეს, რომელსაც წინ და უკან „პრესა“ ეწერა და ასეთი ყველა ჟურნალისტს უგდია მანქანაში. ამ დროს ირაკლის შევხედე და კაცს ფერი აღარ ადევს სახეზე, შეშინებულია. ახლოს მივედი და ვკითხე, რა გჭირს–მეთქი. არაფერიო, კი მითხრა, მაგრამ მანიშნა, გაჩუმდიო. ვერაფერს მივხდი, მაგრამ გავჩუმდი.
მილიციელებმა ამოიღეს „კანისტრა“, „დომკრატი,“ ქანჩების ყუთი, რეზინის ჩექმები, მერე ანკესები ამოიღეს და ირაკლის თევზაობაზე დაუწყეს ლაპარაკი, სად თევზაობ, რას იჭერო? ირაკლი უხალისოდ პასუხობს. ხალისი მას მერე გაგვიქრა ორივეს, როდესაც ნაბზოროვმა საბოლოოდ გადაგვაგდო და ცხინვალის ციხის პატიმრობის კანდიდატები გავხდით, მაგრამ არ დავზაფრულვართ და ხმაში რიხი არ დაგვიკარგავს. ახლა ვხედავ, ირაკლის ლაპარაკის სურვილი გაუქრა, ამ მილიციელებსაც ორი სიტყვით უხსნის, თუ ჰკითხავენ რაიმეს, მანამდე ლაპარაკი არ ეზარებოდა. ანკესების მერე ზურგჩანთა გადმოიღეს, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და ვერც იქ იპოვნეს ვერაფერი სათავისოდ. ირაკლი, შევხედე და მიტკალივით თეთრია, თავის მანქანას არის მიყუდებული, ხმას არ იღებს. ჩხრეკას მე ვადევნებ თვალს. საბარგულის ბოლოში, სქელი, ნაქსოვი პულოვერი ეგდო, ერთმა მილიციელმა დააპირა იმის აღება და მეორემ უთხრა, დაანებე თავი, ხომ ხედავ არაფერია, დახურე საბარგულიო. დაუჯერა, დახურა საბარგული. შევხედე ირაკლი, ფერზე მოვიდა, ცოტა გახალისდა, ლაპარაკიც დაიწყო. ეს „კრიმპილის უფროსი“ მოგვიბრუნდა და აბა, წავედით ახლა სამინისტროშიო.
ეს კი გვითხრა, მაგრამ ვატყობ, ფეხს ითრევს, არ ჩქარობს ჩვენ ცხინვალში ჩაყვანას. რაღაცაშია საქმე, ამას ვხდები, მაგრამ რაში, აი, ამას კი ვერა. მივუბრუნდი ამ „კრიმპოლის უფროსს“ და ვეუბნები. კარგი, თქვენებური კანონი დავარღვიეთ, მაგრამ ჩვენი, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა არ გიღირთ, რადგან ატყდება ერთი ამბავი, ჩაერევა ეუთო, ევროკავშირი, სხვა და ქვეყნის საელჩოები, ჟურნალისტთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები და იცოდეთ, იმ ათ დღესაც ვერ გაგვაჩერებთ ციხეში და შერცხვებით, თავი მოგეჭრებათ, ჩვენ კი აუცილებლად გაგვათავისუფლებენ. თუნდაც 10 დღე გაგვაჩეროთ იმ ციხეში, ვერც მაგით გამოგვრჩებით რაიმეს, რადგან ეს 10 დღე, ყველა ქვეყნის ტელევიზიები თავიანთ საინფორმაციოებს, ჩვენი დაპატიმრების ამბით დაიწყებენ–მეთქი. ირაკლის ხმაში რიხი დაუბრუნდა და რაც ზემოთ ვთქვი, იმანაც იგივე უთხრა „კრიმპოლის შეფს“.
ამ კაცმა გვიყურა, გვიყურა და ქართულად გვითხრა – ეგ ყველაფერი უთქვენოდაც ვიცი, თავი დამანებეთო და თავი უსიამოვნოდ გადააქნია. ფეხს ვერ ვიცვლით, საშინლად ცხელა, ამასობაში მოშუადღევდა, ვდგავართ ცხინვალის გზაზე და მზეზე ვიხრუკებით. მე და ირაკლი მანქანაშიც ვერ ვსხდებით, რადგან მილიციელები მანქანებიდან გადმოსულები არიან, ოთხივენი და ვლაპარაკობთ. ჩვენ ჩავსხდეთ მანქანაში და ესენი მანქანიდან იყვნენ გადმოსულები, არ გამოდის რაღაც, ახლა შარი არ მოგვდონ, უზრდელები ხართო. ბოლოს და ბოლოს, დაკავებულები ვართ და რასაც გვეტყვიან, ისე უნდა მოვიქცეთ. ამ დროს „კრიმპოლის უფროსს“ ვიღაცამ დაურეკა. 5 წუთზე მეტს ელაპარაკა უცნობ მამაკაცს ოსურად და შიგა და შიგ, რუსულს გაურევდა. ჩემი, ირაკლის გვარ–სახელი და „ალია“ რამდენჯერმე ახსენა. მორჩა ლაპარაკს, ვდგევართ და არსად არ მივდივართ.
თავისი მილიციელები გაიყვანა გვერდზე და რაღაც უთხრა. ამასობაში ისევ დაურეკეს. ქალს ელაპრაკებოდა და მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ქალი, „პრეზიდენტ“ ედუარდ კოკოითის პრეს–ცენტრის უფროსი, ირინა გაგლოევა იყო, რომელმაც შემომითვალა, შენ ან ცხინვალიც ციხე უნდა გახეხინო, ან სადმე, ცხინვალის გზაზე, ჩვენიანის ხელით მოკლულს გნახავენო. ის მახსოვს, რომ ერთხელ ახსენა ამ კაცმა საუბრისას „ალია“, სამჯერ ჩემი და ერთხელ ირაკლის გვარი. ამ ქალთან საუბრის შემდეგ, „კრიმპოლის უფროსმა“ კიდევ სადღაც გადარეკა, 10 წუთი მაინც ელაპარაკა და იმასაც ოსურად. არ მესმოდა, მაგრამ მივხვდი, მოკრძალებულად ელაპარაკებოდა, თავისზე ჩინით თუ თანამდებობით უფროსს. ამ საუბრის შემდეგ კიდევ დაურეკა იმ ქალს, წეღან რომ ელაპარაკა, ახლაც ხუთიოდე წუთს ისაუბრეს. მივხვდი, ეს უფროსი იმ ქალს რაღაცას დაბეჯითებით უმტკიცებდა. ამის შემდეგ „კრიმპოლის უფროსი“ მე და ირაკლის მოგვიბრუნდა და ქართულად გვითხრა – მაღარიჩი თქვენზეა, უფროსმა მითხრა, ახლა გაუშვი ეგ ჟურნალისტები და სხვა დროს, დიდი ლიახვის ხეობაში ასვლა კი არა, ერგნეთს ერთი მეტრით არ გამოსცდნენ, თორემ თავბედს ვაწყევლინებო.
ირაკლიმ საბარგულში ჩაალაგა, რაც ამოიღეს მილიციელებმა და რაც ძირს ეყარა, ჩავსხედით მანქანაში, დავემშვიდობეთ პოლიციელებს და წამოვედით. ჩვენ რომ დავიძარით, ისინი მერე ჩასხდნენ მანქანებში. ირაკლის ვკითხე, მანქანას რომ ჩხრეკდნენ, ფერი არ გედო სახეზე, შეშინებული იყავი და რა მოხდა–მეთქი. ბიჭო, ის პულოვერი რომ იდო და ხელი არ დაადეს, ის რომ აეღოთ, იმის ქვეშ შუაზე გადაკეცილი ჯავშანჟლეტი მიდევსო. ახლა მე დამეკარგა ფერი. ჯავშანჟილეტი საბრძოლო მასალაა, გინდ ეგ უპოვნიათ, გინდ ტყვია–წამალი და გინდა ნაღმტყორცნის ჭურვი – სამივე საბრძოლო მასალის კატეგორიაში გადის. ამ ერთი ჯავშანჟილეტით, ორივეს არხეინად „გაგვსროკავდნენ“ ოსები და 10–10 დღით კი არა, რამდენიმე წლით. მერე დაგვაბრალებდნენ საქართველოს სამხედრო დაზვერვის აგენტობას, იტყოდნენ, რომ ჟურნალისტები კი არა, დაზვერვის აგენტები ვიყავით და ჟურნალისტობა ჩვენი საფარი იყო. „ალიას“ ჯაშუშურ ორგანიზაციად გამოაცხადებდნენ. კიდევ რას დაგვაბრალებდნენ, კაცმა არ იცის. მოკლედ, სეპარატისტები და რუსეთი, მორალურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ხეირს ნახავდნენ, ხმაურს ატეხდნენ და ჩვენს გამო ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში ჩააყენებდნენ.
არადა, ირაკლის ცხელი წერტილი არ დაუტოვებია საქართველოში, ყველგან იყო 1992 წლის სამოქალაქო ომიდან დაწყებული. ეს კაცი სასიკვდილო საფრთხეს არასოდეს ეპუებოდა და ცხელ წერტილებში მუშაობდა, იღებდა უნიკალურ კადრებს. ცხადია, ჯავშანჟილეტითაც უწევდა მუშაობა და ეს ჯავშანჟილეტი, მუდამ მანქანაში ეგდო, რადგან საქართველოში ჟურნალისტმა წინასწარ არ იცი, როდის მოგიწევს მისი გამოყენება. დაიძინებ, გაიღვიძებ და დილით გეუბნებიან, რომ სამეგრელოში მძევლები აიყვანეს, ან პანკისში ტარდება სპეცოპერაცია, ან ცხინვალის რეგიონში სროლაა, უნდა წახვიდე და გააშუქო, იმუშაო. ყველგან სროლაა, ყველგან საფრთხეა და ეს ოხერი ჯავშანჟილეტი გჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ კი ბატონო, მხარე არ ხარ, წესით გამიზნულად და დამიზნებით არ უნდა გესროლონ ჟურნალისტს, მაგრამ შეიძლება ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდე. შეიძლება ითქვას, ბეწვზე გადავრჩით. პოლიციელის დაუდევრობამ გადაგვარჩინა, რომელმაც იფიქრა, რომ მანქანაში ერთი პულოვერიღა ეგდო და იქ აღარაფერი იყო გასაჩრხრეკი. არადა, იმ პულოვერის ქვეშ იყო, თუ იყო. გორიდან თბილისამდე ისე ჩამოვედით, არც ერთი არ გავჩუმებულვართ. ორივეს გვარიანად შეგვეშინდა, შიშგადატანილი, საფრთხეგადავილი კაცი, მოგეხსენებათ, თამამდება და ენაწყლიანი ხდება. ის მახსოვს, ნახევარი გზა ნაბზოროვის გინებაში გავატარეთ და ნახევარი კოკოითისა.
ჩაგვივარდა რეპორტაჟი დიდი ლიახვის სოფლებიდან. ჩამოვედით თბილისში, რედაქციასთან, კაფეში შევედით, ირაკლიმ ცივი წვენი დალია, მე – ცივი ლუდი. რაც შეხება ჩვენი გამოშვების მიზეზს, ეს რამდენიმე დღეში გავარკვიე. არ შევმცდარვარ. ირინა გაგლოევას სურდა ჩვენი ციხეში გამოკეტვა. მე ხომ ოსების მტრად ოფიციალურად ვიყავი აღიარებული, ოსური ტელევიზიითა და გაზეთებითაც მლანძღეს არაერთხელ. ეს ტელე სიუჟეტებიც ნანახი მაქვს, სტატიებიც მითარგმნეს ოსურის მცოდნე ქართველებმა. ჩემამდე ვინც „ალიაში“ აშუქებდა ცხინვალის რეგიონის ამბებს, ის ჟურნალისტებიც „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი გაგლოევას. ირაკლი გედენიძესაც არა ერთხელ გყავდა გაღიზიანებული თავისი ფოტორეპორტაჟებით, ცხინვალის მიმდებარე ქართული თუ ქართულ–ოსური სოფლებიდან. თავის დროზე, ცხინვალშიც არაერთხელ შეპარულა და ის გადაუღია, რასაც საგულდაგულოდ მალავდნენ სეპარატისტები. თავისთავად, გაზეთი „ალია“ სეპარატისტების მტერი იყო.
მოკლედ, ჩვენი ადმინისტრაციული წესით დაკავება დაგეგმილი იყო, მაგრამ ბოლოს ამაზე უარი თქვა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ შს მინისტრმა, ოლეგ ალბოროვმა. თავიდან მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ირინა გაგლოევას, რომელმაც ჩვენი დაკავების საკითხი შეუთანხმა ედუარდ კოკოითს, მისგან დასტური მიიღო. ფაქტობრივად, განწირულები ვიყავით, მაგრამ ბოლო მომენტში, ალბოროვმა საქმის კურსში „საგანგებო საქმეთა მინისტრი“ და „პრეზიდენტ კოკოითის ადმინისტრაციის უფროსი“ და ძმაკაცი, ბორის ჩოჩიევი ჩააყენა, რომელიც თან ეუთო–ს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე იყო. ჩოჩიევმა კი კოკოითს გადააფიქრებინა ჩვენი დაჭერა – ეგ საქმე ჩვენ დამატებით პრობლემებს შეგვიქმნის, გაგლოევას შურისძიების სურვილს „ალიას“ და მისი ჟურნალისტების მიმართ ნუ აჰყვებიო. საბოლოდ, ირინა გაგლოევას შურისძიება არ გამოუვიდა.
რეალურად, გადაგვარჩინა ოლეგ ალბოროვმა. ერთადერთმა მინისტრმა სეპარატისტულ ხელისუფლებაში, რომელიც კოკოითს ურჩევდა ქართველებთან შერიგებას, ურჩევდა, არ გაემწვავებინა ურთიერთობები და მოეძებნა „ოქრის შუალედი“ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ალბოროვს ქართველი ცოლი ჰყავდა, შვილები ნახევრად ქართველები და მისი ამგვარი, პროქართული პოზიციის გამო, ოსები მოღალატეს ეძახდნენ. ცოტა ხანში ალბოროვი მოხსნეს მინისტრობიდან და უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანეს, 2006 წლის 9 ივლისს კი, საკუთარ სახლის ავტოფარეხში ასაფეთქებელი მოწობილობა დაუმონტაჟეს და ტერაქტის შედეგად მოკლეს. ეჭვი არავის შეპარვია, რომ ეს რუსეთის ფსბ–ს ნამოქმედარი იყო, რომელიც კოკოითსა და მის ხელისუფლებას ბევრს არაფერს ეკითხებოდა.
ამის გახსენებაზე ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ სასაცილოდ არ მქონდა საქმე. ამ ამბიდან ორი დღის მანძილზე თავში ის მიტრიალებდა, ჯავშანჟლეტი რომ ეპოვნათ, მე და ირაკლის რამდენ წელს მოგვისჯიდნენ და რა გაძლებდა ცხინვალის ციხეში, თუნდაც ერთი წელი.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №20