ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრება ვერ დაუმტკიცა პროკურატურამ, რაც ადრე არაერთხელ გითქვამთ „ალიაში“. თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ თაღლითობაში და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელს არ მოიხდიან, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. ეს სამწლიანი ცირკი ამით დასრულდა, პროკურატურამ თავი შეირცხვინა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, ორივენი დასაჯეს, ძალა აჩვენეს.
– ეს გადაწყვეტილება თავიდანვე პოლიტიკური იყო და სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. მიზანი იყო მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია და ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა. ამ ვერდიქტში ეს კარგად ჩანს. სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა ისეთი მუხლებით, რომელიც ბრალში საერთოდ არ იყო, იქ ლაპარაკიც კი არ იყო თაღლითობაზე და ფულის გათეთრებას აბრალებდნენ. ეს იმას ჰგავს, თქვენ რომ გასამართლებდნენ მკვლელობის ბრალდებით და ქურდობის მუხლით მოგისაჯონ სასჯელი, როდესაც ბრალში ქურდობა ნახსენებიც არ იყო, ქურდობას პროკურატურა საერთოდ არ გედავებოდათ. ეს ყველაფერი სახის შესანარჩუნებლად დასჭირდათ და ამ სახის შენარჩუნების მიზნით, მორიგი განუკითხავობა მოაყოლეს და პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში გვაჩვენეს.
– შეიძლება ითქვას, მიაღწიეს საწადელს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაციით, რაც პირდაპირ კავშირში იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებასთან.
– კი, მაგრამ მეორეს მხრივ, კარგია, რომ გარეთ არიან და უარესი დანაშული და სისულელე არ ჩაიდინა ხელისუფლებამ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს საქმე ამით არ უნდა დასრულდეს. ანაკლიის კონსორციუმი 1.5 მილიარდ დოლარს ედავება სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში და იქ პრობლემა აქვს ხელისუფლებას. გარდა ამისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეუძლიათ სამოქალაქო სარჩელი შეიტანონ ქართულ სასამართლოში და მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით. ანაკლიის პროექტს რომ თავი დავანებოთ, მათ ეს ზარალი სხვა მხრივაც მიიღეს – „თი–ბი–სი“ ბანკის მმართველობას იყვნენ ჩამოცილებულნი და იძულებით მოუწიათ ბანკის წილების გაყიდვა. ვფიქრობ, ეს უნდა გააკეთონ მათ, უნდა იჩივლონ და მოითხოვონ კომპენსაცია ზიანის ასანაზღაურებლად. სხვა ფაქტორებს თავი დავანებოთ, ორივენი პოლიტიკაში არიან და უნდა იბრძოლონ ისეთი პრეცენდენტის შესაქმნელად, რომ ამგვარი რამ ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს. ასევე, ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, რომ რეპუტაცის შელახვას არ შეარჩენენ ხელისუფლებას. ეს თუ არ გააკეთეს, შეიძლება ხალხმა იფიქროს, საკუთარი თავი ვერ დაიცვეს და ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვანო?
კომენტარები