საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ვიდეოს გავრცელების შესახებ და ზოგადად პანსიონზე თქვა:
“ჩემი პირადი პოზიციაა – მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს. შეიძლება, მე კარგად არ მესმის რა სტანდარტს გულისხმობს.
მე გეტყვით, რომ ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. პატარა ბავშვს როდესაც ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე, თუ მოგეცემათ საშუალება ოდესმე საშუალება და მათ გამოკითხავთ, რას განიცდიან როდესაც ამას ეკითხებიან, მიხვდებით რა არის რეალურად ზეწოლა მათზე.
“[ბენეფიციარების განცხადებები] საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.
აქ თითქოს იყო მძიმე დანაშაულებებზე საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო.
ამ დროისათვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა, აჟიოტაჟით, და მხოლოდ ამით არიან დაძაბულები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც. მათ შორის ბავშვები გამოკითხვაზეც არიან და პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები”
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის გასაცნობად.
სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი.
ცოტა ხნის წინ, შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ამ საქმეების ძიება გრძელდება და როგორც კი შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ვინ არწმუნებს სასულიერო პირებს, რომ ეს საქმეები არ იხსნება და არ გაიხსნება – ამ კითხვას პასუხი შსს-მ უნდა გასცეს.
კომენტარები