ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი:
“ჩვენს მთავარ დღეს – 26 მაისს – წელს ფორმალურად დამოუკიდებლები, მაგრამ შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში ვხვდებით.
შეზღუდული სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ნებისა და ინტერესების მიხედვით კი არ ვმოქმედებთ, რუსეთი, საქართველოში მისი საოკუპაციო რეჟიმის მეშვეობით, გვიწესებს, როგორ მოვიქცეთ, როგორც ქვეყანა.
ეს შედეგი ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ პიროვნულ თავისუფლებათა თანმიმდევრული შეზღუდვით დადგა. სუვერენიტეტი – ჩვენი კოლექტიური ნება – ემყარება თავისუფალ მოქალაქეობას. თუ პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები შეზღუდულია, მაშინ კოლექტიური ნება დამცრობილი და/ან გაუქმებულია.
26 მაისი არა მარტო ეროვნული დამოუკიდებლობის იდეალს განასახიერებს, არამედ პიროვნულ თავისუფლებათა იდეალსაც: ამას გვეუბნება ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და მაშინდელი მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა.
ინდივიდუალური თავისუფლებები და თანასწორობა ქრისტიანული ევროპის პირმშოა. ევროპისკენ ჩვენი სწრაფვის ისტორიული ინსტინქტი სწორედ ამას გვეუბნება: გვინდა ეროვნული უსაფრთხოება და პიროვნული თავისუფლება.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში პიროვნულ თავისუფლებებს აუქმებს და ამით დაუცველს ტოვებს ჩვენს ეროვნულ სხეულსაც. ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება მხოლოდ თავისუფალი ინდივიდების კოლექტიურ ნებას შეიძლება ეფუძნებოდეს. ესაა სწორედ არსებობის ევროპული ფორმულა, რომელიც ესმოდათ ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ მამებს.
საბედნიეროდ, რუსეთმა და მისმა საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენში ვერ ჩაკლა ეროვნული დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალურ თავისუფლებათა დვრიტა.
დარწმუნებული ვარ, მომავალ 26 მაისებს სუვერენიტეტაღდგენილები, პოლიტიკური პატიმრების გარეშე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შევხვდებით.
დიდება თავისუფლებას!
ძალა ერთობაშია!
საქართველო გაიმარჯვებს! “
კომენტარები