თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, თერაპევტი, თერაპევტ-ტრანსპანტოლოგი, სოციალურ ქსელში, ჯგუფის “stop cov აჭარა“-ს დამფუძნებელი, სოფო ბერიძე.
– სოფო, პირველ რიგში დიდი მადლობა, უამრავი ადამიანის სახელით, რომელსაც თქვენ და თქვენი ჯგუფი „stop cov აჭარა“ დაეხმარა. როდის და როგორ გაჩნდა ჯგუფის გახსნის იდეა? და აქვე მოგვიყევი ცოტა რამ თქვენ შესახებ.
– მე ვარ იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც პირველად ჩაატარა საქართველოში ღვიძლის ტრანსპლატაციის ოპერაცია და დღემდე არის ერთადერთი, ნამდვილად საამაყო და წარმატებულია გუნდი. გარდა ამისა ვარ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და გახლავართ პირველი ინგლისურენოვანი კურსის ავტორი, რომლითაც, აი, ამ წუთებში 600 უცხოელი სტუდენტი გადის სწავლებას, ასე რომ, გინდ თეორიულად და გინდ პრაქტიკულად, ნამდვილად ძალიან დაკავებული ვარ. მიუხედავად ამისა, რეზიდენტების ჯგუფთან ერთად, გადავწყვიტე ამ ჯგუფის გახსნა 2020 წლის 10 სექტემბერს. ამჯერად, ჯგუფის მართვაში მეხმარება 2 რეზიდენტი. რაც შეეხება ჯგუფის გახსნის იდეას: როცა ქვეყანაში გავრცელებული იყო ე.წ. ღორის გრიპი, კარგად ვნახეთ, რა მდგომარეობა იყო კლინიკების თერაპიულ განყოფილებებში, სადაც უამრავი მძიმე პაციენტი იწვა ვირუსული პნევმონიით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ინფექციონისტი, პანდემიის დასაწყისშივე, ადვილი მისახვედრი იყო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ სწორად არ მოხდებოდა პანდემიის მართვა. მართლია, წამყვანი კლინიცისტები, ხაზს უსვამენ იმას, რომ პანდემია ეპიდემიოლოგებმა და ინფექციონისტებმა უნდა მართონ, თუმცა, მოდი, სიმართლე ვთქვათ, პაციენტი რჩება ემერჯენსის მორიგე ექიმის და უმცროსი ექიმის პირისპირ! სამწუხაროდ, 2020 წლის სექტემბერში უკვე ღიად გამოჩნდა, რომ პანდემია იმართებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ფაქტია, როცა იყო პოლიტიკური ნება და სურვილი, პანდემია იმართებოდა კარგად და მწვანე ზონა ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრები – სამივე საზღვარი კონტროლდებოდა მკაცრად. ჩვენ გვახსოვს ჩაკეტილი მარნეული 5 ინფიცირებულის გამო, ჩაკეტილი სვანეთი 34 ინფიცირებულის გამო. შესაძლოა, რიგით ექიმს, რიგით მოქალაქეს ვერ ჰქონოდა პროგნოზი, რა შეიძლებოდა დატრიალებულიყო აჭარაში 2020 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, პაატა იმნაძეს, რომელიც ჩამოსული იყო ბათუმში, მიაწოდეს ყველა ინფორმაცია ტესტირებების შედეგებზე, ინფიცირებულთა რაოდენობებზე, კლინიკების რესურსზე და მას ნამდვილად შეეძლო პროგნოზის გაკეთება.
– ალბათ, ეს 2020 წლის ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისია, ხო? სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა ფოტო ბათუმიდან, სადაც პაატა იმნაძე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, სანაპიროზე ნებივრობს.
– დიახ, ეს ის პერიოდია და ასევე, ეს ის პერიოდია, როდესაც ინფექციურ საავადმყოფოში ჯამურად, სულ მთლიანად მკურნალობდა 30 პაციენტი და ქალბატონი მარინა ეზუგბაია, ნახევარი საათი ხსნიდა სათითაოდ ყველა პაციენტის მდგომარეობას, პარალელურად კი, აჭარაში ტურისტების უკონტროლო შემოდინების გამო, გინდ რუსეთიდან, გინდ თურქეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, ვირუსი ვრცელდებოდა და ვრცელდებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლებოდა პროგნოზი, რა მოჰყვებოდა ამას, ვერ გაეკეთებინა რიგით ექიმს, პროგნოზი შეიძლებოდა ვერ გაეკეთებინა მინისტრ ტიკარაძესაც კი, ჩემი აზრით, მას არ ეყოფოდა ამისათვის კომპეტენცია, მაგრამ პაატა იმნაძეს, ეპიდემიოლოგს, რომელიც სწორედ ამ პერიოდში იყო ჩამოსული ბათუმში და ყველა ინფორმაცია მიაწოდეს, აუცილებლად ეცოდინებოდა, სადამდე მიგვიყვანდა ეს სიტუაცია. უსაფუძვლოა იმაზე აპელირება, რომ ამით ეკონომიკას ეხმარებოდნენ, ზუსტად იცოდნენ, რომ ამის შემდეგ ვერ გადავურჩებოდით, ხანგრძლივ ლოქდაუნს და ჩაკეტვას. არადა, სწორედ იმ პერიოდში, თუნდაც 2 კვირით რომ ჩაეკეტათ აჭარა და ეკონტროლებინათ, ხანგრძლივი ჩაკეტვა საჭირო აღარ გახდებოდა და ეკონომიკაც ნაკლებად იზარალებდა. ეს ის პერიოდია, როცა საუბრობენ და საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის უცნობი, სასიკვდილო ვირუსი – რა გამოიწვია ამან? გაჩნდა პანიკა, ისტერიულად იტესტებოდნენ ადამიანები, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ბევრს ჰქონდა ვირუსი უსიმპტომოდ და ისინი ქუჩებში გადაადგილდებოდნენ ჩვეულებრივ. რაც მეტი იტესტებოდა, მით მეტად გაჩნდა ტესტების საჭიროება, გაიხსნა ლამის ყველა კუთხეში ტესტების გამკეთებელი ლაბორატორიები, დაიდგა კარვები და ტესტირებას აკეთებდნენ მეტწილად სწორედ არაკვალიფიციური ლაბორანტები – ამან თავის მხრივ ტესტების და მათი პასუხების სრული კოლაფსი გამოწვია. იდგა რიგები ტესტირების კარვებთან, რიგში ერთად იდგნენ არაინფიცირებულები და ინფიცირებულები. სწორედ ამ პერიოდში, უკვე დავიწყე საუბარი იმაზე, რომ ტესტი არ უნდა ყოფილიყო ადამიანების ჰოსპიტალიზაციის განმსაზღვრელი, არამედ, სიმპტომები და მდგომარეობა, რათა არ მომხდარიყო ჰოსპიტალების გადავსება. პანდემიამ გააშიშვლა ყველა პრობლემა, რაც ჯანდაცვის სისტემას ჰქონდა – ჯანდაცვას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას უნდა ემუშავა მოსახლეობასთან, თუმცა, ასე არ მოხდა. ოჯახის ექიმის რჩევები ხშირად იყო დაგვიანებული, ან არაეფექტური. ისტერიული მიმართვები იყო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და ამ ტომოგრაფიაზე პაციენტები გადაჰყავდა სასწრაფო დახმარებას – რამაც გამოიწვია ის, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას აღარ რჩებოდა დრო, რეალურად მძიმე პაციენტის გადასაყვანად. გაიხსნა უამრავი კოვიდსასტუმრო… დღემდე უცნობია, რამდენად სწორად ხდებოდა იქ პაციენტების მართვა. მეტსაც გეტყვით, მადააშლილი სასტუმროები, ზამთარში უკმაყოფილონი იყვნენ, პაციენტები აღარ გვყავსო… მთავარი მესიჯები – სიმპტომიანი ადამიანების იზოლაცია, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, ჰოსპიტალიზაციიდან გაწერის კრიტერიუმები, უგულებელყოფილი იქნა, არავინ აკონტროლებდა, რომ ნაცნობობით არ მომხდარიყო პაციენტთა გადაყვანა. ათასობით წერილი გვაქვს შენახული, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ პუბლიკაციის სახით, როცა პანდემია დასრულდება, ამ წერილებიდან კარგად ჩანს, რას გვწერდნენ ადამიანები, რის საჭიროება იდგა და როგორი იყო სერვისის მიწოდება. ისტორია აუცილებლად დაალაგებს ფაქტებს, აუცილებლად დადგება იმათი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა უმოქმედობასაც ამდენი ადამიანი შეეწირა, თუმცა, სამწუხაროდ, მსხვერპლებს ვეღარაფერს ვუშველით… ზუსტად ასახავდა ჯგუფში შემოსული წერილები, იყო თუ არა ადგილი კლინიკაში, მუშაობდა, თუ არა და როგორ მუშაობდა ექიმი.
– ტოცილიზუბამი – პრეპარატი, რომელზეც, არაერთი ადამიანი წერს, რომ თავად იყიდა და ძლივს იშოვნა. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ერთ-ერთი პაციენტის ოჯახს ამ პრეპარატის საჭირო დოზა 5 000 ლარი დაუჯდა, კულუმბეგოვი დასძენს, რომ აღარ უკვირს, რატომაა ასეთი მაღალი სიკვდილიანობა. სოციალურ ქსელში ადამიანები წერენ, რომ იქნებ, მისი ახლობელიც გადაერჩინა ამ წამალს, მაგრამ მათ არავინ უთხრა ამის შესახებ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ მედიკამენტით, ყველა კლინიკას უნდა ემკურნალა, თუმცა, ზოგი კლინიკა არ იყენებდა ამ წამალს და ამას ოპოზიციურად განწყობილ ექიმებს აბრალებს. უნდა ხდებოდეს, თუ არა მკურნალობა ერთი გაიდლაინით?
– მაპატიეთ, ამ შემთხვევაში, თენგიზ ცერცვაძე ოსტატურად, აკადემიურად იტყუება, ამ წამალს არ განაწილება განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ფასით და არა ოპოზიციურად განწყობილი ექიმების აზრით, ან ნათქვამით. ახლა რასაც აკეთებენ და ამბობენ – ეს ყველაფერი პინგ-პონგია. ახლა რომ მოითხოვოს ექიმმა პაციენტისთვის ეს წამალი, უამრავი ბიუროკრატიული გზა უნდა გაიაროს, უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სჭირდება პაციენტს ეს მედიკამენტი, მაქსიმალურად შეეცდებიან, კიდევ მეტად გაურთულონ დამტკიცება, რადგან მიწოდება ვერ მოხდება ამ ოდენობით, კარგად იციან. რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ ექიმებს, დიდხანს ცდილობდნენ ჩემთვისაც მოეწებებინათ პოლიტიკური სარჩული. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მომეწონება ხელისუფლების შეცდომები და ყველა პრემიერს თავისი დანაშაული მოეკითხება, ღარიბაშვილმა ხომ საერთოდ, მიშვებით, კაი ტიპობით, ხალხის მომადლიერებას გადააყოლა ნიღბების მოხსნა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არც ერთ პოლიტიკურ გუნდს არ მივეკუთვნები და საერთოდ, ვთვლი, რომ პანდემიას უნდა მართავდნენ ეპიდემიოლოგები, სწორედ ასე იყო დასაწყისში, საქართველოში პანდემიას დასაწყისში სწორედ ეპიდემიოლოგები მართავდნენ და როგორც კი მართვა გახდა პოლიტიკური – სიტუაციაც გაფუჭდა.
– ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, სიკვდილიანობა კი მაღალია, მაგრამ კიდევ გაიზრდება, რადგან ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა და ინფიცირებულთა ერთი პროცენტი, ხომ იცით, რომ სამწუხაროდ, გარდაიცვლებაო. ასეა? ანუ, იმას გვეუბნებიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მაღალი კი არაა, კანონზომიერია ინფიცირების ახალ შემთხვევებთან?
– ვერ დავრჩები ლოიალური თამარ გაბუნიას შემთხვევაშიც, რეალურად, ჩანს, რომ სწორედ ის არის მინისტრის კლინიკური მრჩეველი და მე კი მესმის, რომ სადაც კომპეტენციის ნაკლებობაა, იქ პასუხისმგებლობის ნაკლებობაცაა, მაგრამ… სწორედ თამარ გაბუნიას ხარვეზია ის, რაც დღეს ხდება, სწორედ მას ებარა პირველადი ჯანდაცვა და ის, რომ ოჯახის ექიმები ვერ ახერხებენ პაციენტების ბინაზე მართვას, მისი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა სულაც არ იცის ეს დეტალები, სწორედ ამიტომ ჰყავს მას კლინიკური მართვის კუთხით მრჩეველი, თამარ გაბუნიას სახით და მან კი ზუსტად უნდა იცოდეს რა არის სიკვდილიანობის განმსაზღვრელი, როგორ უნდა მოიქცეს სისტემა, რომ პაციენტები არ დაუმძიმდეს კლინიკაში მისვლამდე. დიახ, კლინიკაში მისვლამდე მძიმდება პაციენტების დიდი ნაწილი. რაც უფრო გვიან ხდება იმის გარკვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, მით უფრო რთული ხდება მისი მოვლა და გადარჩენა. რატომ ვესაუბრებით კერძო კლინიკებს და დაზღვევებს ენის მოჩლექით? ვინ გადაამზადა ონლაინ ექიმები? კარგად რომ ჩაეკითხოთ, არც არავინ, არარსებული გადამზადება აქვთ გავლილი, დღეს უთხრეს, რომ ონლიან ექიმები უნდა ჰყოლოდათ და ხვალ დასვეს, ასე მოხდა რეალურად. გარდა კვალიფიკაციისა, თითო ექიმს ერთ მორიგეობაზე აძლევენ 80 პაციენტის სიას, ამ 80 პაციენტს უნდა მიჰყვეს 12 დღე, ოთხი დღის მერე, მეორე მორიგეობაზე რომ გავა, ისევ მისცემენ სხვა 80 პაციენტის სიას და ასე გრძელდება….
– ანუ, 8 დღეში 160 პაციენტის სია აქვთ და 12 დღეში 240 და გამოდის, თუ 12 დღიანი შუალედით იცვლება სია, მუდმივად ჰყავთ 240 პაციენტი…
– ასე სიტყვით, ადვილი სათქმელია, ადვილად ვთქვით მეც და თქვენც და ალბათ, გაბუნიაც ძალიან სწრაფად და მარტივად იტყვის, მაგრამ რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად შეძლებს ერთი ექიმი ამდენი პაციენტის მიხედვას? სურვილი რომც ჰქონდეს, გადამზადებულიც რომ იყოს და კვალიფიციურიც, ფიზიკურად შეძლებს? მე არ ვიცი, რის მიხედვით ითვლიან ამ მეოთხე და მეხუთე ტალღას, ჩემთვის ეს არის მეორე ტალღა, ამ მეორე ტალღის დროს, მე ვეღარ ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველი ტალღის დროს მუშაობდნენ, გინდ ექიმებს, გინდ კლინიკებს და გინდ კოვიდსასტუმროებს, ზოგი გადაიღალა და ამიტომ გამოეთიშა, ზოგმა კი მართვაში დაინახა ბევრი ხარვეზი და ამიტომ ჩამოშორდა პროცესს, რაც მთავარია, მათ ამ ხარვეზების გამოსწორების სურვილი ვერ დაინახეს. ჩვენ თვეები დაგვაცადა მეორე ტალღამ, თუმცა, ტალღასა და ტალღას შორის, მაინც ვერ მოხდა ანალიზი პრობლემების. არ ხდება რეანიმატოლოგებს შორის ინფორმაციის გაცვლაც კი, არ დაიხვეწა გაიდლაინები… ექიმები გადაიღალნენ, სხვა კლინიკებში მუშაობის დროს, თუ შეგიძლია მცირედი მაინც დაისვენო, კოვიდკლინიკაში მომუშავე პერსონალი, ყავას დაისხამს და ვერ სვამს, გჯერათ?
– რა არის გამოსავალი?
– მკაცრი ლოქდაუნი, უმკაცრესი, თუნდაც 5 დღიანი, რათა მცირე ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ექიმებს. კოორდინატორების დანიშვნა რეგიონების მიხედვით, ცენტრალიზებულად ექსპერტების ჩართვა, გუნდების გადახალისება. ყველაზე მეტად უჭირს ახლა რეანიმაციას – დავზოგოთ რეანიმატოლოგიური საწოლი, ოჯახის ექიმმა დროულად უნდა გამოავლინოს პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმდება, დროულად გამოვლენის შემთხვევაში, მისი მკურნალობაც ადვილია და მდგომარეობიდან გამოსვლაც.
– სიუჟეტი იყო რეანიმაციიდან, სადაც პაციენტმა ინტერვიუც კი მისცა და წერდნენ, შემდგომ ექიმები, რომ მოლაპარაკე პაციენტს არ სჭირდება რეანიმაციაო, ასეა?
– მოლაპარაკე პაცინეტი შესაძლოა გყავდეს რეანიმაციაში, რადგან, მოლაპარაკე პაციენტიც შეიძლება რამდენიმე წუთში დასაინტუბირებელი გაგიხდეს, მაგრამ ასეთ, მოლაპარაკე პაციენტს უნდა უვლიდეს თერაპევტი და არა რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგი ამაზე არ უნდა ცდებოდეს. სხვათა შორის, ჰოსპიტალების ექიმებმა იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე ველოდით, ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. მაგრამ მათი რესურსიც ამოწურვადია. საწოლი არ არის მთავარი, მთავარი ადამიანური რესურსია. ამერიკიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ექიმს, დავით მრელაშვილს, ძალიან კარგი პროგრამა ჰქონდა შექმნილი მართვის, რომელიც მან წარმატებით დატესტა კახეთში, თუმცა, რატომღაც ამ პროგრამის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით არ მოხდა. იცის ვინმემ, რატომ? ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ყველა პაციენტს მოუაროს რეანიმატოლოგმა, უნდა მომხდარიყო და უნდა მოხდეს თერაპევტების გადამზადება, არაინვაზიური ვენტილაცია მაგალითად, თავისუფლად შეიძლება თერაპევტმა გააკეთოს. მე მესმის, თერაპევტების მხრივ, საქართველოში ისედაც ჭირდა, პანდემიამდეც და პანდემიის დროს მდგომარეობას რა შეცვლიდა, მაგრამ არც ახლაა გვიანი მათი გადამზადება, 10 დღიანი, თუნდაც ონლაინ კურსი საკმარისი იქნება. დავახმაროთ რეანიმაციებს ადამიანური რესურსი, თორემ, განა მართლა საწოლების პრობლემაა, საწოლებს ჩადგამ, მაგრამ ადამიანური რესურსია პრობლემა, ხელია პრობლემა, ძალიან მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს რეანიმაციული პაცინეტის მოვლა.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ, რამდენიმე პაციენტის ისტორია? რა თქმა უნდა, გვარ-სახელების გარეშე?
– ბევრი ადამიანი მახსენდება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება გოგონა სამეგრელოდან, რომელიც ძალიან სასოწარკვეთილი იყო. სხვათა შორის, ბევრი გვწერდა სამეგრელოდან და იმერეთიდან, მაგრამ ამ გოგონას ჰქონდა ღვიძლის და თირკმლის პრობლემა, იყო ჰემოდიალიზზე. რეფერირებული პაციენტი იყო და მოვახერხეთ მისი გადარჩენა… თუმცა, არის კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რომელიც არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან – დახმარების თხოვნით მომწერეს ადამიანებმა, ზოგი ახლობლის, ზოგი ოჯახის წევრისთვის ითხოვდა დახმარებას და სანამ მე ინბოქსამდე მოვახერხე მისვლა, სანამ მე მათი წერილები ვნახე, მათ უკვე პროფილის ფოტოდ – შავი ლენტა ედოთ… სანამ, მე მათი წერილები გავხსენი, იმ მცირე დროში, ისინი გარდაიცვალნენ… რა თქმა უნდა ყველა პაციენტი არ იყო მძიმე, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ვერ ხდებოდა სწორი კოორდინაცია, კლინიკები გადაივსო, თორემ, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს მხოლოდ ამის თქმა სჭირდებოდა: – დაიცავით იზოლაცია, მიიღეთ ბევრი სითხე, გაბერეთ ბუშტები, სიცხის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი. აი, სულ ამ 5 წინადადების თქმა იყო მათთვის საჭირო, მათ შემდეგ, რაც ტელევიზიით თვეების მანძილზე ასმენინეს, რომ ეს ვირუსი არის უცხო და სასიკვდილო… და კვირების მანძილზე ისინი ვერც ჯანდაცვაში, ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვერავის პოულობდნენ, ვინც მათ ამ 5 წინადადებას ეტყობა – აი, ეს ვერ მოახერხა სახელმწიფომ და ადამიანებიც იყვნენ აგრესიულები, დაღლილები, შეშინებულები.
– ვაქცინა გვიან შემოვიდა, პრინციპში, კი არ შემოვიდა, წიხლით შემოგვიყარა ამერიკამ. ახლა პრემიერმა ბრძანა, ისევ დავავალე ჯანდაცვას, ვაქცინების მოძიებაო, ანუ, თავდება ეს მარაგი, ხალხი კი იცრება და იცრება. პარალელურად, მეტად და მეტად აბრალებენ ანტივაქსერებს ვაქცინაციის ჩაშლას, თუმცა, რამდენად გვყავს ქვეყანაში იმდენი ანტივაქსერი, რომ ვაქცინაცია ჩაშალონ ქვეყანაში?
– რეალური ანტივაქსერები თითზე ჩამოსათვლელნი არიან და ნამდვილად ვერ ახდენენ გავლენას ვაქცინაციის პროცესზე. რას ვისმენდით მთელი 6 თვის მანძილზე – ფრთხილ მოწოდებებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მორჩა, იყო ინფორმაციული ვაკუუმი. სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის, მოშლილი რეგისტრაციის პორტალის და გარდაცვლილი ექთნის ფონზე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი…
– დიახ, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე დღემდე არ გვაქვს პასუხები, მაგრამ დავამატებ, ასევე, ასტრაზენეკას ჯერ გამქრალი, შემდეგ ნაპოვნი, მაგრამ გვერდზე გადადებული ვაქცინების ფონზე დაიწყო ვაქცინაცია და დღემდე არ გვაქვს ზუსტი პასუხი, გაფუჭდა ეს დოზები, უბრალოდ ვადა გაუვიდა თუ რა მოხდა…
– დიახ. და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, ხალხმა დაიწყო აცრა. ეშინოდათ ადამიანებს, არ ჰქონდა ბევრს ინფორმაცია, მაგრამ მაინც წავიდა და აიცრა. დღეს ვაქცინაზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. დიდი ეჭვი მაქვს, სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სალაპარაკო, რომ აი, ნახეთ რა მდგომარეობაში მიწევს მუშაობა… თუმცა, რეალურად საქართველოს არ ჰყავს ამდენი ანტივაქსერი. კი, ნამდვილად უნდა არსებობდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დაუშვებელია, დანაშაულია ვიღაცას გადააფიქრებინო აცრა, ან გაავრცელო ცრუ ინფორმაცია ვაქცინაციაზე, მაგრამ ძალიან კარგად იკვეთება, ვინ ქმნის ამინდს ქვეყანაში, ვხედავთ რა განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური ელიტა, ვნახეთ, როდის აიცრა პრემიერი. სიმართლე არის ერთი – ადამიანები გაიკეთებენ იმდენ ვაქცინას, რამდენსაც შემოიტანენ პრემიერი ღარიბაშვილი და მინისტრი ტიკარაძე
– რა უნდა გავაკეთოთ აცრის შემდეგ და რა გვეკრძალება?
– პირველი ვაქცინის გაკეთებიდან იმუნიტეტი მყისიერად არ დგება, იმუნიტეტი დგება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დაახლოებით 2 კვირის მერე, ამიტომ, დაიცავით წესები, ნუ გათამამდებით, ასევე, აცრის გაკეთების შემდეგ, ნუ გადაიღლებით, ნუ გადახურდებით, მიიღეთ ბევრი სითხე, შეუქმენით ორგანიზმს ყველა პირობა, რომ გამოიმუშაოს ანტისხეულები.
კომენტარები