აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის “ბოლო შანსია”.
ალიევი:
“წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო… სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი.
რევანშიტულმა ძალებმა, რომლებიც სომხეთში თავს პერიოდულად წამოყოფენ ხოლმე, უნდა იცოდნენ, რომ ეს (სამშვიდობო შეთანხმება) მათი ერთადერთი გამოსავალი და ბოლო შანსიც კი არის. თუ მასზე უარს იტყვიან, მაშინ ჩვენც უარს ვიტყვით ვაღიაროთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და ამას ოფიციალურად განვაცხადებთ. ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე, სომხურ მხარეს კარგად უნდა ესმოდეს, რას გამოიწვევს ასეთი ნაბიჯი”.
ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.
კომენტარები