ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გადადგა, რომლის ადგილასაც სოფლის ყოფილი მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა, დავითაშვილის ადგილი კი ოთარ შამუგიამ დაიკავა. საზოგადოება აქცენტს ნათია თურნავაზე აკეთებს, რომლის გადადგომასაც დიდი ხანია ელოდნენ. ვიცით, რომ თურნავა თავისით არსად წასულა და ის გაუშვეს მთავრობიდან. მაინც და მაინც ახლა რატომ გაუშვეს თურნავა? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია თურნავა პროკურატურაშიც იყო დაკითხვაზე და ამის შემდეგ მოხსნეს მინისტრობიდან, რადგან მან ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგენილი გუნდური თამაშის წესები დაარღვიაო. რამდენად რეალურია ეს ვერსია და რა მოხდა სინამდვილეში?
– ჩვენი მმართველობითი სისტემა ისეა სტრუქტურირებული, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შიგნით რაღაც მოძრაობებს. ეს უკავშირდება პატარა ადამიანების ტილაობას, მეფის კარზე ვიღაცა ვიღაცას ჩააჩოჩებს, ვიღაც მიდის და ვიღაც – მოდის. სისტემურად კი მაინც არაფერი იცვლება. ნათია თურნავა კი არა, რამდენიმე პრემიერ–მინისტრი გამოიცვალა ქვეყანამ ბოლო წლებში და საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეებს რომ ვკითხოთ, ყველას ვერ გაიხსენებენ. ეს ცვლილებები პირადად თურნავასთვის შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ერთ კვირაში ეს არავის ემახსოვრება. სახელებსა და გვარებში არ არის ჩვენთან პრობლემა, პრობლემაა სისტემური მანკიერება. შესაბამისად, ვინც არ უნდა წავიდეს და ვინც არ უნდა მოვიდეს, ამან შეიძლება ოდნავ უკეთესობისკენ შეცვალოს ვითარება კონკრეტულ სფეროში, ან ოდნავ გააუარესოს, რადიკალური ცვლილებები არც ერთ მინისტრზე არ არის დამოკიდებული და ამის გაკეთების უფლება მას არც აქვს. ამიტომ, მე არც კი მაინტერესებს ეს ცვლილებები. იმდენად უსახური და გადღაბნილი გახდა ჩვენი მთავრობა, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას გაუჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის ჩვენი ფინანსთა მინისტრი. სააკაშვილის სკანდალი რომ არ ყოფილიყო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, მანამდე არვინ იცოდა, ვინ იყო იუსტიციის მინისტრი, ამ სკანდალის მერე, მედია მის გვარს ატრიალებდა ყველა ბრუნვაში და ამის მერე გაიგო ხალხმა მისი ვინაობა. მე დღესაც არ ვიცი, ვინ რის იუსტიციის მინისტრი. კი მოვკარი მის გვარს ყური ტელევიზორში, მაგრამ არ მახსოვს და არც მაინტერესებს. არც ჩვენი ფინანსთა მინისტრი ვიცი, ვინ არის.
– მეტსაც გეტყვით, ბატონო გია. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა, მაგრამ სააკაშვილის „ციხის სკანდალი“ რომ დაიწყო, ერთი ტელევიზია მას ბრეგაძედ მოიხსენიებდა, მეორე – ბრეგვაძედ. საინფორმაციო სააგენტოების ერთი ნაწილიც ბრეგაძეს სწერდა, მეორე – ბრეგვაძეს. თავად ჟურნალისტებმა არ იცოდნენ, მინისტრის გვარი და ბოლოს, როგორც იქნა, შეჯერდნენ და ჩამოყალიბდნენ, რომ მინისტრი გვარად ბრეგაძე იყო.
– კი, დიდი არეულობა იყო და ეს ლოგიკურიც იყო, რადგან მანამდე თავად ჟურნალისტებმაც არ იცოდით, ვინ იყო იუსტიციის მინისტრი, ბევრმა არ იცოდა, იმიტომ, რომ უსახური პერსონაა ეს კაცი, უქარიზმო და არაფრის მთქმელი და მანამდე მისით არავინ დაინტერესებულა. სააკაშვილი რომ არ დაეჭირათ, დღესაც არ ეცოდინებოდა ჩვენს საზოგადოებას მისი ვინაობა. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე. როდესაც ერთ ადამიანზეა დამოკიდებული მთელი სისტემა, ეს ბუნებრივია. მთავრობას ისედაც არ ჰქონდა სახე, ისედაც არ იყო დაკომპლექტებული პიროვნებებით, სულ უფრო და უფრო კარგავს სახეს, ამორფულ, გადღაბნილ წარმონაქმს ემსგავსება.
“არ აღვიქვამ სერიოზულად იმას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მოძლიერდა” – გია ხუხაშვილი
კომენტარები