ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მას მიიღებენ. 24 ივნისს გადაწყდება საბოლოოდ ყველაფერი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რამე შეიცვალოს. როგორ შეაფასებთ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს?
– ხელისუფლების მხრიდან პასიურობა კი არა, პირდაპირ საბოტაჟი იყო ამ პროცესის მიმართ. მილიონი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპარლამენტარებს, ევროკავშირის ჩინოვნიკებს, უკრაინას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს. უკრაინა ეს არ არის დღეს მარტივი თემა. მსოფლიო პოლიტიკის ტრენდს განსაზღვრავს უკრაინა და ეს ძალიან კარგად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი მხრიდან იყო პირდაპირი საბოტაჟი, რაც ხდებოდა საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.
– ევროკომისიამ მოგვცა გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ და თუ შევასრულებთ, კვლავ განიხილავენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ეგ გეგმა ევროლიბერალიზაცია რომ მოგვცეს, მაშინ გამოატანეს ჩვენს ხელისუფლებას, 2015 წლის მიწურულს. 7 წელია იმ გეგმის ერთი პუნქტი არ შეუსრულებიათ და წლის ბოლომდე როგორ შეასრულებენ?
– არ არსებობს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება და არაფერს ასრულებენ. ვიდრე ევროლიბერალიზაციას მოგვცემდნენ, მანამდეც არსებობდა ეს გეგმა, ეს მოთხოვნები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ერთ პაკეტში რომ განიხილავდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად, იმ დროიდან არსებობს ეს მოთხოვნები. დღეს ეს ბევრს აღარ ახსოვს. 10 წელზე მეტია გასული თუ შეცვალეს ამ გეგმიდან რაიმე, მხოლოდ უარესობისკენ. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე გაეკეთებინათ, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სხვა და სხვა სფეროში რეფორმები გაეტარებინათ, ქვეყანა ქვეყნისთვის დაემსგავსებინათ, პირიქით, ყველა ამ მიმართულებით დეგრადაცია გვაქვს, რის შესრულებასაც გვთხოვენ. ვერაფერს იზამ, რადგან ვიმეორებ, არ აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს პირობები შეასრულოს. ხან ქვეყნის შიგნიდან, ხან ქვეყნის გარედან და ხან ორივე ერთად ანჯღრევდნენ, რომ ეს პირობები შეესრულებინათ, მაგრამ მაინც არაფერი გააკეთეს, არაფერი შეცვალეს. რაღა დარჩა? 6 თვეა ახალ წლამდე და იმის ილუზიაც კი არ მაქვს, რომ ამ მოკლე დროში რაღაცას გააკეთებენ. არანაირი საფუძველი ამისი არ არსებობს!
– ძველთან შედარებით, ევროკომისიის მოთხოვნებში მოთხოვნაა დამატებული. უფრო კონკრეტულად, ჩამატებულია ძველ პუნქტებში: «მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს…“ ჩანაწერი ნიკა გვარამიას დაჭერის მერე გაჩნდა და ასევე, მოითხოვენ 5 ივნისის მომხდარი „ძალადობის დამნაშავეებისა და წამქეზებელთა სასამართლოს უფრო ეფექტურად წარდგენით“. ეს ორივე ფაქტი ახალი მომხდარია და იმიტომ მოხვდა დასკვნაში, თორემ დანარჩენი ყველაფერი ძველია.
– კი, ბატონო, მეც ამას ვამბობ, ყველაფერი ძველია. თუმცა, ამ ორი ფაქტის გამო, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ვიდრე ადრე იყო. ხელისუფლება მიდის იმის საწინააღმდეგოდ, საითკენაც უნდა იაროს და ილუზია იმისა, რომ ახლა შემოტრიალდებიან და სხვა, სწორი მიმართულებით წავლენ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს.
– ჩვენც ვიცით და ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმაც იციან, რომ 6 თვეში ესენი არაფრის შემცვლელები არ არიან და ევროკომისიამ ეს შესასრულებელი გეგმა რატომღა მოგვცა?
– კი, იციან, რომ ესენი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ არც 6 თვეში და არც 6 წელიწადში, თუ დარჩნენ ხელისუფლებაში. ერთი მომენტია. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებში ეს ჩანდა. ისინი აპელირებენ ქართველ ხალხზე. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არა ამ ხელისუფლების ხელშიო.
– ბატონო გია, ხელისუფლება გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რატომღა აბოლებს ხალხს რომ ახლა თურმე ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მოგვცა და ეს რაღაც ახალი და წინგადადგმული ნაბიჯია?
– ეს უკვე ბოდვაა და ბოდვაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? საქართველოში თუ კიდევ არის ისეთი ბრიყვი, რომელიც ამ სისულელეს დაიჯერებს, მაშინ კიდევ უფრო ცუდად გვქონია საქმე.
კომენტარები