რეჟისორი, გუჯა ბიძია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“გუშინ, დილით, უკვე ბაღში იჯდა, ლავოჩკაზე.
როგორა ხარ, მეთქი, და
ისე ვარ, როგორც ილია, მის დასაფლავებაზე, გაჭრილ საფლავთან, სოციალ-დემოკრატებმა რო აგინესო და მისმა თანამოაზრეებმა ხმაც რომ არ ამოიღესო.
გაგიჟდებიო კაცი, როგორ შეატოვესო, ერთი სიტყვა მაინც როგორ არ თქვესო მის დასაცავად.
კარგი მეთქი, ნიკალაევიჩ, ხო იცი არ ვსვამ, ნუ გწყინს, მეთქი, და კიდევ ერთხელ ავირიდე ერთჯერად ჭიქაში ჩასხმული არაყი.
ჩემდა გასაკვირად მართლა მარტო იჯდა.
დღეს რო იმ კაცს არ გაიხსენებ, რა კაცი უნდა იყოო,
ისე თქვა, თითქოს მიზეზი სჭირდებოდა დალევაზე.
დადგა ჭიქა, და აზრზე ხარო, რომ დაცლოდაო ასე 10 წელი კიდევ, რა მოხდებოდაო,
დამოუკიდებლობას ხო მოესწრებოდაო,
სავარაუდოდ მთავრობაში ხო იქნებოდაო, სავარაუდოდ არც მთავრობა იქნებოდაო მენშევიკური, და სავარაუდოდ, 21 წელსაც ვერ გაგვასაბჭოებდაო რუსი,
ვერ გაგვასაბჭოებდნენო, და სავარაუდოდ ვერც სტალინი შეინარჩუნებდა პალაჟენიას რუსეთში, რადგან საქართველოს სსრკში ყოფნა იყოო რუსი ბოლშევიკების პოლიტელიტაში ჯუღაშვილის ყოფნის გარანტი.
სავარაუდოდ, ტროცკი იქნებოდაო გენსეკი, მსოფლიო რევოლუციაზე და სამხედრო კომუნიზმზე რო ოცნებობდაო, ლენინზე მეტი სისხლიანი, და სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომსაც რუსი დაიწყებდაო, გერმანიის მაგივრად.
აქეთ რუსეთი იქნებოდაო, იქეთ დანარჩენი მსოფლიო.
და რუსი, იასნია, კიდევ ერთხელ დამარცხდებოდაო,
და რამდენ უბედურებას გადავრჩებოდითო, აზრზე ხარო?
მაგრამ
აუცილებელი შემთხვევითობის თეორიის მიხედვით მე და შენ აღარ ვიქნებოდითო, რადგან საბჭოეთი არ იქნებოდაო, და ზნაჩეტ, იქ დაბადებული ჩვენი მშობლები ვერასოდეს შეხვდებოდნენო ერთმანეთს.
ვერ შეხვდებოდნენ, და ჯანდაბასო ჩვენი თავი, თუ ის კაცი გადაურჩებოდაო წიწამურს.
ჰა, რას იტყვიო, და კიდევ ერთხელ გამომიწოდა ჭიქა.
გოგია მეუბნება ამას, გახსოვთ, ხო,?
გიყვებოდით მასზე,
დღე რო მათხოვრობს, და საღამოს თავის კოლეგებს სუფრას რო უშლის,
ხო, პროფესიით არის ნიკალაევიჩი მათხოვარი, თორე სულით აკადემიკოსი გამოდის, ხო?.
იმ საღამოს მის სამუშაო ადგილთან კიდევ ერთხელ მომიწია გავლა.
ეს უნდა იწვეს აქ, და 150 იდიოტი პარლამენტში?”
.
კომენტარები