ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და სახელოვან წინაპრებზე მორიგ საინტერესო ისტორიას ყვება:
,,ეს ვაჟა-ფშაველას ქამარია, ჩოხაზე რომ ქონდათ შემორტყმული უწინ. ეს ქამარი ყოფილი იუნკერის, ამბროსი გორდეზიანისთვის უჩუქებია თავად ვაჟას, თელავის გიმნაზიაში სტუმრობისას. დღეს ეს ნივთი გორდეზიანების ოჯახის საკუთრებაა. ბატონმა ზაზა გორდეზიანმა, ამბროსის ვაჟმა მოგვიტანა საჯარო ბიბლიოთეკაში, გვაჩვენა და მისი ისტორიაც გვიამბო.
ზაზა გორდეზიანის ბიძა, ილიკო გორდეზიანი, თელავის გიმნაზიის დირექტორი ყოფილა. ზაზას მამა, ამბროსი, ძმას ასაკით ისე ჩამორჩებოდა რომ, უფრო შვილად ერგებოდა და იშვილა კიდეც, თელავში წაიყვანა და იქ გაზარდა. ილიკო შეძლებული და ქველმოქმედი კაცი ყოფილა. ვაჟა-ფშაველასთან დიდი მეგობრობა ჰქონია, თანაც ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა. მარტო ის რად ღირს, რომ ლევან რაზიკაშვილი, ვაჟას უფროსი ვაჟი, სწორედ ილიკო გორდეზიანის დახმარებით სწავლობდა თელავის სასწავლებელში უსასყიდლოდ. ეს ვაჟას ხელმოკლე ოჯახისთვის დიდი შეღავათი იყო. ვაჟამ თავადაც თელავში მიიღო დაწყებითი განათლება. თელავში მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ილიკოც და ხშირად სტუმრობდა ხოლმე სასწავლებელში, ლევანის სწავლის პერიოდში და მას მერეც. ვაჟას გიმნაზიაში მისვლა, მოსწავლეებისთვის დიდი დღესასწაული ყოფილა. ბავშვები შემოეხვეოდნენ ხოლმე ჟივილ-ხივილით, ყველას უნდოდა მგოსანთან შეხვედრა და მისი გაცნობა. ილიკო გორდეზიანის პატარა ძმა, ამბროსი ბუნებრივია ამ სასწავლებელში სწავლობდა. ამბროსი, თავისზე 10 წლით უფროს ლევან რაზიკაშვილს კარგად იცნობდა, მაგრამ მისი მამა, სახელგანთქმული მგოსანის, ვაჟა-ფშაველას გაცნობა ოცნებად ჰქონია.
ერთხელ, ამბროსი გორდეზიანი და მისი მეგობრები, სასწავლებლის ეზოში ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და ვერც შეამჩნიეს, როგორ შემოვიდა სასწავლებელში ვაჟა-ფშაველა. ის თავის მეგობართან, ილიკოსთან შესულა კაბინეტში, დიდ ხანს უსაუბრიათ, მერე მასპინძელს უთქვამს, ჩემს პატარა ძმას შენი გაცნობა ოცნებად აქვს და უნდა დავუძახოო. ამბროსი თანატოლებთან ჭიდაობით კარგად ნაგორავები შესულა დირექტორ ძმასთან. ბიჭებთან ძიძგილაობაში შარვლის შესაკრავი გაწყვეტია და ოთახში რომ შეირბინა , შარვალი ორივე ხელით ეჭირა თურმე, არ გამძვრესო. ილიკომ სტუმარს თავისი ძმა წარუდგინა. ვაჟამ გაიწია ბიჭისკენ, ხელი გაუწოდა, ერთმანეთი გავიცნოთო. დაბნეულა ამბროსი, ვაჟასთვის ხელი რომ ჩამოერთმია, შარვალი გასძვრებოდა და რა ექნა, იდგა და მისჩერებოდა სტუმარს. უფროსებმა მოიკითხეს რა დაგემართაო და მიზეზი რომ გაიგეს, ბევრი იცინეს. ვაჟას იმ წუთას შეუხსნია ჩოხაზე ქამარი და პატარა ამბროსისთვის უჩუქებია. მას მერე ეს ქამარი გორდეზიანების ოჯახში ინახება, როგორც რელიქვია, როგორც დიდი პოეტის სახსოვარი.
ზაზა გორდეზიანმა მე, ჩემს მამიდაშვილს, მანანა სამაშვილს და რაზიკაშვილების ბიოგრაფიის მკვლევარს, არჩილ ღიბრაძეს, კიდევ უამრავი საინტერესო ამბავი გვიამბო რაზიკაშვილების და საქართველოს ისტორიიდან. ყველაზე საინტერესო ლევანის, ქაქუცას და იუნკერ გორდეზიანის ურთიერთკავშირია აჯანყების ერთერთ ეპიზოდში… მაგრამ ჯერ ეს იყოს… დანარჩენს მერე მოგაწვდით, კარგად შესწავლისა და ბიოგრაფიების შედარების შემდეგ.”
კომენტარები