პირველ იანვარს მეგობრები ქალაქგარეთ წავედით, მასპინძელთან უკვე შიშხინებდა მწვადები, მეორედ „ცივდებოდა“ საცივი და მესამედ ცხვებოდა ხაჭაპურები. კარგი დრო გავატარეთ, ცოტა დავლიეთ, ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ, ზოგმა იმღერა, ზოგმა იცეკვა და რაკი, 2 იანვრის, „ბედობის“ შეხვედრას სახლებში ვგეგმავდით, საღამოს წამოვედით კიდეც თბილისისკენ. თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ ერთმა არ შეჰყვირა: – ვაიმე, ზღარბი და მძღოლმა საჭე მკვეთრად არ გადაატრიალა. ზღარბი გადარჩა, ჩვენც უვნებლები ვიყავით, მანქანაც არ დაზიანებულა თითქოს, მაგრამ ტალახში ჩაფლულნი აღმოვჩნდით. ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან. ვის გინდა დაურეკო, ერთადერთი ფხიზელი მეგობარი მანქანაში გვიზის.
–ნიჩაბი რომ გვქონდეს, მე ვიცი, როგორ უნდა ამოვიყვანო მანქანა, ნანახი მაქვს – თქვა ერთმა.
–მოდი, ნიჩბის ფორმის ტოტი მოვძებნოთ, – არ მახსოვს პირველმა ვინ თქვა, მაგრამ თქმა და საქმე ერთი იყო, შევესიეთ ტყეს. ნიჩბის მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ, მაგრამ რაც ვიპოვეთ, იმითი ვცდილობდით ბორბლების გათავისუფლებას ტალახისგან და რაც მეტად ვცდილობდით, მით მეტად ვეფლობოდით, აშკარად.
–უნდა მოაწვეთ! – ისეთი ხმით გვითხრა მძღოლმა, შეპასუხებასაც ვერ გავუბედავდით, თან ის ერთადერთი ფხიზელი იყო, გარდა მეგობრის თინეიჯერი შვილისა, ჩვენ შორის და დაეჯერებოდა. მიწოლამ მანქანა ვერ ამოიყვანა ტალახიდან, მაგრამ ჩვენ კი შევთბით, ცოტათი.
–ბორბლები უნდა დავუშვათ, მაგრამ…
–მაგრამ?
–ზედმეტი თუ მოგვივიდა, „დაგვერხევა“, – ომახიანად დაწყებული წინადადება ჩუმად დაასრულა.
–პირველში გადაყვანა სცადე? – იმედით იკითხა მეორემ და ყველანი მძღოლს მივაჩერდით, უხმოდ დაგვიქნია თავი.
–უნდა გავიხადოთ! – დაიჭყლოპინა მესამემ, და ჩვენი ხმამაღალი სიცილის გადასაფარად, ხელების ქნევით ყვიროდა – არა, არა, ეგ არ მიგულისხმია, ქურთუკები უნდა გავიხადოთ და ჩავუფინოთ, მინახავს, ასე ამოჰყავთ. და ყველას გაგვახსენდა, რომ კი, მართლა გვინახავს ასეთი რამ, ფილმებში. მხოლოდ ერთმა ვერ გაიმეტა ახალნაყიდი ქურთუკი, სამაგიეროდ, კაშნე და სვიტერი შემოგვწირა და მძღოლის პროტესტის მიუხედავად, სულ სიცილ–კისკისით ჩავუფინეთ ბორბლებს ქურთუკები და პალტოები.
–მოდი, დავგუგლოთ! – თქვა ჩვენ შორის ყველაზე ნასვამმა და სხვა ვერსია მაინც არ გვქონდა. ერთ–ერთ საიტზე ვნახეთ, რომ ჯალამბარი შეიძლება ააწყო ხელით – ჯოხებით, თოკებით და ისე რთულად გვეჩვენა წაკითხვაც კი, ცდას აზრი არ ჰქონდა.
–არქიმედეს ხრახნი გააკეთეთო – ამოგვძახა ტელეფონიდან ერთმა, მაგრამ ჯალამბარი ხომ ავაწყვეთ და…
–პროფესიონალები რომ გამოვიძახოთ? – გვესმის მეგობრის თინეიჯერი შვილის ხმა მანქანიდან.
არაპროფესიონალები უცებ მოვფხიზლდით, კი, იდეაა, მაგრამ ვინ პროფესიონალი? – მამუკა მთვრალია, ვანო თამადად დავტოვეთ, გოჩა 200 კილომეტრითაა დაშორებული ჩვენგან, ვინ გვყავს კიდევ პროფესიონალი? ვის ვიცნობთ პროფესიონალს?
–არა, ევაკუატორი ვიგულისხმე, – გვიპასუხა მოზარდმა და მოგვეჩვენა, რომ იღიმოდა.
–ეგ როდის მოვა? ნეტა რა ღირს? სანდოა? ვინმემ იცით რომელიმე ევაკუატორის ნომერი? ვის გიწერიათ? ვინ გვყავს ევაკუატორებში?, – კითხვებს ვაგებებთ ერთმანეთს.
–ინტერნეტში ვარჩევ უკვე, რამდენი სერვისი ყოფილა, საწვავის მიტანა, პროფილაქტიკური დახმარება, აკუმულატორების ადგილზე მიტანა, ნასვამი მძღოლის სერვისი, საბურავების შეცვლა, ავარიის დროს გამოძახება, ტრანსპორტის გადატანა, მძიმე ტვირთის გადატანა, ავტოდილერებისთვის, როცა რამდენიმე მანქანის გადატანა გინდა.
–ჩვენ რომელი ვართ? ავარია ვუთხრათ? რა ვუთხრათ? რომელი ევაკუატორი გვჭირდება? – ცალ ფეხზე ხტუნვით გათბობას ცდილობს ერთი და ყოველი ახტომისას ახალ კითხვას სვამს.
–ოპერატორს ავუხსნით დაწვრილებით ყველა დეტალს და თავად გადაწყვეტს, რომელი ევაკუატორი გვჭირდება. მისამართი ზუსტად უნდა ვუთხრათ…
–მისამართიო, სად ვართ? სადღაც ხომ ნამდვილად ვართ? სადღაც აუცილებლად ვიქნებით!; ცის მიხედვით ადგილმდებარეობის გამოცნობა ვინ იცის?; ვარსკვლავები რომ იყოს და პირველი იანვარი რომ არ იყოს, ცაგარელს დავურეკავდით; ხეები, ხეებს ჩრდილოეთის მხრიდან უნდა ჰქონდეს ხავსი მოკიდებული, უნდა ვნახოთ ხეები – კი, ეგაა და ის იყო, ტყისკენ დავიძარით…
–უკვე მოვძებნე ჩვენი ლოკაცია, მაგრამ ჯერ ვარჩევ, ვის დავურეკოთ, – ტელეფონიდან თავაუწევლად გვპასუხობს.
–რა ნიშნით უნდა ავარჩიოთ? – იმედი გაგვიჩნდა ხმაში.
–საიტი ვიპოვე, სადაც ბაზაა ევაკუატორების და გამოცდილი მძღოლების, ზოგი უკვე გამოვრიცხე, რადგან რამდენიმე მხოლოდ რიკოთი–ხაშურის მონაკვეთზე მუშაობს…
–არაა, არ წაშალოო, იყვირა იმან, ვისაც წელიწადში ყველაზე ხშირად უწევს რიკოთის მონაკვეთის გავლა, შემინახე მაგისი ნომერი…
–აქედან ვერ წავშლი ისედაც, სულ აქ იქნება, როცა უნდა შეხვიდე, ლინკს მოგცემთ მერე ყველას. ახლა კომენტარებს ვნახულობ.
–კომენტარებს?
–ხო, მომხმარებლები ტოვებენ კომენტარებს, ვისი მომსახურებაც მოეწონათ, იმათთან და კიდევ, ფასებს ვნახულობ. ელექტრონული გვინდა, თუ ჰიდრავლიკური?
ერთმანეთს გადავხედეთ უსიტყვოდ. მერე ზოგმა ცისკენ ავატრიალეთ საქმიანად მზერა, ზოგმაც ტყეს გავაყოლეთ თვალი…
–ორივეს ამწეობა ორნახევრიდან 7 ტონამდე მერყეობს, ელექტრო ჯალამბარს ძრავის გაუმართაობის დროსაც შეუძლია მუშაობა და ესაა მისი უპირატესობა, მაგრამ მექანიკური ჯალამბრის წევა სამაგიეროდ, გაცილებით დიდია. ჰიდრავლიკური ჯალამბარი უმეტესად დიდი მანქანების ჩამოსატვირთად გამოიყენება. აჰა, ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი, სულ ერთია.
–ხო, სულ ერთია, კი, – ერთხმად შევძახეთ.
–სრული, თუ ნაწილობრივი? – კითხვა დასვა და პასუხიც თავად გასცა, – ნაწილობრივი დატვირთვისას მანქანა მხოლოდ ერთი წყვილი ბორბლით თავსდება პლატფორმაზე, ამიტომ ნაკლებად უსაფრთხოა და განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება, სრული დატვირთვის მოდელებს კი სტაციონარული და მოცურების პლატფორმების სისტემები აქვს, სტაციონარული არ მოძრაობს და საერთოდაც, რაც მეტი პანდუსი აქვს ევაკუატორს, მით მარტივია ავტომობილების ჩატვირთვა, მოცურების პლატფორმის დახმარებით, რამდენიმე მანქანის გადაყვანაა შესაძლებელი. ავარიისას, ან მანქანის გაუმართაობისას შეუცვლელია ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორი. თუ ამწე და სატვირთო პლატფორმა ექნება ევაკუატორს, სწრაფად შეძლებს გინდ ახალი მანქანების ტრანსპორტირებას და გინდ მანქანის თხრილიდან ამოყვანას….
–მოიცა, ეგაა, თხრილიდან ამოყვანაო, ხოო, თხრილში ვართ, ეგ გვინდა, ეგ, ბოლო, – შევყვირეთ.
ვიდექით 5 ადამიანი მართვის მოწმობებით, აქედან, ერთი ფხიზელიც კი, 5 ადამიანი მანქანის ტარების გამოცდილებით და ვუსმენდით, როგორ არჩევდა და ურეკავდა ჩვენი მეგობრის თინეიჯერი შვილი ევაკუატორებს, თან მამამისს, მხარზე ხელს ვადებდით, ნიშნად იმისა, ის ურჩევნია მამულსა, შვილი სჯობდეს მამასაო და მჯიღი ისე ამოისვა ორივე თვალში, ცოტაც და სიამაყის ცრემლი წამოსცვივდებოდა. მძღოლმაც ამოისუნთქა და, – ღვინო გვაქვს საბარგულშიო, მეორემ, – კონიაკიც მანდააო და მესამემ, მანქანაში ერთჯერადი ჭიქებიც უნდა გვქონდესო და იმ ცივ საღამოს, ტალახიანებმა, თითქმის სველებმა, დაღლილებმა, ტყის პირას ამაყად დავლიეთ იმისი სადღეგრძელო, ვინც პირველ იანვარს გზაში დარჩენილი ადამიანის საშველად და სახლში დასაბრუნებლად წავა.
ახლა ყველას გვაქვს ევაკუატორების ბაზის ლინკი ტელეფონებზე და ყველას გვიწერია 5 ახალი ნომერი – ევაკუატორი ობობა, ევაკუატორი რიკოთი, ევაკუატორი პირველ იანვარს გვიპასუხა, ევაკუატორი 2 იანვარს გადმოგვირეკა, ევაკუატორი ჯიგარი და იაფი.
–სწრაფად მოვიდა? – რა გითხრათ, მხოლოდ 3 სადღეგრძელოს თქმა მოვასწარით.
–ძვირი დაგვიჯდა? – გაფუჭებული ქურთუკების, პალტოების ფასს თუ დავამატებთ და ორი კარგა გვარიანად გაციებული მეგობრის წამლების საფასურს, ძვირი გამოდის, კი, ცალკე აღებული მომსახურება, არც ისე, თან, როცა ერთიანი ბაზაა ევაკუატორების და კონკურენციაა, ყველა ფასიანის პოვნა შეგიძლია.
ჩვენი მეგობრის თინეიჯერ შვილს არც ერთი ევაკუატორის ტელეფონის ნომერი არ ჩაუწერია, არც საიტის ლინკი შეუნახავს, ნებისმიერ დროს შემიძლია ამ საიტის და ევაკუატორების ბაზის პოვნა და თან მუდმივად მზარდია, ემატება ახალი განცხადებები და ნომრები რატომ ჩავიწეროო, – გვეუბნება და დანაპირებს გვახსენებს: – შემდეგში წინა სავარძელზე მე ვჯდები, ხომ?
2024 წელს, სწორედ პირველ იანვარს მივხვდი, რომ ამდენი ათეული წელი ტყუილში მიცხოვრია, მთავარი სულ არ ყოფილა ერთმანეთს უპრობლემო ცხოვრება ვუსურვოთ, მთავარი ყოფილა, პრობლემის სწრაფად, ეფექტურად გადაჭრა ვინატროთ, მით უფრო, რომ პრობლემებს სადღეგრძელოებით და ჩაფიქრებებით მაინც ვერ გავაქრობთ. როგორც უკვე ვიტყოდი, პრობლემები მიდიან და მოდიან და გამოცდილება რჩება, ამ კონკრეტული ისტორიის მიხედვით, ჩემ შემთხვევაში – ჩემი გამოცდილება და იმედია, თქვენ შემთხვევაშიც, ისევ – ჩემი.
კომენტარები