ევროკავშირის წარმომადგენლობა ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარი 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ევროკავშირი საქართველოს ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათი მიზანი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების, “ღირსების მარშის” ჩაშლა იყო.
ძალადობამდე რამდენიმე წუთით ადრე განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არა მოძალადეებს, არამედ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მიმართა და ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა.
საბოლოო ჯამში, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს, მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა; მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისები, თბილისი პრაიდს კი, უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.
კომენტარები