ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული მიმდინარე სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშებში ისაუბრეს სამართალდარღვევების შესახებ საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის განმავლობაში. ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხელყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და დადგენილი დარღვევების აღმოფხვრას. ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებსაც ველოდებით ევროკავშირის კანდიდატისგან. ეს ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების დაცვა აუცილებელი პირობაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესისთვის. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“, – ნათქვამია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარტინ დვორაკი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარი ბერე, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ანა ლიურმანი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი იოაკიმ სტრანდი, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ დელეგატი ბენჟამინ ჰადადი, ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ჯენიფერ კეროლ მაკნეილი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ქსავიე ბეტელი, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი ადამ შპალკა, ევროპულ საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ინეშ დომინგოსი, შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იესიკა როსენკრანცი.
კომენტარები