„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
“ევროკომისარმა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარა – ევროკავშირის მიერ თითქმის ოთხი მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი თანხა. ეს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ტექნოლოგიებში, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებში. მთლიანობაში, დაახლოებით 20 მლრდ ევროს პაკეტია დამტკიცებული პოსტპანდემიურ პერიოდში, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.
ამავე დროს, ევროკომისართან იმაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვისა და იმის გამო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ ხორციელდება ისე, როგორც იქ არის გაწერილი და აქ ევროკავშირის, ამერიკისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, რომ მოსამართლეების პროცესი ხორციელდება დარღვევით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ გუშინწინ, ძალადობრივი ჯგუფები ქუჩებში არბევდნენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს, მათ დააზიანეს ჟურნალისტები და ამას პოლიცია აკვირდებოდა, არანაირი გადამჭრელ ზომებს დღის პირველ ნახევარში არ იღებდა, რამაც განცდა დატოვა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ბრძანება, ასეთი ძალადობრივი აქტები აღეკვეთათ.
ვნახეთ, რომ ევროკავშირის სახით გვყავს უახლოესი და უერთგულესი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, მოქალაქეებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დეკლარაციები კი არ იყოს საქართველოს მხრიდან და რასაც ხშირად ვისმენთ მმართველი გუნდისგან, რომ საქართველოს ამოცანაა, გახდეს, ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი და ეს არის ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ევროკავშირის დროშის ფეხქვეშ გათელვა, დაწვა მოხდა და ეს არის სამარცხვინო ფაქტი, არაცივილიზებულობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და ხელისშეშლა ვერ ვნახეთ, რაც დამაზიანებელია. დროშის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა, ეს იყო არაცივილი გამოხატულება და ანალოგიური შეხედულება აქვს ევროკომისარს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები