ქვეყანაზე მარადიული არაფერია. შესაძლოა ოდესღაც ევროპასა და რუსეთს შორის მოიხსნას დაძაბულობა, მაგრამ საქართველოსთვის ევროპას ალტერნატივა არა აქვს – აცხადებს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
დავით მაღრაძის აზრით, ურთიერთობა ჩვენს კეთილისმყოფელ ნებისმიერ სახელმწიფოსთან უნდა გავააქტიუროთ, ოღონდ არავასალური ფორმით, თანაბარ პირობებში.
მისი თქმით, ამ მხრივ მოწინავე აღმოჩნდა ევროპა, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი და სასარგებლოა საქართველოსთანა ქვეყნისთვის, რომელსაც ზესახელმწიფოს ამბიცია არა აქვს.
“ევროპასთან თანაბარი, თანასწორი, არავასალური ურთიერთობა პირადად ჩემთვის მათი ოჯახის წევრობის სურვილს უფრო ამძაფრებს. საქართველოს ისტორიულად ძლიერი ქვეყნების გარემოცვაში უწევდა ყოფნა. ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობდა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპა, ევროკავშირი, სადაც შევალთ როგორც საქართველო. საქართველო თეოკრატიული სახელმწიფო არ არის და არც მინდა ვიყოთ, არც ტრადიციული ან არატრადიციული რელიგიის ქვეყანა. იმ პრობლემების, რომლებსაც “ანტიმედასავლეთეები” იყენებენ და რაც ნამდვილად არის ევროპაში, ისევე როგორც მსოფლიოში, აღმოფხვრა შეიძლება.
ევროპა ყოველთვის ერეოდა პრობლემებს და ახლაც ასე იქნება. ამან მისკენ სავალ გზას არ უნდა დაგვაცილოს. ამ სივრცეში ბევრი სხვა პრობლემა ყოფილა, მაგრამ მოგვარებულა. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი პრობლემა მისთვის საბედისწერო არ ყოფილა, ყოველთვის იმარჯვებს ჯანსაღი აზრი, თავისუფალი ხედვა. თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ევროპაში გადარჩენილია ინსტიტუციები, რომლებიც თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან და ჯალათს, მსხვერპლად ვერ შეასაღებ. კიდევ ერთხელ, ეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ქართველი საზოგადოების არჩეული ევროპული გზა სწორი და უალტერნატივოა,” – ამბობს დავით მაღრაძე.
აქვე დავით მაღრაძე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობა განათლებას იღებს იქ, სადაც ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური სწავლის მიღების პერსპექტივა აქვს.
“ქვეყნის მომავალს ახალგაზრდობა განსაზღვრავს, ოღონდ მას შემდეგ, რაც სწავლა-განათლებას დაასრულებს, ახალგაზრდული ჟინი ვეღარ ერევა და სიმწიფის, დაღვინების ასაკში შევა. ასაკს მოაქვს გამოცდილება, გამოცდილებას კი სიბრძნე. როდესაც ახალი თაობა სიბრძნეს ეზიარება, შემდეგ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სად მიიღებს განათლებას, რათა იქ დაგროვებული ცოდნა-გამოცდილება თავის ქვეყანას, მის მომავალს მოახმაროს. ევროპული განათლება, ვფიქრობ, უალტერნატივოა“
კომენტარები