26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები არ წყდება ბრიუსელიდან. ევროპარლამენტარები ეხმაურებიან ევროკომისიის განცხადებას, რომ ვერ გასცემენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციას იქამდე, ვიდრე ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, არ დაუბრუნდება პროევროპულ გზას და უკან არ გაიწვევს ე.წ უცხოეთის აგენტების, ასევე ოჯახური ღირებულებების კანონებს და არ გამოიძიებს საარჩევნო დარღვევებს.
როგორც “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, მისთვის ნათელია, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი, რომელზეც აქამდე გამუდმებით ისმოდა, რომ ქართველებისთვის ღია იყო, ახლა იხურება.
“დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა”,- ამბობს ევროპარლამენტარი.
კომენტარები