ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც Facebook-ზე ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა.
საავადმყოფოს მიერ გავრცელებული განცხადება:
“ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში, სადაც გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი მედპერსონალი წელიწადზე მეტია, 24-საათიან რეჟიმში იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას”
კლინიკის მედძმამ ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა, რომელშიც ის ვაქცინის არაეფეტურობაზე საუბრობდა. ასევე აკრიტიკებდა აცრილ ექიმებს.
ვიდეო Facebook-მა მონიშნა ცრუ ინფორმაციად.
კომენტარები