ბესო შეროზია, სოციალური ქსელით, ადვოკატ ირმა ჭკადუას ეხმაურება და წერს:
“მინდა გამოვეხმაურო ირმა ჭკადუას მიერ ერთ-ერთი ტელევიზიაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის წინ, სადაც ზუგდიდის გუნდი, ბოლნისის „სიონს“ ხვდებოდა, წინა დღით მეგის ქარდავამ მე, ბესო შეროზიას, საფლავი გამათხრევინა და მითხრა, თუ ბოლნისელებთან თამაშს ვერ მოვიგებდი, ეს ჩემი საფლავი იქნებოდა.
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ზემოხსენებულ ინციდენტს ჩემთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია.
2010 წელს, მე ზუგდიდურ გუნდთან შეხება საერთოდ არ მქონდა, ვინაიდან გახლდით ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელი (ინფორმაციის გადამოწმება თავისუფლად შესაძლებელია).
2009 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ ვმოღვაწეობდი ზუგდიდურ კლუბში – ისეთი დონის იურისტისგან, როგორიც ქალბატონი ირმა გახლავთ, ასეთი გადაუმოწმებელი ფაქტების გაჟღერება და მითუმეტეს, მეორე მხარისთვის შეურაცხმყოფელი, არარსებული დეტალის მოყვანა, მის არაპროფესიონალიზმს უსმევს ხაზს.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მხოლოდ ზუგდიდი არა, მთელი საქართველო კარგად მიცნობენ და ყველამ იცის არავის მივცემ უფლებას შემილახოს ღირსება და თავმოყვარეობა.”
“ალია” დაუკავშირდა ირმა ჭკადუას საადვოკატო ბიუროს კომენტარისთვის, სადაც გვითხრეს:
“ინფორმაცია, 2009 – 2010 წლებში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მეგის ქარდავას მხრიდან გახორციელებულ ზეწოლას, ზუგდიდის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელზე, ჩვენ მივიღეთ იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც უშუალოდ მოუთხრო ეს ამბავი არა ერთხელ, თავად ბესო შეროზიამ.
მას შემდეგ, რაც ბესო შეროზიამ გამოთქვა პრეტენზია, ამ ისტორიის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რომელ წყაროებზე დაყრდნობით გავაჟღერეთ ეს ფაქტი, შევთავაზეთ შეხვედრაც ამ ადამიანებთან, კერძოდ, მისი გუნდის ყოფილ წევრებთან, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.”
კომენტარები