2 ნოემბერი ღირსი მამის, აღმსარებელისა და სალოსის, არქიმანდრიტი გაბრიელის ხსენების დღეა…
და მაინც, ვინ იყო გაბრიელ ბერი, რომელმაც 25 წელი სასაფლაოზე გაატარა, 15 წელი კი იმათხოვრა… 2003 წელს “ალიას” ყოველკვირეულმა გამოცემამ – “კვირის ქრონიკამ” სააღდგომო ნომერი მთლიანად მამა გაბრიელს მიუძღვნა. თითქმის 20 წლის წინათ უამრავი გაუხმაურებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევაგროვეთ, რომელიც დღეს, როდესაც გაბრიელ ბერი უკვე წმინდანადაა შერაცხული, გაცილებით საინტერესო წასაკითხია.
ვინ იყო მამა გაბრიელი და როგორ გახდა ბერი
გაბრიელ ბერი, საერო ცხოვრებაში _ გიორგი (ვასიკო) ვასილის ძე ურგებაძე _ დაბადებიდან ღვთისგან გამორჩეული იყო, ყოვლად ბრძნად დაბადებული და მოწოდებული ღვთის მსახურებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშორდებოდა ღვთისმსახურების გზას, რადგან გაბრიელ ბერის მამა იყო ძლიერი და მტკიცე კომუნისტი. მისი ხელმძღვანელობით დაანგრიეს ეკლესია და მის ადგილას კინოკლუბი ააშენეს. ის ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობას ოჯახშიც კრძალავდა. მეუღლე გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ბავშვების ჩუმად მონათვლის შემთხვევაში ოჯახს დაატოვებინებდა და შვილებსაც არ დაინდობდა.
მამა გაბრიელზე რამდენიმე წლით უფროსი ძმა, მიშიკო, რომელსაც მეტსახელად “ორთავას” ეძახდნენ, ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, რომელიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქურდულ სამყაროში.
მიუხედავად მსგავსი გარემოცვისა, მამა გაბრიელი პატარაობიდანვე გამოხატავდა იმას, რაც ღვთისგან თავიდანვე იყო მასში ჩადებული. ოჯახის წევრები იხსენებენ: “პატარა ვასიკო (ასე ეძახდნენ მას ბავშვობაში) წლისა და სამი თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იმ დროს უკიდურესად ავად და სუსტად იყო. მისი გადარჩენის იმედი აღარ გვქონდა. მოულოდნელად კი, უცებ, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა. ვასიკო პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან. მათთან თამაშის ნაცვლად ხშირად თავისთვის ქვიშაზე ეკლესიებს გამოსახავდა. შიგნით ანთებულ ასანთის ღერებს ამაგრებდა და იძახდა, ესენი სანთლებიაო. ძალიან გვიკვირდა, საიდან ამსგავსებდა ეკლესიას, როცა ნანახიც კი არ ჰქონდა. ზოგჯერ საღამოობით ვასიკოს ხელით აწეული ჯოხის წვერზე ღამურები შემოაფრინდებოდნენ ხოლმე და ასე დაარბენინებდა ღამურების გროვას.
12 წლისა ერთ ღამეს ეზოში იწვა და ცას შეჰყურებდა. ამ დროს თავზე დასდგომია დიდი რქიანი ეშმაკი, შუბლში თითი ჩაურტყამს და უთქვამს: “ზევით რას იყურები შე, მამაძაღლო, მეტი აღარ გაბედოო”, და ამას არავინ უჯერებდა.
ერთხელ მეზობლად უპატრონო ბავშვი გარდაიცვალა და გაუგებრობით მეზობლებმა ორი კუბო მოიტანეს. ერთი, გადაგდების ნაცვლად, რატომღაც, სიჩქარით სახლის სხვენში შეინახეს. პატარა ვასიკო თურმე ხშირად ადიოდა იქ, კუბოში წვებოდა და სახურავსაც იფარებდა. ერთხელაც მეზობლის ქალი სხვენზე იმ დროს ავიდა, როცა ვასიკომ კუბოდან ამისვლის მიზნით მისი სახურავი გადასწია. ქალი შიშისგან გაფითრებულა. როცა ამის შესახებ გავიგეთ, კუბო გადააგდეს და შეშინებულებს გვიკვირდა _ როგორ ბედავდა შიგ ჩაწოლას პატარა ბავშვი, როცა ამას დიდიც კი ვერ გააკეთებდა”.
ოჯახის წევრები, აგრეთვე, იხსენებდნენ, რომ ვასიკოს არ უყვარდა სასკოლო საგნების სწავლა (დაამთავრა 84-ე სკოლის ექვსი კლასი), მაგრამ ძალიან უყვარდა სახლში სხვადასხვა წიგნის კითხვა. ერთხელ პატარა ვასიკოს მეზობლის ნათქვამი გაუგონია, _ რა ქრისტესავით ჯვარზე გამაკარიო. უკითხავს, ვინ იყო ქრისტე და რატომ გააკრეს ჯვარზეო. აქიდან გაუგია, რომ არსებობს წიგნი, რომელშიც ქრისტეს ცხოვრება წერია. ამის შემდეგ ნატვრადქცეული სახარების შეძენა და წაკითხვაც უჩვეულოდ მომხდარა. 12 წლისას ბაზართან მოხუცებული კაცი დაუნახავს, რომელიც მაგიდაზე დაწყობილ რამდენიმე წიგნს ყიდდა. ვასიკო მიახლოებია და უკითხავს, სახარება ხომ არ გაქვსო, მოხუცს უპასუხია, _ ერთი მაქვს და მოგყიდიო. ვასიკოს შეწუხებით უთქვამს, მე მხოლოდ 7 მანეთი მაქვს შეგროვილიო. ჰოდა, მეც სწორედ ეგრე ვყიდიო, უპასუხია მოხუცს. გახარებულ ბავშვს წიგნი გამოურთმევია, გულში ჩაუხუტებია და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მოუხედავს მადლობის სათქმელად. მაგრამ იქ აღარც მოხუცი მდგარა, აღარც წიგნებიანი მაგიდა… როცა სახარება სახლში მიიტანა, დედამ ტუალეტში ჩაუგდო. პატარა ვასიკომ მოახერხა ტუალეტში ჩაძრომა, ამოიღო, გარეცხა, გაწმინდა და სახლიდან გაიქცა. მისი ნაამბობიდან ვიგებთ: “საით გავრბოდი, თვითონაც არ ვიცოდი, ან რა ძალა მიმარბენინებდა. მცხეთაში რომ შევედი, ძაღლები გამომეკიდნენ. 20-25 ძაღლი მომდევდა. სვეტიცხოველთან ალყა შემომარტყეს, სახარება სახეზე ავიფარე, რომ სახე მაინც გადამერჩინა. ძაღლებმა ყეფა შეწყვიტეს, წაქცეულს ირგვლივ შემომერტყნენ და იმ სიცივეში ისე გამათბეს, რომ ჩამეძინა. დილით ძახილმა გამაღვიძა: “პართენ, პართენ, მოდი აქ, რა გაჩვენო. მე და შენ როგორ ვცხონდებით, მე და შენ ბუმბულებში გვეძინა, ხოლო პატარა ბავშვს ქვაზეო”. შემიყვანეს სვეტიცხოველში, ორი ღამე გამათევინეს და მერე შიო მღვიმეში გამიშვეს. კომუნისტების ბრძანება იყო პატარა ბავშვების არმიღებაზე მონასტერში. სვეტიცხოვლიდან ფეხით წავედი შიო მღვიმეში. გზაში დამიღამდა. მგლების ყმუილი რომ გავიგე, ხეზე ავძვერი და მთელი ღამე იქ გავატარე. დიდი კი არ ვიყავი, 12 წლისა. იქაც მხოლოდ სამი ღამე გამათევინეს. იქიდან ზედაზენზე წავედი, იქ ბერებმა სამი დღის შემდეგ ტყეში ლიანებისგან ჰამაკი დამიწნეს და ასე ვცხოვრობდი იქ მონასტრის გვერდით, მარტოდმარტო მთელი ღამეები. აი, ასეთი იყო ჩემი ცხოვრება… 12 წლისამ რომ დავიწყე ღმერთის ძიება, ჯერ არ შემიწყვეტია. ბრძოლა სიკვდილამდეა, ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდეა. ბერი ვერასოდეს ვერ იქნება გახარებული, ბერობაზე დიდი გმირობა არ არსებობს. მერაბ კოსტავა, ბევრი-ბევრი გმირი იყო, ხოლო შენ კი ნიკოლოზ (ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა მორჩილი ბერი ნიკოლოზი), შენ ბერი ხარ, ბერი უნდა იყოს მტკიცე, ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე სიმართლისთვის, როგორც მოღრიალე ლომი, ოღონდ ამას დამსახურება უნდა”…
რატომ შერაცხეს გიჟად მამა გაბრიელი
იმ დროს, როცა თვით საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ოფიციალურ საეკლესიო კალენდრებში აღინიშნებოდა ლენინის დაბადების დღე და სხვა კომუნისტური დღესასწაულები (იხ. საეკლესიო კალენდარი 1978წ.), გაბრიელ ბერი მსოფლიოში ყველა დროის უდიდესი კერპისა და სარწმუნოების აღმომფხვრელის, ლინინის 12-მეტრიან სურათთან მივიდა და 1-ელ მაისს, კომუნისტების საზეიმო დემონსტრაციის დღეს, მთავრობის სახლთან საქვეყნოდ დაწვა. დაკითხვისას კი უშიშრად განაცხადა: “თაყვანისცემა და დიდება დიდ უფალ იესო ქრისტეს და არა ლენინს, როგორც ეს თქვენ გეწერათ მასზე და ხალხს თაყვანს აცემინებდით…” შემდგომი ერთ-ერთი დაკითხვისას, რომელსაც მთავრობის მრავალი წარმომადგენელი ესწრებოდა, მისთვის უკითხავთ: “ჩვენ ვერ ვხედავთ და, აბა, სად არის, შენ დაგვანახვე ეგ შენი იესო ქრისტე”. გაბრიელ ბერს უშიშრად უპასუხია: “ჯერ თქვენ გადაყარეთ სანაგვეში თქვენი პარტბილეთები, მერე მეც დაგანახვებთ იესო ქრისტესო”. გაკვირვებულებს მისთვის უთქვამთ: გაბრიელ, თუ ხვდები, რა გააკეთე, შენზე კრემლიდან რეკავენ, გასამართლების გარეშე დახვრიტეთო. მას მტკიცედ უპასუხია: “გამიყვანეთ და დამხვრიტეთ, სადაც ის, ქრისტეს მოძულე ძაღლი ლენინი, დავწვიო”.
ამის გამო მამა გაბრიელი გიჟად შერაცხეს და ფსიქიატრიულში მოათავსეს.
სამედიცინო დასკვნის ამონაწერი
საქ. სსრ ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო
19 იანვარი, 1966 წელი. ქ. თბილისის ელექტრონის შესახვევი I, #666.
ავადმყოფი ურგებაძე გიორგი ვასილის ძე, დაბადებული 1929 წელს, 6 კლასის განათლებით. მცხოვრები თეთრი წყაროს ქ. #11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18.VIII.1965 წელს. მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.
დიაგნოზი: ფსიქოპათიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა 19.XI. 1965 წ. ანამნეზის თანახმად, 12 წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული თავზე რქებით… ავადმყოფი ამტკიცებს, რომ, რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია… 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა. 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათსა და პარასკევს არაფერს ჭამდა, უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: ოთხშაბათს იუდამ ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.
როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წლის 1-ლი მაისს დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, რომ მან ეს ჩაიდინა იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო… ეჭვი დაებადათ, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო ფსიქოპათიურ ექსპერტიზაზე..
გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: “სჩანს არსებობა არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა” და ა.შ. საუბრისას ფსიქოპათის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა.შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა.შ. არის სრულიად უკრიტიკო თავისი მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, ამის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.
სტაციონარის აქტი. 1965 წელი. #42 (კომისიის თავმჯდომარე მედ. მეცნიერებათა კანდიდატი, მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი. წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი)
გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19.XI. 65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექიმი ლეჟავა, 19.I.66 წ.
როგორც ამბობენ, პატრიარქი ეფრემი დაეხმარა მამა გაბრიელს აღნიშნული საბუთის აღებაში, მაგრამ მისი ქმედების დადებითად შეფასება ერთ ადამიანსაც კი არ შეეძლო შიშისა და მძიმე რეჟიმის გამო. საყურადღებოა, რომ რწმენისთვის განსაკუთრებით თავდადებულისთვის და რწმენაზე ყველგან მოსაუბრე ადამიანისთვის სათანადო მიზეზი იქნებოდა, მიეცათ გიჟობის მოწმობა.
მამა გაბრიელი თავისებური იუმორით იტყოდა ხოლმე: “ვირს პიტნა ეჯავრებოდა და მაინც ცხვირში ტენიდნენო. რაც ყველაზე მეტად მეჯავრებოდა და რის გამოც ციხიდან საგიჟეთში გადამიყვანეს, იქ სწორედ იმისი ნომრით გამატარეს _ თითქოს წყეული დამცინოდა, ხომ ხედავ, ჩემი მიზეზით უკვე გიჟად იწოდებიო”.
და მაინც, ვინ იყო მამა გაბრიელი
ვნახოთ, რას გვასწავლის ეკლესია იმ ძალზე მცირერიცხოვან მოღვაწეთა შესახებ, რომელთაც სალოსნი, ანუ “ღვთისთვის სულელნი” ჰქვიათ. სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავე დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა, სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია. ისინი ნებით განუდგნენ არა მარტო ამქვეყნიურ კეთილდღეობასა და სიკეთეს, ყველაზე ახლობელ და სისხლით ნათესავებს, არამედ თვითშეგნებით უარი თქვეს გონის გამოყენებაზე. ნებით იღებდნენ სულელისა და ხანდახან ზნეობრივად დაცემული ადამიანის სახესაც კი, რომელსაც არც ქცევის ნორმები გააჩნია და არც სირცხვილის გრძნობა.
ზოგჯერ თავს იმის ნებასაც კი აძლევდნენ, რომ მაცდუნებელი საქციელი ჩაედინათ. სალოსები სულელის ნიღბით არცთუ იშვიათად ისეთ მოქალაქეობრივ გმირობებს სჩადიოდნენ ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, რომელიც შიშით თუ ამქვეყნიური ანგარებისა და სხვადასხვა მოსაზრებების გამო, ვერ ხელეწიფებოდათ მათ, “ვისაც თავი ბრძენ ეგონა”.
გაბრიელ ბერის მოღვაწეობა ორ ნაწილად იყოფა. პირველი _ როცა აქტიური ქმედებებით გამოდიოდა მონასტრის გარეთ, ხალხში და სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ეს ის პერიოდი იყო, როცა გარეგანი შეფასებით იფიქრებდი, ღვინოს სვამდა ღვინისთვის, ესე იგი, ღვინის ნებითა და სიყვარულით, სინამდვილეში ეს იყო მისთვის უდიდესი ტანჯვა. ამ დროს ის ბევრისთვის იყო თავზარდამცემი, ბევრისთვის _ გიჟი, სულელი, ლოთი, გარყვნილი. ის ყველა ღონითა და საშუალებით ინადირებდა ადამიანთა სულებს, ასეთ დროს ხშირად, უსაშველოდ მძიმე იყო მის გვერდით ხალხში ყოფნა. სხვადასხვა უხერხულობისგან სირცხვილის ქარცეცხლში ატარებდა მასთან მყოფს. ყველა ერიდებოდა და ხშირად შეშინებულნიც გაურბოდნენ. უმეტესად კი იყო დაცინვისა და აბუჩად აგდების დამოკიდებულებებიც. არავინ იცოდა, დაფარული ღვაწლითა და საკუთარი თავის შეურაცხყოფით, უკიდურესი დამცირების ხარჯზე, გაბრიელ ბერი ვის რა განსაცდელსა და უბედურებას აშორებდა.
გაბრიელ ბერი მონასტერშიც აქტიურად მოქმედებდა. მისი ხმა, გამოთქმები, უჩვეულო ქმედებები, კოშკთან ახლოს გაშლილი პატარა ტაბლები და ღვინის სმა, კუბოში წოლა და იქიდან ყვირილი, ლანძღვა-გინება, ძნელად ასატანი იყო მონასტრის წევრებისთვის. ამ დროს ვერავინ უძლებდა მას. ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას. ხშირად შორიდან უვლიდნენ და იმასაც კი ცდილობდნენ, მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყვნენ.
მეორე _ ამ პერიოდში გაბრიელ ბერი არათუ მონასტრის გარეთ, არამედ თავისი სენაკიდანაც კი იშვიათად გამოდიოდა. სულ ერთთავად, თავის სენაკში მჯდომი აკეთებდა ხატებს, რაც მისი ძირითადი ხელსაქმე იყო. ხშირად ასეთ ხატებს გადაყრილი გაზეთებიდანაც აგროვებდა და ამბობდა, საერო გაზეთებში ხატების ბეჭდვა დიდი დანაშაულიაო. ასევე თავისი ხელით ჭრიდა თუნუქის კოლოფებს, ასწორებდა, ასუფთავებდა, შემდეგ ფიგურებს უკეთებდა და ჩარჩოს სახით კრავდა. ნარჩენ მინებსაც აგროვებდა, თვითონვე ჭრიდა და შემდეგ ხატებს კრავდა.
საკვებს თითქმის არ იღებდა. ეს პერიოდი დაახლოებით სამი-ოთხი-ხუთი თვეც გრძელდებოდა. იმ დროს სხვებისგან მირთმეულ სასმელს იქვე, მოფარებულში ინახავდა, მაგრამ ერთი წვეთიც არ აკლდებოდა. მაშინ გაბრიელ ბერი ბევრ საუბარსაც ერიდებოდა, ჩუმად ყოფნა ერჩია, მაგრამ, როცა ეკითხებოდნენ, ყველას სიყვარულით პასუხობდა. ასეთ პერიოდში, ძალიანაც რომ გეთხოვა, მონასტრიდან არ გავიდოდა…
ერთხელ მასთან აღელვებული თავისი სიძე მივიდა და უთხრა, გაბრიელ, მანქანით მოვედი, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, დედაშენი ცუდადაა, ტვინში სისხლის ჩაქცევა აქვს, ექიმები გადარჩენას ეჭვობენ, მე გამომგზავნეს, იქნებ გაბრიელმა ცოცხალს ჩამოუსწროსო. მამა გაბრიელმა მოუსმინა, იქვე დაბრძანებულ მაცხოვრის დიდ ხატს მიაპყრო მზერა, მერე მოტრიალდა და უთხრა, _ შენ წადი, მე ღმერთი არ მაძლევს კურთხევას, რომ ახლა მონასტერი დავტოვოო. სიძემ გაკვირვებით და ცოტა გაბრაზებითაც უთხრა, _ რას მიბარებ, რომ ჩავალ, რა ამბავი ჩავიტანოო. მამა გაბრიელმა უპასუხა, _ უთხარი, ნუ ინერვიულებენ, ყველაფერი კარგად იქნება, შესაძლოა, მე ორ კვირაში მომიხდეს ჩამოსვლაო. ნაწყენმა სიძემ ხელი უდიერად ჩაიქნია და წავიდა… მალე დედის გამოჯანმრთელების ამბავიც მოვიდა…
ვინ იყო მამა გაბრიელის მოძღვარი
მამა გაბრიელის მოძღვარი იყო ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი მამა გიორგი (მხეიძე). ცნობილი ფაქტია და მთელმა საქართველომ იცის, რომ ის კომუნისტების დროს შემორჩენილი ერთ-ერთი ძველი ბერი იყო, რომელმაც რწმენისთვის მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა. მამა გიორგი კომუნისტების შემოსვლის შემდეგ იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რამდენიმე წელი მოღვაწეობდა იერუსალიმში ბერად. ბოლოს მაინც ბეთანიაში დაბრუნდა, მამა იოანესთან (მაისურაძე) ერთად, საერთოდ რომ არ გამქრალიყო საქართველოში ბერმონაზვნობა…
მამა გიორგის შესახებ გაბრიელ ბერი ამბობდა: “ღვთისმშობელი ორჯერ გამოეცხადა და ერთ-ერთი გამოცხადების დროს სასწაულებრივად განკურნა. ის იყო უდიდესი წმინდანი და შეუწყვეტელი ლოცვის მადლს ფლობდა. საქართველოს თავზე ბოროტების შავი ღრუბელი იყო გადაკრული და ადამიანის პიროვნული ლოცვა ღმერთამდე ვერ აღწევდა, ეს ღრუბელი არ უშვებდა. აი, ამ ბერების ორმოცწლიანმა ლოცვამ და ღვაწლმა მოხსნა ეს ღრუბელი და პიროვნულმა ლოცვამ გაღწევა დაიწყო ღმერთთან. ჩემამდე მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შერაცხონ წმინდანად. გულზე სახარება და ჯვარი ექნება დასვენებული, ისე, როგორც მე ჩავატანე. წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია, ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს არ მოჰკლებია და არც მოაკლდება. ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდება, რადგანაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა”. გაბრიელ ბერის ეს ანდერძი აღასრულეს და მამა გიორგი და მამა იოანე წმინდანად შერაცხეს და მათი საფლავები გაბრიელ ბერის საფლავამდე ერთი დღით ადრე გახსნეს…
გაბრიელ ბერის სასწაულები
იმ ავბედით დროს, როცა ღვთისმსახურება იკრძალებოდა, პატრიარქ ეფრემს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკლესიის წინაშე… მაშინდელი რეჟიმი და ხელისუფლება მძიმე მოთხოვნებს უყენებდა საპატრიარქოს. პატრიარქი ეფრემი დროის შესაფერისად ყოველმხრივ ცდილობდა ეკლესიის შენარჩუნებას, ხელისუფლებამ ის იძულებული გახადა, მამა გაბრიელისთვის დაევალებინა მის მიერ აშენებული ეკლესიისთვის გუმბათების მოხსნა და დანგრევა. იმჟამინდელი ხელისუფლება პირჯვრის წერასაც კი კრძალავდა და ამ დროს ქუჩიდანვე თვალშისაცემი ეკლესიის გუმბათები და თავად ეკლესიაც მათ ძლიერ აღიზიანებდა. გაბრიელ ბერს სისხლისა და ტანჯვის ფასად ჰქონდა ქრისტეს სადიდებლად ეკლესია აშენებული, რომელიც ნაგავზე გადაყრილი და ნაძებნი ხატებით ჰქონდა შემკობილი. მიუხედავად პატრიარქის დიდი სიყვარულისა, რომელსაც გაბრიელ ბერი შემდეგში ამჟღავნებდა, მან არ ინება, ამ მორჩილების შესრულება, რის გამოც ის ისჯებოდა, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე საპატრიარქოდანაც.
ხელისუფლებამ ცემითა და ლანძღვა-გინებით ოთხჯერ ძალად დაუნგრია ეკლესია და მამა გაბრიელმაც ოთხჯერ ააშენა ღვთის სადიდებლად. საპატრიარქო იძულებული გახდა, რამდენიმე წლის უზიარებლობით დაესაჯა მამა გაბრიელი. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ რწმენისა და სიმართლისთვის გაბრიელ ბერი ისჯებოდა, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ნებით თუ უნებლიეთ საპატრიარქოსგანაც.
კომუნისტური რეჟიმის დროს განსაკუთრებული კანონი იყო მიღებული ბერობის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ.
საბჭოთა ხელისუფლების დროს გაბრიელ ბერი პირველია, ვინც ბერად აღიკვეცა. გაბრიელ ბერი სასტიკი რეჟიმის დროსაც კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქრისტესადმი უდიდეს თავდადებას ამჟღავნებდა. ის ყველგან და ყველას წინაშე იყო სიმართლის მთქმელი. ამას თან ემატებოდა, მისი სალოსური ქმედებები და ამის გამო გასაკვირიც არ იყო, რომ იმჟამინდელ საერო და საეკლესიო პირთა მხრიდან ნახევრად გიჟად და სულელად აღიქმებოდა. გაბრიელ ბერი იგონებს: “სიმართლისთვის ხშირად რამდენიმე წლითაც კი ვისჯებოდი უზიარებლობით. რუსეთშიც კი გადავსულვარ ზიარებისთვის”. მძიმე რეჟიმიდან გამომდინარე გაბრიელ ბერი მრავალმხრივ განიცდიდა ტანჯვა-წამებას, მაგრამ მას ყოველივე უფლისთვის ჰქონდა მინდობილი. ერთხელ, როცა სვეტიცხოვლობის დღესასწაული ახლოვდებოდა, მამა გაბრიელი ფეხით წასულა მოსალოცად. მისი მონაყოლიდან ვიგებთ: “ზიარება დიდი ხნის აკრძალული მქონდა. ყველაფერი უფალს მივანდე. იმ საღამოს სვეტიცხოველში დავრჩი და მოვილოცე. სვეტიცხოვლობა რომ თენდებოდა, იმ საღამოს ჩვენება მქონდა, ავფრინდი და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩავფრინდი. ვხედავ, კათალიკოსი იქ არის და მღვდლებიც გარს ახვევიან. წირვა უნდა დაიწყოს და ემზადებიან. ამ დროს ღვთისმშობელი და მაცხოვარი მობრძანდნენ და კათალიკოსი შეაჩერეს. მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო და ჩემზე მიანიშნეს. მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. გავიფიქრე, _ სვეტიცხოვლობას ნამდვილად მაზიარებენ-მეთქი. დილით, სანამ წირვა დაიწყებოდა, დამიძახეს, კათალიკოსი გეძახისო. მივედი. პატრიარქმა გაკვირვებულმა შემომხედა, ემჩნეოდა იმასაც, რომ რაღაც გამოცხადება ჰქონდა, მაგრამ მე ხომ არ მეტყოდა. მკითხა, ზიარებისთვის მზად ხარო? მერე მღვდელს დაუძახა, _ გაბრიელი შემოსეთ, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო. მთელ ხალხს სიხარულის ცრემლები სდიოდა!”
მაშინვე შემოსილა გაბრიელ ბერი და საკურთხეველში შესულა. თვითონ იტყოდა ხოლმე: “ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, თითქოს მე ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ კარგად დაიმახსოვროთ, _ რაც არ უნდა მოხდეს, იმედი არასოდეს დაკარგოთ. წირვის შემდეგ ეფრემ II კათალიკოსმა მკითხა, მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერში და სემინარიაში წინამძღვრად რომ დაგნიშნო, წახვალო? დავთანხმდი. მითხრა, წადი, მეუფე ილიას უთხარი, თუ არის თანახმაო (მაშინ ამჟამინდელი პატრიარქი ილია მეორე მიტროპოლიტი იყო და მცხეთის დედათა მონასტერი და სემინარია მას ექვემდებარებოდა). როცა მიტროპოლიტს ვუთხარი, მაგაზე მეტად რა უნდა გამხარებოდაო, მიპასუხა და სიხარულით დამთანხმდა. კათალიკოსმა წერილობით თანხმობა სთხოვა, მიტროპოლიტმა წერილობით დაადასტურა თავისი თანხმობა”.
ამის შემდეგ გაბრიელ ბერი იტყოდა ხოლმე, _ ღვთის წყალობითა და ორი პატრიარქის კურთხევით ვარ ამ მონასტერში დანიშნულიო.
გაბრიელ ბერის გარდაცვალება
ოთარ ნიკოლაიშვილი, გაბრიელ ბერის სულიერი შვილი: “გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისივე თანხმობით მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევას ვასრულებდი შემოქმედის ეპარქიაში. ვიცოდი, მამა გაბრიელის მძიმე ავადმყოფობა, წყალმანკი აწუხებდა. მიუხედავად ექიმების კატეგორიული მოთხოვნისა, საავადმყოფოში გადაყვანაზე არ დასთანხმდა. ექიმმა ზურაბ ვარაზაშვილმა მას მუცელში ონკანიანი დრენაჟი ჩაუდგა. ამ საშუალებით ხშირად გამოჰქონდათ მუცელში დაგროვილი წყალი…
გურიაში ყოფნისას მეუფე იოსებმა უცებ გადაწყვიტა თბილისში წასვლა. პირველად მცხეთაში შევედით მამა გაბრიელთან. ერთი თვე იქნებოდა გასული, რაც არ მენახა. გავიგე, რომ მის უწმინდესობას არქიმანდრიტად ეკურთხებინა. მივულოცე! მან მიმანიშნებელი ტონით მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა: “მე ვიცი, რატომაც მოხდა ეს…” დანამდვილებით ვერ გავიგე, რის თქმა სურდა. რატომღაც დრენაჟი აღარ ეკიდა. მუცელი დაგროვილი წყლისგან უსაშველოდ გაბერილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს ტკივილებს დიდსულოვნად ითმენდა… მის ავადმყოფობას წყალმანკზე რთული თიაქარის ჩაჭედვაც აძლიერებდა. ექიმი ოპერაციის გაკეთებას ითხოვდა, მაგრამ მამა გაბრიელი არ თანხმდებოდა… დღის მეორე ნახევარში მოძალებული ტკივილების დროს ხელი აწია, იქვე კედელზე დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს ხელით შეეხო და უჩვეულო ხმით თქვა, _ “ამაიღე სული, დალოცვილი, უკვე მზადა ვარ”. საღამოს, მოგვიანებით, როცა მონასტრის ჭიშკარი უნდა დაკეტილიყო, მის საწოლთან, ჩვეულებისამებრ, დავიჩოქე კურთხევის ასაღებად. მან თავზე მადლიანი ხელი დამადო, შემდეგ ჯვარი გადამსახა და ამ სიტყვებით დამლოცა, _ “ღმერთმა სულ მადლში გამყოფოს, ოთარ”…
მესამე დღეს მამა გაბრიელი უკვე სულს ებრძოდა, თვალები გახელილი ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა, ხშირ კვნესაზე ეტყობოდა, რომ ტკივილები აწუხებდა. არ მინდოდა მოვშორებოდი, მაგრამ სასწრაფოდ თბილისში ექიმთან გავვარდი. როცა ბატონ ზურაბ ვარაზაშვილთან ერთად დავბრუნდი, სქიმმონაზონი სუსანა და სხვა რამდენიმე მონაზონი მას სულის ამოსვლის ლოცვას უკითხავდა. ბატონმა ზურაბმა ვენაში ნემსი გაუკეთა და თქვა, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო…
უკვე შეღამდა, უკვირდათ, რომ ამდენ ხანს აგრძელებდა სუნთქვასა და სიცოცხლეს. შემდეგ თქვეს, ალბათ, მეუფე დანიელს ელოდებაო. იხსენებდნენ, როგორ ტიროდა მამა გაბრიელი, როცა მეუფე აფხაზეთში იმყოფებოდა. საღამოს მეუფე დანიელიც მობრძანდა. მამა გაბრიელს დააცქერდა, ჩემად შეეკითხა, სურდა თუ არა სულის ამოსვლის ლოცვების წაკითხვა. მალე მეუფემ ამ ლოცვის წაკითხვა დაიწყო. მამა გაბრიელი სუნთქვის დროს თანდათან ადიდებდა ინტერვალს. მოგვეჩვენა, რომ მან სუნთქვა შეაჩერა. მეუფე კითხულობდა. კიდევ ამოისუნთქა და ტუჩთან ახლოს, კუთხეში, ოდნავ ღიმილმა დაჰკრა. ბერებმა თქვეს, გაბრიელი იცინისო. მეუფემაც გადახედა, სუნთქვა თითქმის ჩერდებოდა. ყველა დაძაბული ვუყურებდით, მეუფემ თავისი დიდი სულიერებით კითხვა გააგრძელა. ცდილობდა, წაკითხვა მოესწრო. მამა გაბრიელიც თითქოს ამას ელოდებოდა, კიდევ ამოისუნთქა. მეუფე ლოცვას მორჩა და მამა გაბრიელმაც მაშინვე, ოდნავშერჩენილი ღიმილით სუნთქვა შეაჩერა. ეს იყო 1995 წლის 2 ნოემბერს, ოთხშაბათს, ათის ნახევარზე…
მალე მეუფემ ყველა მონაზონი და ქალი სენაკიდან დაითხოვა და ბერის გასაპატიოსნებელი წიგნი გადაშალა. მაშინ იქ იყო ექიმი ზურაბ ვარაზაშვილი, მამა საბა, იმ დროს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა გრიგოლი და რამდენიმე ჩემთვის უცნობი პირი.
ბატონმა ზურაბმა, როგორც ექიმმა, პირველად დაუხუჭა თვალები. მეუფის კურთხევითა და კარნახით თანმიმდევრობით დავიწყეთ წესის მიხედვით გაპატიოსნება. გახდისა და ჩაცმის დროს მამა გაბრიელმა თვალები გაახილა, ამჯერად მას მამა გრიგოლმა დაუხუჭა თვალები. კიდევ ცოტა ხანში მამა გაბრიელმა მესამედ ისევ გაახილა თვალები, თავი ვერ შევიკავე და ორივე თვალზე ხელი მორიდებით დავადე. ამის შემდეგ აღარ გაუხელია. მონასტრიდან გვიან ღამით წამოვედით. ბევრმა იცოდა გაბრიელ ბერის თხოვნა, რომ კუბოს გარეშე, ჭილოფში შეხვეული დაესაფლავებინათ. მაგრამ ნარის შესახებ ჩემთვის ჰქონდა ნათქვამი. სახელდახელოდ, უბრალო სამი ფიცრისგან გავაკეთეთ ნარი, რომელზე დასვენებითაც დაიკრძალა ჭილოფში შეხვეული მამა გაბრიელი. ეს იყო გარდაცვალებიდან მესამე დღეს, პარასკევს, 4 ნოემბერს”.
კომენტარები