ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ნამდვილი ამბავი/
თბილისი რომ დიდი გულის ქალაქია, ყველა გულიანმა ადამიანმა კარგად იცის. ეს ამბავი კი კოჯორში დაიწყო, მერე თბილისში განვითარდა მოვლენები, შემდეგ ისევ კოჯორში გაგრძელდა და შემდეგ ისევ თბილისში. ერთი სიტყვით, ახალ „მთავარ როლში,“ არც მეტი, არც – ნაკლები, ჩვენი საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური აღმოჩნდა.
მამა-პაპისეულ ეზო-კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:
– ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა აფორიაქებული. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ახალგაზრდა, დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ასტკივნია და შინ კი არავინ იყო უფროსებიდან. ოთო ხომ ბალღი იყო და ცოლიც მთლად ბალღი ჰყავდა, ეს ორივე ბალღი კიდევ თავის ბალღს ელოდებოდა. მაშინვე ჩასვა მანქანაში და თბილისისკენ გამოაქანა.
გოგო გაუჩერებლივ კიოდა, ბიჭი „ბანს“ აძლევდა – გვიშველე, ძია თემურ, ჩქარა წადიო! ქარივით მოქროდა თბილისკენ თემურ წიკლაური. მაშინდელი ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:
– გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?!
მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და შუაგულ სოლოლაკში მერცხალივით გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ-ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს რაშიც იყო საქმე და უბანში გოგო დაიბადა, შეიქნა ერთი ამბავი: გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ – წყალს… იმ უბნელმა ჟანამ კი თემურის მანქანის ძარაზე შამპანურები შემოდგა. საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული… ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ…
თემურ წიკლაურმა ყური მოკრა (მერეღა გაახსენდათ), აქვე ახლოს ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახალგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა კარზე მომდგარი თემური რომ დაინახა.
– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ….
შემდეგ კი ყველა საგზაო წესის დარღვევით, როგორც იქნა მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბარა“ დედა-შვილი ექიმებს. სამშობიარო სახლიდან კი ისევ სოლოლაკში დაბრუნდა, მთელი თუ არა, ნახევარი სოლოლაკი თემურს ელოდებოდა. დილამდე ისე იქიფეს, ცა მიწაზე ჩამოიტანეს სადღეგრძელოებით, პატარა მარიამს თბილისი ლოცავდა. არადა, იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად, საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და კაი გვარიანი მღელვარების და ბოლთის ცემის მერე პაპაკაცი გახდა. ძალიან უყვარს თემურს, როცა პაპას ეძახიან, ნამდვილი ქართულიაო, გულიანად იცინის ხოლმე. ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი…
თემურ წიკლაურმა პატარა მარიამი მონათლა. მარიამი მშობლებთან ერთად კოჯორში ცხოვრობს, თემურიც ხშირადაა იქ, უყვარს მამა- პაპისეულ ეზოში ფუსფუსი… ზუსტად არ ვიცი ასაკი, მაგრამ მარიამიც და ანდრიაც ახლა თანატოლები არიან…
მეტი რა გითხრათ ამ ამბავზე? ეს ყველაფერი ჩემს ერთ-ერთ წიგნში „თბილისელი ქალის ჩანაწერები“ დავბეჭდე. დღეს მარიამიც და ანდრიაც უკვე დიდი გოგო-ბიჭები არიან, ლამაზები, ჭკვიანები და თემური პაპას და ნათლიას გულის გამხარებლები. დარწმუნებული ვარ, მარიამი აუცილებლად მივა თემური ნათლიასთან გამოსამშვიდობებლად.
როდესაც თემური ამ ამბავს მიყვებოდა, იცით, როგორ უბრწყინავდა თვალები?! დღეს ამ შემთხვევის შესახებაც მომინდა მეამბნა ყველასთვის. თემურს ხვალ, 4 თებერვალს კოჯორში დაკრძალავენ, მისი შვილის, გიორგის გვერდით. რაც გიორგი ზეცაში გაუფრინდა, ამბობდა ხოლმე: მის სულს სულ დავეძებო. (ფოტოზე სწორედ თემურის ხელში დაბადებული მარიამია!)“
კომენტარები