“ალიას” ესაუბრება, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
–ჩინელმა ექიმებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია კორონავირუსი 37 დღის მანძილზე მიდიოდეს უსიმპტომოდ და ყველა ამ 37 დღის მანძილზე იყოს გადამდები. უნდა გაიზარდოს, თუ არა, ამ ინფორმაციის საფუძველზე კარანტინის დრო?
-ზოგადად არის თეორიები, რომ ცოტა დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ინკუბაციის პერიოდი, ვიდრე 14 დღეა, მაგრამ ძირითადად მაინც 2-დან 14 დღემდე აქვს კორონავირუსს ინკუბაციური პერიოდი. ერთეული შემთხვევები იყო ჩინეთში, როდესაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 20-24 დღის შემდეგ გამოვლინდა დაავადების ნიშნები. ეს იყო რამდენიმე შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ინკუბაციური პერიოდი არის 2-დან 14 დღემდე და რაიმე ოფიციალური გაიდლაინი და მოწოდება, რომ შეიცვალოს ინკუბაციური პერიოდის განმარტება – ჯერჯერობით არ არის.
-ასევე გავრცელდა ვაქცინაზე, ისიც ჩინეთიდან და ითქვა, რომ აპრილში უკვე მზად იქნება. ვაქცინა იქმნება პრევენციისთვის – თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ვაქცინაზე, ან წამალზე, რომელსაც დაავადებულებისთვის გამოვიყენებთ?
-ვაქცინა გამოიყენება დაავადების პრევენციისთვის, რომ ადამიანს არ განუვითარდეს ესა თუ ის დაავადება, ამ შემთხვევაში კორონავირუსი. ეს არ ეხება დაინფიცირებულების მკურნალობას, თუმცა, დანარჩენი ადამიანების მაშტაბური ვაქცინაციებით, მოხდება ახალი შემთხვევების შეჩერება, რაც პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს. საუბარია ვაქცინაზეც და ასევე საუბრობენ პირდაპირ ანტივირუსულ პრეპარატზეც, რომელსაც გამოვიყენებთ სამკურნალოდ. არის ამაზე საუბარი, ცდიან რამდენიმე წამალს, მაგრამ ჯერ ცდები არ დასრულებულა, ასევე, არის ინფორმაცია რომ, რამდენიმე თვეში შეიძლება ვაქცინა იყოს მზად. ეს არის მხოლოდ პირველადი ინფორმაციები და ამის დასტური, რამდენად მართლა იქნება რამდენიმე თვეში მზად ვაქცინა, ჯერ არავის გვაქვს.
ალია
კომენტარები