2020 წლის აგვისტოში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი „ლელოს“ წევრი გახდა.
2020 წელს, ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებებიც გაკეთდა:
მამუკა ხაზარაძე მაშინ ამბობდა:
„ დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექოლოგიური საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა „ლელოს“, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თამაზ გაიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს 120 ფრენა განახორციელა აფხაზეთის მიმართულებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიყვანა დევნილები და თანამოქალაქეები აფხაზეთიდან.”
„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში“. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი და მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩემი მთავარი მესიჯია, შემოუერთდით „ლელოს“ და ერთად ავაშენოთ ბედნიერი საქართველო.”
ბადრი ჯაფარიძე, 2020 წელი:
“თამაზ გაიაშვილი არის დიდი დამსაქმებელი და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასაქმება და უმუშევრობაა. მასთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ გამოვიყვანოთ სხვადასხვა დარგები კრიზისიდან, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
დღეს, როცა, თამაზ გაიაშვილის კომპანია რუსეთთან ავიარეისების შესრულებას გეგმავს, ისევ აქტუალური გახდა კითხვა, არის თუ არა გაიაშვილი ლელოს წევრი? “ალიამ” პოლიტიკურ პარტიას მიმართა და მათი თქმით, კომუნიკაცია 1 თვეც არ გაგრძელებულა:
“თამაზ გაიაშვილი “ლელოს” წევრი არ არის და არ ყოფილა არასდროს. 2020 წელს, არჩევნების წინ გამოთქვა მხარდაჭერა და შემოერთების სურვილი, მაგრამ მალევე შეწყდა პარტიასთან ყველანაირი კომუნიკაცია. პარტიასთან მას მერე კავშირი არ ქონია.
გაიშვილმა ძალიან მოკლე დროში შეწყვიტა პარტიასთან ურთიერთობა, დაახლოებით ერთი თვეც არ გაგრძელებულა ეს კომუნიკაცია.”
კომენტარები