ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა:
„თქვენ გახსოვთ, მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ეს აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებისგან ასეთ რამეს უარყოფდა. მე სიმართლეს ვლაპარაკობდი. ვისაც გიორგი გახარია ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო. ბრძანება მოდიოდა გიორგი გახარიასგან, თავად მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გახარია მოსკოვის კაცია.
მასთან (გახარიასთან) შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში.
ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, თავისთავად ის [გიორგი გახარია] „ოცნებას“ რაღაც ხმებს წაართმევდა. ახლა იცით რომ 43%-ზე მიდის საუბარი. რომ შეხედოთ, 2012-ში ვინც მაშინდელი ხელისუფლება შევცვალეთ, გახარია სად იყო და მის იდეებს ვინ უნდა გაჰყვეს?! უბრალოდ უნდა „ოცნებას“ დააკარგვინოს რაღაც ხმას. ის უცხო სხეული იყო აქ, როგორ მოხვდა მე არ ვიცი, ალბათ იმ კაცს უნდა მოჰკითხოთ, ვინც მოიყვანა, ვინც საქართველოში ჩამოიყვანა.
როდესაც გიორგი გახარიას დავალებით სასულიერო პირების მოსმენის დავალება გაიცა, ამ თემაზე საპატრიარქოში მქონდა საუბარი, მაგრამ თავიდან არ დაიჯერეს, თუმცა დღესდღეობით ამას ყველა აღიარებს.
გახარია ეკლესიისთვის საფრთხე ვერ იქნება, რადგან მასეთები მოდიან და მიდიან. ეკლესია ქრისტეს სხეულია, ჩვენთან საკმაოდ დიდი გონიერებაა. 2 ათასწლოვანია ჩვენი ეკლესია. კარგი, მაგას შსს ჰყავს, სპეცსამსახურები ჰყავს, მაგრამ 2 ათასი წელი ჩვენ გავატარეთ როგორ გარემოში? – გვიპყრობდნენ და ქართველობას მაინც ვინარჩუნებდით, ჩვენც შეგვიძლია რაღაც ინფორმაციის ისე მოპოვება, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება, მოსმენები არ სჭირდება, ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, არა მხოლოდ მაგ გზებით“
კომენტარები