არქიმანდრიტმა კირიონმა „ალტ ინფოს“ ეთერში დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა და ქვეყნის პრემიერების რიგითობის მიხედვით სიტუაცია შეაფასა.
„ღარიბაშვილი წავიდა პრემიერობიდან და ხელისუფლებიდან და მის მიერ მთელი ეს მომართული საქმე გაჩერდა.
მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი – არც უარყოფითი, არც დადებითი, უძრაობაა. ვხვდები მე კვირიკაშვილს ოთხჯერ თუ სამჯერ პრემიერის კაბინეტში, გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის ხვდება მერე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და არის უცნაური პასუხი.
იქ არის ნიუანსი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გამოძიებისთვის არ არის ალბათ გაშლილი ეს თემა და მეუბნება, რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ სჯერა ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიციო. მე გაოგნება გამოვხატე, რადგან აქ საუბარია დოკუმენტურ ფაქტზე და არა შინაგან რწმენაზე.
შემდგომ პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა, მას მადლობა განვუცხადო და ვეუბნები, სადაც ვახერხებ ამის თქმას. იმიტომ რომ მასთან შეხვედრა მქონდა ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი. ავუხსენი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე. მან მკითხა, მამა კირიონ, რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პრემიერმაო.მე ვუთხარი, რომ აუცილებელია და სასწრაფოა კომისიის გაჯანსაღება. იმიტომ, რომ, ვერ მივდივართ აქტებამდე. იმ მოკლე დროში, რაც ის პრემიერი იყო, ეს იყო სრული პოზიტივი ამ საქმეში. იმასაც ვიტყვი, რომ არ აქვს მიწოლის ის ენერგია, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს, მაგრამ სრული პოზიტივი, კეთილშობილი კაცი, ნამდვილად სახელმწიფო მოღვაწე.
მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია – სტაგნაციაა. ანუ, თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა. აი, აქ უკვე ხდება მონასტრის დაძაბულობა და გემახსოვრებათ ჩემი კრიტიკა მისდამი, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო. მე არ მოვრიდებივარ არასდროს არც ერთი ხელისუფალის კრიტიკას.
ამ დაძაბულობის პიკზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ მე და გახარიასაც გვაქვს ერთმანეთში, გვაქვს დაძაბული საუბრები და მე არ ვთმობ მასთან პოზიციებს, ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ, დამეხმარე”- არქიმანდრიტი კირიონი.
კომენტარები