სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი თეონა აქუბარდია პრემიერის გამოსვლას ეხმიანება:
„ორი დღეა რუსი ოკუპანტი ავლებს მავთულხლართებს სოფელ ყარაფილაში და ემზადება დამატებითი ბორდერიზაციისთვის.50 დღეზე მეტია სამი ჩვენი მოქალაქეა გატაცებული ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ცხინვალის იზოლატორშია და მათი ოჯახები ამდრომდე ელიან მათ სახლებში დაბრუნებას.ამის პარალელურად ქვეყნის პრემიერი და დედაქალაქის მერი კი გორში ოკუპაციაზე საუბრისას ახერხებენ, რომ არცერთხელ არ ახსენონ ამ ოკუპაციის შემოქმედი რუსეთი. მეტიც, თურმე წარმოუდგენლად მიაჩნია პრემიერს ამ საუკუნეში იარაღით ტერიტორიის დაცვა, მაშინ როცა ახლაც იცავენ უკრაინელები აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღით თავიანთ მიწას რუსული აგრესიისგან.
ისინი საუბრობენ დეოკუპაციაზე სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოების, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. რეალურად კი ქვეყანას არ აქვს არც სწორი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს, არც დემოკრატიის ზრდა, როცა აშშ კანონით გვიყინავს დახმარების ნაწილს სწორედ ოცნების დამსახურების გამო დემოკრატიაში არსებული ხარვეზების მიზეზით და არც განვითარებული ეკონომიკა. და ბოლოს, ისინი საუბრობენ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროებაზე 8 წლის თავზე ისიც წინასაარჩევნოდ.ეს ყოველივე კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ“ ქართული ოცნების“ მთავრობა არ იმჩნევს რუსულ ოკუპაციას, არ ახსენებს ქვეყანას რომელიც არის ამ ოკუპაციის შემოქმედია, ადეკვატურად არ აფასებს რუსულ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს. შესაბამისად, არ გააჩნია ეფექტიანი პოლიტიკა ამ საფრთხესთან გასამკლავებლად” – სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი თეონა აქუბარდია
კომენტარები