ლევან ჯავახიშვილი
წინასაარჩევნოდ საქართველოში პოლიტიკური პროცესები იძაბება. ერთნი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ გააყალბებს არჩევნებს, ოპოზიცია ქუჩაში გამოვა და მშვიდობიანი რევოლუციის გზით შეეცდება ხელისუფლების შეცვლას. არც ის არის გამორიცხული, ამ მშვიდობიან რევოლუციას სისხლისღვრა მოჰყვესო. იმასაც ამბობენ, ევროკავშირის 75 მილიონიან სესხზე უარის თქმამ, ევროპა და ამერიკა გაანაწყენა და ამ ჟესტს არა იმდენად ფინანსური მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების, რამდენადაც პოლიტიკური. დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი აღიქვა, როგორც საქართველოს ევროპისგან დისტანცირების მცდელობა, რაც თავისთავად ნიშნავს ამერიკისგან დისტანცირებასაც. აქედან გამომდინარე, დასავლეთი თვლის, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის საქართველოზე ზეწოლის შედეგია, რომელიც ცდილობს, რომ საქართველომ დასავლეთთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი გადაწვას და რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას დაუბრუნდეს. შიდა პოლიტიკური ინტრიგების, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვასთან დაახლოებული წყარო ესაუბრება, რომელმაც როგორც ადრე, ახლაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
წყარო მოყოლას კალაძე-გახარიას შეხვედრით იწყებს, რომელიც თავიდან კალაძემ დაადასტურა და გახარიამ უარყო, მოგვიანებით კი ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია.
„არ ვიცი, რაში დასჭირდა კახი კალაძეს ამ შეხვედრის გახმაურება, ეს არ უნდა გახმაურებულიყო. შეხვედრა რომ შედგა, ეს არც არის გასაკვირი. გიორგი გახარიამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება რომ გააკეთა, რამდენიმე დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა ურეკში და ამ შეხვედრის შესახებაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ, ივანიშვილს აღარ ხვდება გახარია და ხან კალაძეს ხვდება და ხან ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს და მათი მეშვეობით იღებს მისგან ინსტრუქციებს. პირადად არ ხვდება, რადგან კიდევ არ გახმაურდეს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ხალხმა არ იფიქროს, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტია. თუმცა, არც ის უნდა, ხალხმა იფიქროს, რომ გახარია სრულიად დამოუკიდებელი ფიგურაა, ივანიშვილთან აღარაფერი აქვს საერთო. თითქოს, ერთგვარი დილემა და ძნელად მოსაგვარებელი პოლიტიკური საკითხია. ამიტომ გაახმაურა კალაძემ გახარიასთან შეხვედრის შესახებ, რომ ხალხისთვის შეეხსენებინა, გახარია მთლად დამოუკიდებელი ფიგურა არ არისო. ასე ცდილობენ, არც მწვადი დაწვან და არც შამფური, გახარია თან დამოუკიდებელ პოლიტიკოსად წარმოჩინდეს და თან ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად. ვფიქრობ, ეს იმ ხალხზეა გათვლილი, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრე იყო, გუნდზე განაწყენებულია და ვისაც სჯერა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და მისი ახალი პარტიის საშუალებით აპირებს ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას. ის ხალხი, ვინც ქვეყანაში დატრიალებულ ყველა უბედურებას ხან ირაკლი კობახიძის გუნდს აბრალებენ და დღემდე სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ალყაში ჰყავთ ფსევდოლიბერალებს, მას ინფორმაციას, ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას უმალავენ, თორემ ეს რომ იცოდეს ივანიშვილმა, ქვეყანას ააყვავებდაო. ასეთი, მე ვიტყვი, საკუთარი ნებით გაბრიყვებული, ძალიან ბევრია. ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ დააცდენინებ. სწორედ ამ ხალხზე იყო გათვლილი კალაძის განცხადება, გახარიას შევხვდიო. არ ვიცი, ეს პიარ–სვლა ვისი დაგეგმილი იყო. მაგრამ კარგად კი იყო დაგეგმილი, იმუშავა ამ კატეგორიის ხალხზე.
ახლა გახარიას პროდასავლულობაზე გეტყვით, რასაც თავად და მისი მომხრეები იბრალებენ. ამ ბოლო პერიოდში, გამგებლები, მათი მოადგილეები, გამგეობებისა და საკრებულოების, სხვა და სხვა სამინისტროების თანამშრომლები გაათავისუფლეს. მიზეზად ის დაასახელეს თავად გათავისუფლებულებმა, რომ ზოგი გიორგი გახარიამ დაასაქმა თავის დროზე, ზოგი მისი ან მისი პოლიტიკური გუნდის წევრის ახლობელი იყო. დასახელდნენ კახა საბანაძისა და ნათია მეზვრიშვილის ახლობლები. მოკლედ, პოლიტიკური ნიშნით ვიდევნებითო, ამტკიცებენ. რეალურად, ეს ხალხი პოლიტიკური ნიშნით რომ ყოფილიყო სამსახურებიდან გათავისუფლებული, დასავლეთი ამაზე არ გაჩუმდებოდა, არც ევროპის სახელმწიფოები და არც ამერიკა, არც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათ კარგად იციან, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილია, ვინც სამსახურებიდან გაუშვეს, ის ხალხი პაიკები არიან, ამ თამაშს ემსხვერპლნენ. პოლიტიკური ნიშნით დევნა რომ ყოფილიყო, დიდ ხმაურს ატეხდა დასავლეთი. ამ დროს ერთი განცხადება არ გაუკეთებია ამ თემაზე არავის. აქედან ჩანს, რომ ეს ყველაფერი კარგად დადგმული ფარსია და გახარია არ არის პროდასავლელი პოლიტიკოსი, რადგან მისი თანამოაზრე პოლიტიკოსის გუნდის წევრთა დევნას დასავლეთი ასე იოლად არავის დაანებებდა. თუმცა, ადრე გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ. გიორგი გახარია, შესაძლოა, მართლა იქცეს დამოუკიდებელ პოლიტიკოსად და დასავლეთის ერთ–ერთ ფავორიტად. პოლიტიკაში ხშირად ხდება, დღევანდელი მტერი ან მიუღებელი პოლიტიკოსი ხვალ შენი პარტნიორი გახდება და პირიქით, ყველაზე ერთგულ თანამებრძოლად ვინც მიგაჩნია, იმან გიღალატოს. აქვე, ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ გიორგი გახარიაზე ლაპარაკს. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი თბილისის მერობის კანდიდატად დაყენება. რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს, ამის შესახებ ჯერ აქ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოვახსენებ „ალიას“. საკუთარი მოსაზრება კი მაქვს ამის შესახებ, მაგრამ მას ამ ეტაპზე ჩემთვის შევინახავ. ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების აზრია საინტერესო ამის შესახებ და მათ აზრს მომავალში მოგახსენებთ“, – განუცხადა „ალიას“ წყარომ.
დიდი ხმაური ატყდა ევროკავშირის სესხზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმის გამო. ამის შესახებ, „ალიას“ წყარო საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვთავაზობს : „ბევრი ამბობს, რომ რუსეთმა ისარგებლა კორონა-პანდემიით, ევროპის გავლენიან ქვეყნებსა და ამერიკას არ სცალიათ საქართველოსთვის, ამიტომ რუსეთის გავლენა იზრდება საქართველოში. კი, ეს ასეა და ეს პროცესი პანდემიამდე დაიწყო, დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში. ტრამპის ადმინისტრაციამ სამხრეთ კავკასიაში დაუთმო პოზიციები რუსეთსა და თურქეთს. თუმცა, ეს არ არის მარტო იმის მიზეზი, რომ საქართველოში გაძლიერდა რუსეთის ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის ასე ღიად, მკვეთრად და მოკლე დროში რუსეთისკენ გადახრას არავინ ელოდა. ამის დასტური ევრო–სესხზე უარის თქმაც არის. მანამდე ივანიშვილმა ყველა ტრანსნაციონალური პროექტი დაბლოკა, რომლებიც რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა და რომელთა განხორციელებასაც ამერიკა და ევროპა ეშურებოდნენ. ივანიშვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მას რუსეთში კვლავ აქვს ყველა ის მსხვილი ბიზნესი, რომლებიც 2012 წლამდე ჰქონდა. მეტიც, მისი არსებული ბიზნესები რუსეთში კიდევ უფრო გაფართოვდა და 3 წლის წინ, სოლიდური თანხა დააბანდა თანამედეროვე ტექნოლოგიების სფეროში. მკითხველი იკითხავს, 2012 წლის არჩევნებამდე, ივანიშვილმა ყველა ბიზნესი ხომ გაყიდა რუსეთშიო? კი, გაყიდა, მაგრამ ეს იყო ფიქტიური გარიგება მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან. ამ გარიგებით ივანიშვილმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იზარალა, რუსეთის ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. შემდეგში, ყველა ბიზნესი დაიბრუნა, მასთან დაახლოებულ, ცრუმაგიერ პირებზე გადაფორმდა. რეალურად, ივანიშვილს არაფერი გაუყიდია რუსეთში. მას რუსეთში ბევრად მეტი ბიზნესი გააჩნია, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. დასაკარგი თუ სადმე აქვს, უპირველესად რუსეთში. ამიტომაც არის ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი რუსეთში რომ დაფრინავს თვეში რამდენჯერმე. მამაცაშვილი ივანიშვილის ბიზნესის პატრონია რუსეთში და ასევე, საკუთარი ბიზნესიც აქვს. ბიძინა ივანიშვილი თუ რუსეთის ხელისუფლების ნების წინააღმდეგ წავა, მის კომპანიებს მაშინვე შეუსევენ მაკონტროლებელ ორგანოებს და ერთ კვირაში დაუხურავენ, მის ცრუმაგიერ მფლობელებს კი დაიჭერენ. ეს არაერთხელ გაუკეთებია პუტინის გარემოცვას. ისე გააკოტრებენ ივანიშვილის მთელ ბიზნესს, ხმას ვერ ამოიღებს. იმასაც ვერ იტყვის, რომ რუსეთის ხელისუფლება მდევნისო, რადგან მისი ან მისი ოჯახის წევრის სახელზე, არც ერთი კომპანია არ არის გაფორმებული, ოფიციალურად მისად არ ითვლება. ცხადია, ეს შეგნებულად გააკეთა ივანიშვილმა 2012 წელს და რამდენადაც ის კარგად იცნობს რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, არც ეს შედეგი უნდა იყოს მისთვის მოულოდნელი. მოკლედ, რუსეთს უფრო მძლავრი ბერკეტი გააჩნია უშუალოდ ივანიშვილზე, ვიდრე დასავლეთს“, – უთხრა წყარომ „ალიას“.
ბოლოს, შეიძლება ითქვას, წყარომ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მოაწოდა „ალიას“ – „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გაგვაჩნია. ქვეყანას, რომელსაც არ ჰყავს ამ ქვეყნის, ხალხის ინტერესებზე მზრუნველი, მათი დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ის სახელმწიფო არ არის. ჩვენ სუსი გვაქვს, მაგრამ რაც ხდება სუს–ში, ეს სრული კატასტროფაა. ადრე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ბევრი მანკიერება იყო. ამ ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებულები, საკუთარ გავლენას იყენებდნენ პირადი ინტერესებისთვის, უმთავრესად ფულისა და ქონების საშოვნელად. ბიზნესმენებს ართმევდნენ ბიზნესს, წილში უჯდებოდნენ, კორუფციული საქმეების გამოძიებისას იღებდნენ ქრთამს და დამნაშავეს არ სჯიდნენ, ან მინიმალური სასჯელით სჯიდნენ. ამ სამსახურში დასაქმებულნი იწყებდნენ ბიზნესს, მერე კი საკუთარი გავლენით, ლობირებდნენ საკუთარ ბიზნესს, ჩაწყობით იგებდნენ ტენდერებს. ასევე, ნულოვანი აუქციონით, ხელში მუქთად იგდებდნენ ძვირადღირებულ სახელმწიფოს უძრავ ქონებას და ცხადია, მათი ბიზნესი და ქონება ოჯახის წევრებზე იყო გადაფორმებული. რაც მაღალი ჩინისა იყო ადამიანი, მით მეტს შოულობდა. ეს მანკიერებები ხომ დარჩა სუს–ში. თუმცა, დღეს სუს–ის თანამშრომლები მაღალ პოსტებზე მხოლოდ იმიტომ არ ოცნებობენ, იმიტომ არ იბრძვიან მის მოსაპოვებლად, რომ უზრუნველი ცხოვრება, მარტო ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით მოიპოვონ. საუბედუროდ, დღეს სუს–ის თანამშრომლები, უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვით არიან დაკავებულები. მაღალ პოსტებზე მოხვედრა იმიტომ უნდათ, რომ უფრო მეტ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე მოუწვდებათ ხელი და დღეს, ამ სამყაროში ყველაზე მეტად ინფორმაცია ფასობს, ყველაზე ღირებული პროდუქტი ინფორმაციაა. რამდენადაც მითხრეს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ინფორმაციას ჰყიდიან რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურებზე და საამისოდ შორს წასვლა არ სჭირდებათ. ინფორმაციას ყიდულობენ ამ ქვეყნების საელჩოებში, დიპლომატების სტატუსის მქონე სპეცსამსახურის თანამშრომლები. გესმით? ხალხი იმაზე ოცნებობს, სუს–ში მაღალი თანამდებობა დაიკავოს და საიდუმლო ინფორმაცია გაყიდოს, ანუ სამშობლოს უღალატოს. არადა, სუს–ი ქვეყნის მოღალატეებს უნდა დასდევდეს, ავლენდეს და სჯიდეს. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და ჩინოსნების მთავარი ოცნება ქვეყნის ღალატი რომ იქნება, იქ დასრულებულია ყველაფერი. ამაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაში რაღა უნდა მოხდეს? მერე ვკითხულობთ, გვეშველება რამეო? რა უნდა გვეშველოს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური მოღალატეებით არის სავსე? სუს–ი გასაწმენდი კი არა, გასახვეტია. იქ დასაქმებულთა 20% უნდა დატოვო. დანარჩენები გაუშვა სამსახურიდან. ცხადია, ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან არ მაქვს.“– განუცხადა „ალიას“ წყარომ.
კომენტარები