„ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ „ოცნების“ განცხადების თაობაზე უამრავი გამაოგნებელი შეფასება მოვისმინე, მათ შორის – არაერთი ე.წ. ექსპერტისა. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ამ ე.წ. ექსპერტების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს პოლიტიკურ შეთანხმებასა და სამართლებრივ აქტს შორის რაიმე ზღვარი ვერაფრით გაუვლია და ამიტომაც, სრულ სისულელეს ამტკიცებს: თითქოსდა, „ოცნებას“ მაინც მოუწევს ამ შეთანხმების შესრულება, ანდა მკაცრად პასუხისგება, თუკი ამ შეთანხმების რომელიმე, განსაკუთრებით კი – ამ ე.წ. 43%-ის პირობას, არ დაიცავს; ზოგიერთი ექსპერტი იქამდეც კი მიდის, მიიჩნევს – ამ პოლიტიკურ შეთანხმებას, როგორც რაღაცა წმიდათა წმიდას, თურმე მეტი ძალა აქვს, ვიდრე თუნდაც კონსტიტუციასა ან კანონს. „ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
„გამაოგნებელი უვიცობა რასაც ეს ე.წ. ექსპერტები ამჟღავნებენ, აუცილებლად მოითხოვს: ხელისუფლებამ გახსნას „ლიკბეზის“(ქართულად – „ლიკუვი“-ს ე.ი. „ლიკვიდაცია უვიცობისა“ ) უფასო კურსები, თუნდაც ვირტუალური, რომლის გავლაც სავალდებულო იქნება ყველასთვის, ვინც კი მსგავს სამართლებრივ ობსკურანტიზმს „ექსპერტული დაჟინებით“ ქადაგებს;
ხოლო სანამ ეს „ლიკბეზი“ იქნება ორგანიზებული, თავს უფლებას ვაძლევ და ამ ღრმად პატივცემულ ე.წ. ექსპერტებს რამდენიმე უფასო რჩევას, რასაც თუ გაითვალისწინებენ, მათთვისავეა უმჯობესი, მივცემ:
პოლიტიკური შეთანხმება,თუნდაც ევროკავშირის მედიაციით მიღწეული, ამ შემთხვევაში – ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტი, მით უმეტეს – ნორმატიული აქტი, რითაც სამართლის ნორმები, ე.ი. სავალდებულო საჯარო ქცევის წესები, დგინდება, არ არის, ამიტომ მისი დარღვევა არავითარ, ხაზგასმით ვამბობ – არავითარ, სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ წარმოშობს და ამაზე საუბარი სრულიად უადგილოა; ხოლო „პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, კი ბატონო, ეს, როგორც დღეს უწოდებენ – „აღქმის“ ამბავია და რეალურად, როგორც წესი – არჩევნების შედეგებით და არა “ლეგიტიმური ამბოხით”, რასაც ეს ე.წ. ექსპერტები ასაბუთებენ და იმუქრებიან, განისაზღვრება ხოლმე;
ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტი, მართალია, უმაღლესი რანგის ევროპული მედიაციით, მაგრამ ოდენ – საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაა; არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საქართველოს რაიმე საერთაშორისო შეთანხმებას, რაც შესასრულებლად სავალდებულოა და კონსტიტუციის (ასევე, კონსტიტუციური შეთანხმების) შემდგომ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს; რადგან იგი საქართველოს საერთაშორისო შეთანხმება არ გახლავთ, არც საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, სამართლებრივად ვალდებულებებს არ წარმოშობს, მისი დარღვევა კი სამართლებრივად რაიმე პასუხისმგებლობას, მით უმეტეს – ქვეყნისთვის ან თუნდაც ამ ქვეყნის პოლიტიკოსთათვის, რაიმე სანქციების დაწესებას სამართლებრივად ვერასგზით ვერ განაპირობებს;
პოლიტიკური შეთანხმება, ასევე არ გახლავთ რაიმე სამოქალაქო გარიგება, რომელიც, თუკი დაირღვა , მხარის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
ამრიგად: ეს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის საკრალიზაციას ასე დაჟინებით ცდილობენ, შესასრულებლად სავალდებულო არც საერთაშორისო შეთანხმებაა, არც სამოქალაქო გარიგება და არც რაიმე სამართლებრივი აქტი; არამედ გახლავთ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ევროპული მედიაციით შეთანხმებული გარკვეული პირობების ჩამონათვალი, რის დაცვასაც მხარეები – პოლიტიკური პარტიები, საკუთარი კეთილი ნებით, აბსოლუტურად ნებაყოფლობით, და არა სამართლით დადგენილი რაიმე ვალდებულებების გამო, კისრულობენ. ამიტომაც – სამარტლებრივი ობსკურანტიზმია ე.წ. ექსპერტების მტკიცება, თითქოსდა “ოცნების” მიერ ამ პირობების შეუსრულებლობას მოჰყვება რაიმე საერთაშორისო თუ შიდა იძულების ღონისძიებები და მიუხედავ ყველაფრისა, მათ შორის – იმისიც, რომ ნაცების მიერ შეთანხმება ხელმოწერილიც კი არ არის, ეს პირობები მაინც შესრულდება “ოცნების” მიერ.
რჩევის სახით, ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას:
ამ შეთანხმების ეს, „43%-ის პირობა“, იმთავითვე არაკონსტიტუციურია. მისი არა დარღვევა, არამედ პირიქით – შესრულება, თუკი ხელოვნურად არ შეიქმნებოდა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად აუცილებელი საფუძვლები, გარდაუვლად წარმოშობდა – სწორედაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა – ოცნებამ ვერ აიღო ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებში ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით – ეს 43%. ასეთ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად არ შექმნის სამთავრობო კრიზისს, ე.ი. უნდობლობას არ გამოუცხადებს ღარიბაშვილის მთავრობას და ამსათან, ასევე უარს არ იტყვის ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენაზე, პრეზიდენტს არ ექნება არავითარი უფლება – დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. გარდა იმისა, რომ თავად პრეზიდენტი არ წარმოადგენს მხარეს ამ შეთანხმებაში, მას არც ნებაყოფლობით და არც სხვაგვარად, არავითარი ვალდებულებები არ აკისრია, ხოლო თუკი უსაფუძვლოდ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ცხადია, ჯერ ერთი- ის იმთავითვე ბათილი გადაწყვეტილება იქნება, ხოლო თავად პრეზიდენტს, რადგან იგი კონსტიტუციას უხეშად დაარღვევს, იმპიჩმენტის წესით მოუწევს პასუხისგება. მოკლედ – ეს 43%-ის პირობა იმდენად აბსურდულია, რომ მის შესრულებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს და არც ერტ შემთხვევაში, იგი არც შესრულდებოდა.
ასე რომ: ერთადერთი შედეგი, რაც ოცნების მიერ ამ შეთანხმების ანულირებას მოჰყვება, რასაკვირველია, იქნება ოდენ პოლიტიკური, რასაც აგერ, 2 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მკაფიოდ ვნახავთ. ხოლოის, რომ ნაცები ისევ დაჟინებით ეცდებიან რიგგარეშე არცევნების არაკონსტიტუციური გზით მიღწევას, ახალი არ არის. მათ არავიტარი პოლიტიკური შეთანხმება არ შეაჩერებს. სანამ ბოლომდე კისერს არ მოიმტვრევენ, სიშლეგეს არ მოიშლიან.
ხოლო ეს ე.წ. ექსპერტები, თუკი კვლავაც გააგრძელებენ სამართლებრივი ობსკურანტიზმის განუკითხავად გავრცელებას ქვეყანაში, ბოლოს იმითი დაამთავრებენ, რასაც კახელები „გაღორისკუილებას“ ვეეძახით: „მაგის სიტყვასა და კახური ღორის კუილს ერთი ფასი აქვსო“ – როცა ვამბობთ.“ – წერს ანალიტიკოსი.
gtmedia.ge
კომენტარები