ახალციხელი ექიმის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ახალი მიმართულებით მუშაობს – ეძებს აფთიაქს, რომელშიც შესაძლოა გარდაცვლილს მედიკამენტი ეყიდა. ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყება ცდილობს ახალი კითხვები გააჩინოს და გარდაცვალების ახალი ვერსია შესთავაზოს საზოგადოებას.
როგორც ადვოკატი რადიო თავისუფლებას უყვება, მან მოკვლევით დაადგინა, რომ გამომძიებლები რამდენიმე აფთიაქში მივიდნენ და კონკრეტული მედიკამენტის შეძენაზე ფარმაცევტებს ჰკითხეს. ბარამაშვილს ბოლოს საქმის მასალები ერთი კვირის წინ გადაეცა. იქ მხოლოდ ერთი აფთიაქის თანამშრომლების გამოკითხვის ჩანაწერებია, კონკრეტული მედიკამენტის შესახებ დასმული კითხვები კი ოქმებში ასახული არ არის.
“ახლა გამოძიება მუშაობს სხვა მიმართულებით, რომლის ჩასაჭიდი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის. არ არსებობს არც მოწმეთა ჩვენება. უბრალოდ, ადგა და დაიწყო მოკვლევა იმაზე, მეგიმ ორსულობის შესაწყვეტი ამბები ხო არ დალია”, – ამბობს ადვოკატი.
ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, იყო თუ არა სისხლში ნივთიერებები, რომლებიც საზიანო შეიძლება ყოფილიყო. ბარამაშვილს ეჭვებს უღრმავებს ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემთხვევაშიც კი, კონკრეტული მედიკამენტის აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა, დაფიქსირდებოდა შემადგენლობა, რომელსაც სხვა მედიკამენტებიც შეიცავენ.
“არასდროს პასუხობენ ტელეფონს, როცა კრიტიკული სიტუაციაა… გამოძიებას პირველი დღიდან ვეუბნები, რომ თქვენ ხო არაფერი გაქვთ დასამალი, რატომ ქმნით ასეთ მოცემულობას, რომ აჩენთ კითხვებს – რატომ მიმალავ საქმის მასალებს; დღეს, როცა იძიებ ახალ რაღაცას [რატომ არ მეუბნები]… [ახლა ჩნდება კითხვა] ხომ არ უნდა, რომ რაღაც ვერსია ააწყოს და ამ ვერსიას დააკავშიროს [გარდაცვალება]”, – ამბობს მეგი ბარამიძის ოჯახის ადვოკატი.
კომენტარები