“ყველა ის გარემოება, რაც დაკავშირებულია როგორც მათი მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთასთან, ასევე დანაშაულის ჩადენასთან, მათ შორის მკვლელობის მცდელობის, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. სწორედ გამოძიების საგანია, დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიემ, ალექსანდრე დარახველიძე ძმები კაკულიების საქმეზე.
მინისტრის მოადგილე ასევე, აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის საუბარი ქვეყანაში კრიმინალის გაზრდაზე.
“გაზრდილ კრიმინალზე რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით საუბრობთ ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ ყოველდღიურად იმ სტანდარტების შესაბამისად ვაქვეყნებთ ინფორმაციას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ. თუ გადახედავთ ვებგვერდს, ბოლო წლების განმავლობაში შემცირებულია დანაშაულის რიცხვი და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გახსნილი დანაშაულების მაჩვენებელი, რისთვისაც თითოეულ პოლიციელს მადლობას ვუხდი”, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
ძმები კაკულიები თბილისში, 30 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მათ სამი მუხლით წაუყენა ბრალი. საგამოძიებო უწყება მათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
კომენტარები