ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე მასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა და თქვა:
“ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი აღვწერო. გავიარეთ რთული პერიოდი და რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა რთულია, მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.
2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი.
როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს.
მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა.
ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო.
როცა ჩვენი შვილი დღენაკლული დაიბადა, მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო.”
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კომენტარები