გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.
„იცით, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნას ოჯახი ველოდით ძალიან დიდხანს, იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით.
ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, ეს არის დაახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია და გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილის დროს, წაქცევის დროს, ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული როგორც სახის არიდან, დამთავრებული ტანის არეში, ხელების მიდამოებში და ყველგან.
შესაბამისად, ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგთავაზათ პროკურატურამ, ბუნებრივია კარგია. ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება კონკრეტული ბრალდებები წარდგენილი გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“
კომენტარები