საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ, კლინიკას დღეს დატოვებს. ოპერატორმა კლინიკა თავდაპირველად 7 ივლისს დატოვა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ორი დღის წინ ისევ კლინიკაში დაბრუნდა. თვალიაშვილს აქციაზე თვალები დაუზიანდა და თავის ტვინის შერყევაც მიიღო.
როგორც „პუბლიკას“ თვალიაშვილის მეუღლემ, გვანცა ქართველიშვილმა განუცხადა, ოპერატორს ბოლო პერიოდში ძლიერი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა, ამის გამო მიმართეს კლინიკას.
„ვინაიდან, ილიას ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილი, ამისთვის წავედით ლეჩკომბინატში, სადაც დატოვეს ბოლო ორი დღე – კვლევები იყო საჭირო, რაც იმავე დღეს ვერ მოესწრებოდა. კვლევების ყველა პასუხი დამაკმაყოფილებელია. გვითხრეს, რომ თავის ტკივილი თვალის ტკივილთან პირდაპირ კავშირშია და გაუგრძელეს წოლითი რეჟიმი 10 დღით. დღეს, შუადღისით გამოწერენ უკვე. ექიმების თქმით, მხედველობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, უბრალოდ დროის ამბავია, თუნდაც თავის და თვალის ტკივილები რომ ალაგდეს. ამ ეტაპზე მარცხენა თვალიდან ისევ უჭირს მხედველობა, თუმცა უკეთესობა, რა თქმა უნდა, გვაქვს“, – განაცხადა მან.
5 ივლისს თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
პირველი არხის ოპერატორი კი, 15 ივლისს, სახლიდან ყვებოდა, რომ საერთო ვერ ხედავდა მარცხენა თვალით, ჰქონდა ტკივილები, თუმცა, იგი მაინც გამოწერეს კლინიკიდან, შემდეგ კი, ისევ დააწვინეს და ისევ გამოწერეს რამდენიმე დღეში. შეგახსენებთ, მას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თვალებში, გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს.
კომენტარები