ბრიუსელის მონაწილეობით ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეულ შეთანხმებას „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება და ამბობს:
“პროცესები დაიწყო და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ გლობალური ცვლილებებისა, რომელსაც მსოფლიოსთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მოიტანს. კავკასიაში ორ ქვეყანას შორის მშვიდობისთვის მზაობა რუსეთის რეალური სახის წარმოჩენამ გააჩინა – ბოლო ომმა ყარაბაღისთვის სომხებს აჩვენა, რომ რუსეთის იმედად ყოფნა დამღუპველია და რომ რუსეთი როგორც პატრონი და პარტნიორი, არაფრად ვარგა, ხოლო უკრაინაში რუსეთის ხელისუფლების და სამხედრო ელიტის ილუზორულმა სტრატეგიამ და ბრძოლის ველზე ტაქტიკურმა მარცხმა – ისიც დაანახა, რომ „ლეგენდარული“ რუსული არმია არც ფარად და მახვილად უქნია ღმერთს.
ამიტომ, გამჭრიახმა სომხებმა, სანამ გვიან არ არის, გადაწყვიტეს რუსული ღალატის და დიქტატის გარეშე განსაზღვრონ თავისი მომავალი და ადგილი და როლი რეგიონში.
ნიშანდობლივია, რომ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად აზერბაიჯანმა დაიკავა ყარაბაღში სომხების მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი სოფელი, რომელიც რუსული „სამშვიდობოების“ დაფარვის ზონაში იყოფებოდა. ამის შემდეგ, სომხეთმა 28 მარტს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და სთხოვა აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.
რუსეთის მომავალი მარცხი დასავლურ ცივილიზაციასთან ომში, რადაც იქცა რუსეთის სამხედრო შეჭრა და ველური სისასტიკით წარმოებული ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არა მარტო სომხეთს, არამედ კავკასიის სხვა ერებსაც და ეთნოსებსაც აიძულებს საკუთარი უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე იფიქროს და ეს საქართველოსთვის გამოწვევასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაც არის.
სამაჩაბლოელი ოსების საუბარი რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდზე, მას შემდეგ რაც უკრაინასთან ომში ოსები ჯერ გარეკეს, შემდეგ კი იქიდან გამოქცეულები, იძულებით კვლავ უკან გაყარეს, ასევე რუსეთის როგორც სხვა კავკასიელი ერებისგან მათი დამცავი ფარის როლის შესუსტება, ოსებში თვითგადარჩენის ინსტინქტს აამუშავებს.
რუსეთის როლის შესუსტების პარალელურად, კავკასიაში, სხვა ჩრდილო კავკასიელი ერების გვერდით, ოსების მშვიდობიანი თანაცხოვრების მომლაპარაკებლის და გარანტორის როლი საქართველომ შეიძლება და უნდა აიღოს. ასე რომ, წინ დიდი გამოწვევების და დიდი შესაძლებლობების ეპოქა მოდის.
ბრიუსელის შეხვედრა რამდენიმე რამით არის მნიშვნელოვანი:
1. ბრიუსელი თავის ხელში იღებს კავკასიაში სამშვიდობო პროცესს და სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესში ფუნქციას კარგავს ავადსახსენებელი „მინსკის ჯგუფი“, რუსეთით სათავეში,
- აპრილის ბოლომდე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესზე,
- ალიევმა და ფაშინიანმა საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს დაიწყონ მუშაობა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე,
- სომხეთი იძულებული გახდა დასთანხმებოდა აზერბაიჯანის მოთხოვნას, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება დოკუმენტებში „მთიანი ყარაბაღის“ ხსენებასაც კი, მაშინ როცა სომხეთისთვის ეს ამ დასახელების არსებობა პრინციპულად მნიშვნელოვანია: მოლაპარაკების შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მთიანი ყარაბაღის ხსენება არ არის.
- მზადება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის;
- 6. ჩვენთვის განსაკუთრებით საგულისხმო შედეგი ბრიუსელის შეხვედრის გახლავთ ის, რომ მხარეები შეთანხმდნენ დაიწყოს მუშაობა სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რაშიც ბრიუსელისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ როგორც ფინანსური, ასევე ლოჯისტიკური.
რა თქმა უნდა, სომხეთის ხელისუფლებისთვის ურთულესი გადაწყვეტილება: დათმოს პოზიციები მთიან ყარაბაღთან მიმართებაში, მხოლოდ დიდი და ისტორიული კომპენსაციის შედეგად მიიღწევა და ეს არის სომხეთის ინტეგრაცია რეგიონულ და საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც სომხეთს რეგიონული გადაზიდვების ჰაბის ნაწილად აქცევს და რაც მის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ აღმავლობას უზრუნველყოფს.
ამ პროცესის ნაწილია სომხეთსა და თურქეთს შორის გააქტიურებული ურთიერთობები საჰაერო მიმოსვლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
ევროკავშირიც კარგად აცნობიერებს, რომ სომხეთის ჩართულობა დიდ რეგიონულ პროექტებში, რომელიც მის ინტერესებს ორგანულად მიაბამს რეგიონის სხვა მოთამაშეების – თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საქართველოს ინტერესებს – არის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის და ეკონომიკური აღმავლობის მექანიზმი.
ამიტომაც, ისმის დასავლეთის პოლიტოლოგიურ წრეებში იდეები აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ერთ-ერთ დერეფნად სომხეთიც განიხილონ. თუმცა, ჯერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი არ არის. მოკლედ, ეს შესაძლებლობაა თუ გამოწვევა საქართველოსთვის?!
- საერთო ინტერესებზე დაფუძნებული გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უნიკალურია,
- 2. საქართველოს არავინ ჩახსნის რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სომხეთის ჩართვის ხარჯზე,
- 3. ახალი რეალობის გამოწვევად კი არა, შესაძლებლობად ქცევა მთლიანად საქართველოს ხელისუფლების გონიერება და სტრატეგიული აზროვნების მასშტაბზეა დამოკიდებული: საკუთარ ქვეყანას მტრად კი არ უნდა მოეკიდო და ანაკლიის პორტი დაბლოკო, არამედ შენი ინფრასტრუქტურის უნიკალურობის წარმოჩენით უნდა იყო დაკავებული.
პირველ ეტაპზე, სულ მცირე, შესადგენია საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობების რუკა, რომელიც ნათლად დაგვანახებს რამდენად რესურსული ქვეყანა ვართ ბევრი თვალსაზრისით.
კომენტარები