საქართველოს განათლების სამინისტრო 51-ე სკოლაში გაკეთებულ წარწერაზე განცხადებას ავრცელებს:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია. ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები.
უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა”.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მოზარდებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
“ქურდებს სიცოცხლე” – ამ წარწერით 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს დახვდნენ.
ნაცვლად იმისა, რომ სამინისტროს ზომები მიიღო, 24 საათის შემდეგ, მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მედიას ადანაშაულებს. მედიას არ დაუსახელებია არასრულწლოვანის სახელი და გვარი, შესაბამისად, თუ სკოლის მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გართულდა, იქნებ, მიზეზი ისევ სკოლაში უნდა ვეძებოთ? დადგინდეს, ხომ არ მისცეს საყვედური მოსწავლეს სკოლაში მიუღებელი, ან შეურაცხმყოფელი ფორმით?
და სანამ სკოლის წარმომადგებელი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ხელს ჩამოართმევდა, იქნებ, რომელიმეს დაფის გაწმენდა მოეფიქრებია, ხომ ორთავე ზრდასრულია? – განათლების სამინისროს, არც ეს კითხვა მოუვიდა აზრად. მხოლოდ მედიაა დამნაშავე და თუ პრობლემას არ გავაშუქებთ, პრობლემა აღარ იარსებებს? ამას ვასწავლით ბავშვებს?
და ბოლოს, თუ ხედავთ რომ მომხდარის არასწორად გაშუქება ხდება, ერთი დღე რატომ ხართ ჩუმად?
კომენტარები