გარდაიცვალა მუსიკოსი ალეკო კვაშალი, ნუზარ კვაშალის უმცროსი ძმა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ბავშვობის მეგობარმა დათო ევგენიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
დათო ევგენიძე: გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა თრომბი მოწყდა და დღეს გარდაიცვალა… ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით…
ალეკო ბავშვობიდან მეგობრობდა დათო გომართელთან, გიო ხუციშვილთან, ანრი ბასილაიასთან, დათო ევგენიძესთან, ირაკლი ჭანტურიასთან. სწორედ ამ უკანასკნელის გარდაცვალებით შეწუხებულმა ალეკომ, ზუსტად ერთი წლის წინ, პრაიმტაიმთან ასეთი კომენტარი გააკეთა.
” მე და ირაკლი ჭანტურია 74-75 წლიდან ვმეგობრობდით. ჩემი მეუღლე, ნანუკა ქოიავა ირაკლიმ გამაცნო. სკოლელები იყვნენ, მეგობრობდნენ. მერე მე და ნანუკამ ვიქორწინეთ და მე და ირაკლიც უფრო დავახლოვდით.
ბავშვობაში ვეხვეწებოდით, რომ ჩვენთან ერთად ემღერა. ხან ანსამბლს გავაკეთებდით მე, გიო ხუციშვილი, დათო გომართელი და ხელს მოვკიდებდით, მაგრამ ისხლიტავდა და სცენას გაურბოდა. მხოლოდ სამეგობროში იხარჯებოდა. მასშტაბურობა არ ხიბლავდა. მე არ ვიცი, ქეთი დოლიძემ როგორ მოახერხა და ამ ფილმში როგორ გადაიღო. იქაც არ უნდოდა. როგორც ფანჯარაში იყურება, გაბუტული ტუჩებით, ასეთი განწყობით იყო. ეს კადრი ირაკლის ხასიათია მთლიანად.”
კომენტარები