ფოტო – ტვ პირველი
არასამთავრობო ორგანიზაციები სანატორიუმი “ქართლის” შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტსა და დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ მომხდარი ტრაგედია სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია:
“…ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის დროზე საკუთარ თავზე არ აიღო. მხოლოდ გუშინ, როცა ადგილზე უმძიმესი ტრაგედია მოხდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებს ახალ საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ 2022 წლისთვის უზრუნველყოფს.
ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარი პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო და გამოძიებამდე ის არ უნდა დაკავშირებოდა დევნილების პრობლემას. მინისტრის განცხადების საპირისპიროდ, ბატონი ზურაბის მეზობლები ჩვენთან განმარტავენ, რომ გარდაცვლილი აქტიურად იყო ჩართული მათ პროტესტში და მონაწილეობას იღებდა პროტესტის დაგეგმვაში და ბოლო დღეებში მათთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ თავს თუ მოიკლავდა მხოლოდ ასე შეძლებდა მათ წუხილებზე ყურადღების შექმნას.”
ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევინილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით.
იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.
კომენტარები