თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 22 ივნისის მდგომარეობით 188 ქვეწარმავალი დაიჭირა, მათი უმეტესობა კი გველხოკერაა – უფეხო ხვლიკი, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი, ვახტანგ ლომჯარია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გველხოკერას მოკვლისგან, რადგან ის უსაფრთხოა. გარდა ამისა, დაჭერილი ქვეწარმავლების მხოლოდ 20% იყო გველი და მათგან რამდენიმე შხამიანი.
როგორც ვახტანგ ლომჯარია ამბობს, თბილისში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ დრომდე 2 გიურზა დაიჭირა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახეობა თბილისში არ ბინადრობს, დიდი ალბათობით, ისინი სამშენებლო მასალების გადმოტანისას შემთხვევით გადმოიყვანეს რეგიონებიდან. მისი თქმით, შხამიანი ქვეწარმავლები თბილისში ძალიან იშვიათია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო წლის განმავლობაში, დაახლოებით, 5 ასეთ გველს იჭერს.
ლომჯარიამ ასევე განმარტა, თუ როგორ უნდა გაირჩეს შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი არაშხამიანისგან:
“როცა არის შხამიანი ქეწარმავლის ნაკბენი, როგორც წესი, მთლიანი ყბით ხდება ხოლმე კბენა და ნაკბენს აქვს მთლიანი ყბის ფორმა და ყბის ბოლოში არის ხოლმე ორი ეშვის ნაკვალევი. ასევე შხამიან ნაკბენს მოყვება ძალიან ძლიერი ტკივილები, შუპდება და წითლდება ნაკბენი ადგილი. თუმცა ადამიანს რეგირებისთვის აქვს 2-5 საათამდე იმისთვის, რომ მივიდეს კლინიკაში. თუმცა თუ ძლიერად შხამიანმა ქვეწარმავალმა გიკბინათ, შესაძლოა, განვითარდეს მცირე ნეკროზი, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა თითქმის 100%-ით შესაძლებელია”- (ნიუპოსტი)
“ალია” კი გირჩევთ, არც კი სცადოთ სპეციალისტის გარეშე იმის გარჩევა შხამიანმა გველმა გიკბინათ, ძლიერ შხამიანმა, თუ საერთოდ არ იყო შხამიანი, არც დრო დაკარგოთ, არც ნაკბენის ფორმას ენდოთ, პირდაპირ კლინიკას მიაშურეთ.
კომენტარები