„ალიას“ პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრება
– „კავკასიური სახლსა“ და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შორის მიმოწერა, ეპისტოლური კამათი საკმაო ხანს გაგრძელდა. მისთვის გაგზავნილ პირველ წერილს თქვენც აწერდით ხელს, რომელშიც კრამონს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ლობირებაში დასდეთ ბრალი. მას მისწერეთ, რომ „უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის, ავტორიტარული რეჟიმის რეაბილიტაციას“. არადა, კრამონი მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს კრამონმა საპასუხო წერილით დაადასტურა და რეალობაა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ თქვენი წერილის ადრესატი არ იყო სწორედ შერჩეული და იჩქარეთ. რას იტყვით ამის შესახებ?
– აღნიშნულ წერილებს მხოლოდ ხელს კი არ ვაწერდი, ორივე მათგანის თანაავტორიც ვარ. ადრესატიც მშვენივრად შევარჩიეთ. ქ-ნ ვიოლას რამდენჯერმე შევხვედრივარ. მისი ბიოგრაფია და წინა მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებებიც ცნობილია ჩემთვის. გადასარევად ვიცნობ გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ისტორიასა თუ პოლიტიკურ პროფილს. სწორედ ამიტომ მივწერთ და მას და არა რომელიმე მემარჯვენე პოლიტიკოსს. მისგან გაგვიკვირდა, რომ რადიკალებთან უნისონში კვერს უკრავდა ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას უპირობო გათავისუფლების მოთხოვნას.
სამწუხაროდ, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, საქართველოს მთავრობის სიბეციდან გამომდინარე, მთელ ქვეყანას „დაბალ ღობედ“ აღიქვამს. ისინი თავს უფლებას აძლევენ და ადგილობრივი პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, მათ მიერვე დაფინანსებული ორგანიზაციების სამგვერდიანი მოხსენებების საფუძველზე აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს, „ტვიტებით“ ზემოქმედებენ ჩვენს ყოველდღიურობაზე. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ დასავლელ პარტნიორებს ქართული დემოკრატიის განვითარებაში მონაწილეობის მიღება სურთ. ოღონდ ჩვენს დახმარებას საქართველოს ყოველდღიურობის შესწავლა და მეტი სერიოზულობა სჭირდება. ქ-ნი ვიოლას მიდებ-მოდებებით და ბუნდოვანი პოზიციებით საქმე არ კეთდება.
ჩვენ მას ვუთხარით, რომ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტად ჩამოყალიბებისთვის ადგილობრივი ხალხების უკეთ შესწავლა მმართებს. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი ეგოს ტყვეობაში მყოფ ხალხს გაჭირვებული ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული შენიშვნების მოსმენა აცოფებთ. ეს არის და ეს!
ლევან ჯავახიშვილი, ალია №21
კომენტარები