„ალიას“ საფრანგეთში მცხოვრები, “რადიო ფრანსის“ ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ესაუბრება.
– გიორგი, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში რა შანსი აქვს? არც თუ დიდი ხნის წინ კვლევსა ჩაატარეს და 55% –იანი რეიტინგი დაიფიქსირეს, ძალიან გახარებულები იყვნენ. თანა ალბათ გიორგი რურუა დარჩება ციხეში და საარჩევნო–საკონსტიტუციო ცვლილებებს ისე შეიტანენ.
– გუშინ ველაპარაკებოდი მეგობარს, რომელიც ევროკომისიის პრეს–სამსახურში მუშაობს. გიორგი რურუას თემაც წამოიჭრა. ეს კაცი მეუბნება, რურუას საქმე კარგად შევისწავლე, მე და შენ რომ დავჯდეთ, ერთ სამ საქმეს ისეთს ვუპოვნით წარსულიდან, 10 წლით მაინც წავა ციხეში, შეიძლება, მეტითაცო. კი, ეს ასეა, მაგრამ კაცს, რომელსაც 48 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს გაფორმებული, იმას ჟანგიანი ტე–ტე–თი რომ იჭერ, კითხვები არ გიჩნდება? იმ ჩემმა მეგობარმაც ეს მითხრა და დაამატა, ამერიკიდან დეპორტაცია რომ გაუკეთეს რურუას, მაშინ რატომ არ დასაჯეთო? ან ამდენი წელი ერთი ძველი დანაშაული რატომ არ გაუხსენა პროკურატურამ და რაღა მაშინ დააკავეს იარაღით, როდესაც „მთავარი არხის“, ოპოზიციური ტელევიზიის თანადამფუძნებელი გახდა და ამ არხის დაფინასება დაიწყოო? მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც კბილებით გავიტანე თამაზ თამაზაშვილის საქმე, ლილიკო გელაშვილი იყო მისი ადვოკატი, ლილიკომ კარგად იცის, რამდენი ვირბინე ამ საქმეზე. მას იარაღი ჩაუდეს „ნაცებმა“. თამაზაშვილის საქმე, ისე ჰქონდათ „ნაცებს“ „შეკერილი“, ვერ შეედავებოდი ვერაფერში. ერთადერთი ის იყო საეჭვო, რომ თამაზაშვილი პოლიციის გენერალი იყო, იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდა და უკანონო იარაღი ჩაუდეს. ეს ფაქტი იყო ხელჩასაჭიდი და დაიჯერეს ევროსტრუქტურებში, რომ პოლიტიკური მოტივით იყო დაჭერილი და პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა ციხიდან.
კიდევ ერთი წინდაუხედაობა და „ნაცებთან“ კულუარული გარიგება უნდა გავიხსენო. რა საჭირო იყო 8 მარტის შეთანხმების ასე ჩუმად გაკეთება? „ქართულ ოცნებას“ ხმები ყოფნიდა, თუ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები მათსას დაემატებოდა. არა, ასე არ გააკეთეს, ერთ პარტიას, მეორე ფრაქციას სრული იგნორი გაუკეთეს და „ნაცებს“ მოელაპარაკნენ. იმ „ნაცებს“, რომლებიც არ შედიან კენჭისყრაზე. ირმა ინაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ არ ვიცოდით, ამოიღეს და დადეს რაღაც დოკუმენტიო. იგივე თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელსაც ვერ დააბრალებ, რომ დეპუტატობით გაკეთდა და საშოვარია მისთვის პოლიტიკა. პეკინზე 3-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და ახლაც იქ ცხოვრობს. დახვეწილი დიპლომატია, პატიოსანია და ეს კაცი არ მოიტყუება. ეს ხალხი დატოვეს თამაშგარე მდგომარეობაში, მათ ზურგსუკან რაღაცას მოაწერს ხელი და ახლა, ცხვირში აფარებენ „ნაცები“ იმ დოკუმენტს. რატომ ჩაიგდეს შარში თავი საკუთარი უტვინობით? ამას სჭირდებოდა 113 ხმა და „ნაცების“ და ბოკერიას გუნდის გარეშე გროვდებოდა ამდენი ხმა. ამაშია უბედურება და პრობლემები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც თვალში ნაცარს ვაყრით და საკუთარ ხალხსაც. ეს 55% „ქართული ოცნებისა“, ერთის მხრივ, სახალისოც იყო. რაის 55%, არ გადამრიო. ტყუილია, რად უნდა მაგას ლაპარაკი. ვინმემ დამარწმუნოს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ 4% აქვს და მეტი არა. ლევან გოგიჩაიშვილზე მეტი პატივისცემა ხალხში გიგა ბოკერიას აქვს? დამარწმუნოს ვინმემ ამაში, რა! ამ კვლევებით თავსაც იტყუებენ და ხალხსაც ატყუებენ. რა მნიშვნელობა აქვს, შენ მომატყუებ, აი–რა–ი თუ ენ–დი–აი? ვერ ისწავლეს ჭკუა, ვერაფერმა ასწავლა ამათ ჭკუა. ვერც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ასწავლა ჭკუა. ისე, სალომე ზურაბიშვილსაც თვითონ გაუჩალიჩეს ის პირველი ტური. მოიგებდა სალომე იმ არჩევნებს პირველ ტურში, მაგრამ პიარი ამათ არ უვარგათ, მართვა ამათ არ უვარგათ. ეუბნები და სწყინთ. შემოგიბრუნდებიან და მერე „ნაცს“ გეძახიან, ამ დროს გატენეს „ნაცებით“ პარტია. „ქართული ოცნების“ ძველი შემადგენლობიდან 3–4 კაციღა დარჩა, მეტი არა, ყველა გაიქცა. 90% „ნაცები“ ჰყავთ.
– არჩევნებზე რა შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“ და კიდევ რომელი პარტიები შეძლებენ პარლამენტში შესვლას?
– „ქართული ოცნება“ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ამის აღარანაირი რესურსი აღარ დარჩათ. ჭრელი პარლამენტი იქნება, თუ ევროპული დემოკრატია გვინდა, ეს სივრცე უნდა გაიხსნას. 4–5 პარტია შევა, ჩემი აზრით. კიდევ შევლენ „ნაცები“ და „ევრონაცები“, ამათ ჰყავთ თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი და „პატრიოტთა ალიანსი“. ჩემი აზრით, ერთი ფრაქცია ამ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც ეყოლებათ, „ქართული ოცნებიდან“ რომ გამოაქციეს „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ერთად, რადგან მაგათ სიამტკბილობას და ჩახუტებას ვეღარ გაუძლეს.
– ასეთ შემთხვევაში, ვისთან შევა კოალიციაში „ქართული ოცნება“?
– თუ ოდნავ ჭკუა, სინდისი და გონება შერჩათ ამ პარტიის მესვეურებს, „პატრიოტთა ალიანსს“ და ამ დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად უნდა შექმნან კოალიცია. აბა, სხვა ვინ? თუ უნდათ „ნაცები“ და „ევრონაცები“ მოაშორონ პოლიტიკას, მაშინ ეს უნდა ქნან.
– ვრცელდება ხმები, რომ გიგა ბოკერიას „ევრონაცები“ მეტ მანდატს მოიპოვებენ „ნაცებზე“ და ამას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს და შემდეგ ერთად იქნებიან კოალიციაში.
– არა მგონია მაგაზე წავიდეს „ქართული ოცნება“, თუმცა, აღარაფერი მიკვირს მაგათგან. ეს თუ მოხდა, ხალხი გამოვა ქუჩაში. დამიჯერე რა, მიიღებენ უმართავ პროცესებს. ხალხი დაშლის ამ კოალიციას, ამ ბინძურ შეთანხმებას არ დაუშვებს და არ დაანებებს მათ ერთად ქვეყნის მართვას. 8 მარტის გარიგება ტყუილად კი არ ვახსენე, წავიდნენ და იმათ გაურიგდნენ, ვისთანაც გარიგება არ იყო საჭირო. კი, კომფორტულად გრძნობენ თავს „ნაცებთან“. ბოკერიასთან, მაგრამ იმედია, ასეთ სიბრიყვეს არ გააკეთებენ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია, №22
კომენტარები