კითხვამ – რა ტემპერატურაზე უნდა ვამუშაოთ გათბობის ქვაბი, იმისათვის, რომ სახლში გვქონდეს საჭირო სითბო და საფულეში მეტი ფული დაგვრჩეს, ლამისაა კითხვებს – ქათამი ადრე გაჩნდა, თუ კვერცხი, ჭიქა ნახევრად სავსეა, თუ ნახევრად ცარიელი – გადაუსწროს. ამიტომ ვეცდები, ამ კითხვას დეტალურად და პირად მაგალითზე გავცე პასუხი.
ავარჩიე გაზის ქვაბი, დამინონტაჟეს და ვფიქრობ, რა უნდა, ჩავრთავ და ეგაა, იმუშავებს. მოდი, ჩავრთავ 40 გრადუსზე, ასე უფრო ეკონომიური იქნება – კომპანიის წარმომადგენელი კი მაძლევს რჩევებს, მაგრამ ვინ უსმენს, მე უკეთ არ ვიცი? ისე მიხსნის, თითქოს, გათბობის ქვაბი პირველად მაქვს სახლში (არადა, მართლა პირველად მაქვს). 22 გრადუსი ტემპერატურა მინდა სახლში, 40 გრადუსზე ჩავრთავ და თბილადაც ვიქნები და მოგებულიც დავრჩები. გადის ერთი კვირა – ვხედავ ქვაბი მუშაობს, მუშაობს, არ „ისვენებს“ – მიხარია, ბევრს მუშაობს, ა, ესე იგი, კარგია, მუშაა, ზარმაცი არაა. ისე კარგად არ თბილა ოთახებში, როგორც უნდა თბილოდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, შალის წინდა არ მჭირდება. გადის 1 თვე, ვუყურებ კომუნალურ გადასახადებს და თვალებს არ ვუჯერებ. დანანებით გადავიხადე თანხა და აივნიდან მეზობელს გადავძახე: – ვაჟა, შენთანაც სამჯერ მეტი მოვიდა „დენის“ და გაზის გადასახადი? – არააა, – მპასუხობს ვაჟა და უმკლაო მაისურიდან ხელსაც აქნევს უარის ნიშნად. ჟაკეტს ბოლომდე ვიკრავ და ვფიქრობ: –ვახ, ვაჟასთან სახლში მაგრად თბილა, არადა, მაგასაც გაზის ქვაბი უყენია და ერთად დავდგით, თან, ეკონომიურადაც გამოძვრა. აი, მაშინ პირველად მეპარება ეჭვი, რომ რაღაცა სწორად ვერ გავთვალე.
6 თვე ვცვლიდი რეჟიმებს, 7–ჯერ დავთვერი ვაჟასთან ერთად, ვცდილობდი, წამომეცდევინებინა საიდუმლო, როგორ ახერხებს სახლის გათბობას ასე ეკონომიურად მაგრამ რაც არ იცოდა, როგორ მეტყოდა და მისი ცოლი არ სვამს.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე არაეფექტური რეჟიმი სწორედ 40 გრადუსია – კი, მეც გამიკვირდებოდა, საკუთარ ჯიბეზე რომ არ მეწვნია. 40 გრადუს რეჟიმით როცა ვამუშავებთ გათბობის ქვაბს, ოთახების გათბობას ვერ ახერხებს სასურველ გრადუსამდე და მას ისევ და ისევ მისდის „ბრძანება“ – „გაათბე“, „არ თბილა“, გაათბე–მეთქი“ და მუშაობს და მუშაობს, თავგანწირულად, არც ტუმბოს და არც სანთურას დასვენების უფლებას არ აძლევს, რადგან, ადამიანები ჰყავს გასათბობი. და რა ხდება, როცა ტუმბო და სანთურა მუდმივად მუშაობს? – დიახ, ბევრად მეტ გაზს და ელექტროენერგიას მოიხმარს. იმდენად ბევრს, რომ 40 გრადუსიან რეჟიმს 3–ჯერ მეტი ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე 70 გრადუსიან რეჟიმს.
რას ვაკეთებთ პირველს, როცა 40 გრადუსიანი რეჟიმი არ მოგვწონს? – კი, ვთვრებით ვაჟასთან ერთად და მეორე დღეს ვრთავთ 50 გრადუსიან რეჟიმს. 50 გრადუსიან რეჟიმზე მეც უმკლაო მაისურით დავდივარ სახლში და ამაყად ვუქნევ ხელს მეზობლებს ფანჯრიდან. თვის ბოლოს, ცოტათი ნაკლები გადასახადი მომდის, მაგრამ მე და ვაჟას დაახლოებით ერთი ზომის სახლები გვაქვს და ბოლო დალევისას, მისი გაზის და ელექტროენერგიის გადასახადის ქვითრები მაქვს ნანახი – ბევრად ეკონომიურად ათბობს სახლს.
50 გრადუსიან რეჟიმით, გათბობის ქვაბი ყველაზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, თუმცა, ტუმბო ამ შემთხვევაშიც თითქმის შეუჩერებლად მუშაობს და ელექტროენერგიის გადასახადი ისევ მაღალია. ამიტომ, სისტემის ეს რეჟიმიც ნაკლებად ეკონომიურია. დადებითი ამ რეჟიმს ის აქვს, რომ, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ბატარეები გაცილების მეტხანს ინარჩუნებენ სითბოს. თუმცა, მე პირადად, ის 6 თვე ელექტროენერგია არ გამთიშვია და 50 გრადუსიანი რეჟიმის ეს ფუნქცია ნაკლებად წამადგა. ბარემ აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს რეჟიმი კარგი და ეკონომიურია მაშინ, როცა შენობის გარეთ ტემპერატურა არც ისე დაბალია და ოთახების გასათბობად დიდი გარჯა არ სჭირდება გაზის ქვაბს.
გადავედი 60 გრადუსიან რეჟიმზე და აღმოვაჩინე, რომ ყველაზე ოპტიმალური პარამეტრი სწორედ ესაა ცივ დღეებში გაზის ქვაბისთვის. ტუმბო ისე თავგანწირვით აღარ მუშაობს, და მეც ვაგულიანებ ხოლმე: –დაისვენე, ჩემო ლურჯა, დაისვენე და ჩემი საფულე „დაასვენე“. სახლში თბილა, ბატარეები დიდხანს ინარჩუნებენ სითბოს. და აი, ისიც, დადგა თვის ბოლო და ვაჟაზე 1 ლარით ნაკლები მომდის კომუნალური გადასახადები. ახლა ვაჟამ ინერვიულოს, ახლა ვაჟა დადგეს ალკოჰოლური სასმელით ხელში და წყლიანი თვალებით ჩემ კართან.
და მაინც, ეშმაკი რომ შეგიჩნდება ადამიანს, იქნება და 70 გრადუსიან რეჟიმს თუ ჩავრთავ, კიდევ მეტი დავზოგო? ან მეტად თბილოდეს? და რად მინდა მეტად რომ თბილოდეს? მაისურსაც ხომ არ გავიხდი? მაგრამ, ცნობისმოყვარეობას ვერ ვერევი და გადავედი 70 გრადუსიან რეჟიმზე. ტუმბო კიდევ უფრო იშვიათად მუშაობს და ძალიან მიხარია პირველი კვირა. მომდევნო სამი კვირა, ქვაბისთვის არ მცხელა – მგონი ნაადრევი კლიმაქსი დამეწყო, ხან მცხელა – ხან მცივა და ექიმიდან ექიმთან დავდივარ. თვის ბოლოს ელექტროენერგიის გადასახადი წინა თვეზე ცოტათი მეტი მომივიდა. მთავარია ჯანმრთელობა, ვიმშვიდებ თავს. თუმცა, ამის გარკვევაც აუცილებელია –ისევ დავიწყე დეტალებში ეშმაკის ძებნა – ერთი შეხედვით, 70 გრადუსიანი რეჟიმი, გაზის ქვაბისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან ნაკლებ გაზს მოიხმარს ქვაბი, მაგრამ, მუშაობის ამ რეჟიმში, სისტემა ძალიან მალე ათბობს ოთახებს, როგორც კი საჭირო ტემპერატურა მიიღწევა – ქვაბი ითიშება, 15–20 წუთი მუშაობს და 4–6 საათი ისვენებს, სწორედ, ამ ხანმოკლე მუშაობის გამო, ბატარეებში სითბოს მარაგი ცოტა რჩება – ეს კი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ძლივს საკმარისია. ასე იწყებს ოთახებში ტემპერატურა ცვლას, მერყეობს რამდენიმე გრადუსს შორის და ესეც ჩემი „კლიმაქსი“. დავურეკე ექიმს და ვიზიტი გავაუქმე, არც 397–ე ანალიზის პასუხი მოვისმინე. და მაინც, რატომ მოიხმარს გათბობის ქვაბი ამ რეჟიმზე მეტ ელექტროენერგიას? – თურმე, გამომდინარე იქედან, რომ როცა ქვაბი „ისვენებს“ ბატარეები ცდილობენ ოთახებში ტემპერატურის შენარჩუნებს, ცირკულაციის სანთურა თითქმის მუდმივად მუშაობს და ელექტროენერგიის მოხმარება ამიტომ იზრდება.
გაზის ქვაბის რეჟიმებზე ექსპერიმენტები კი შევწყვიტე, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მკლავდა რა ხდება 80 გრადუს და მეტ რეჟიმზე – როგორც გავარკვიე, ასეთი მაღალი რეჟიმები მხოლოდ ძლიერი ყინვისას არის რეკომენდირებული და არავის გირჩევთ მის მუდმივად გამოყენებას. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, გათბობის სისტემის მილები შესაძლოა მალე გამოუსადეგარი გახდეს, ამის პირველი ნიშნები უსიამოვნო სუნია.
დასკვნა – იდეალური ვარიანტი 60–65 გრადუსიანი რეჟიმია, თუმცა, გავიმეორებ, ოთახების კარგად და ეკონომიურად გათბობა გარე ტემპერატურაზეცაა დამოკიდებული, ამიტომ თუ გარე ტემპერატურა არც ისე მაღალია, იგივე ეფექტს გაძლევთ 50–55 გრადუსიანი რეჟიმი.
ვაჟა? – წინა თვეში რამდენიმე ლარით ნაკლები მოუვიდა წყლის გადასახადი, მოგვიწევს დალევა, ვატყობ.
დაიმახსოვრეთ, მთავარია იცოდეთ სახლის ზუსტი ფართობი, იცოდეთ, რამდენად კარგადაა იზოლირებული სახლი, როგორია გარემო პირობები, რამდენი გრადუსი ტემპერატურა გინდათ რომ სახლში გქონდეთ და ამის შემდეგ უკვე მწარმოებელ ან დისტრიბუტორ კომპანიას შეუძლია გირჩიოთ, რომელი მოდელის გათბობის ქვაბი უნდა შეიძინოთ. ნუ ისწავლით საკუთარ შეცდომებზე, როცა შეგიძლიათ ჩემ შეცდომებზე ისწავლოთ –მოუსმინეთ, კომპანიის წარმომადგენლებს, ისინი დეტალურად აგიხსნიან როგორ მიაღწიოთ მაქსიმალურ კომფორტს მინიმალური დანახარჯებით.
და არ დაგავიწყდეთ მთავარი, დისტრიბუტორი კომპანიებიდან აარჩიოთ მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტორი, რადგან მას ხარისხზე, სიახლეებზე, ახალ მოდელებზე წვდომა აქვს და პასუხისმგებლობაც მეტი აქვს.
თამო კეშელავა, ალია
555 46 08 04
კომენტარები