ანი დვალიშვილი, ალია
ყველაზე მოულოდნელი ის გახლდათ, რომ კახა კალაძემ დედაქალაქი პირველივე ტურში ვერ მოიგო. ამან ისიც კი გადაფარა, როგორ შეძლეს ნაციონალებმა ქუთაისში გამარჯვება, თუმცა…
„პარტიული რესურსის უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე იყო მიმართული, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გამოჩნდა, „ოცნების“ აქტივისტთა ნაწილი მოეშვა, ნაწილს – შეეშინდა და საბოლოოდ ეს შედეგი დადგა. ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ მიშას დაპატიმრება მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ამის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი დაისაჯა და ზოგადად, გადახედეთ ყველა მუნიციპალიტეტს, მოიკითხეთ და ნახავთ, რომ წაგებულ უბნებზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს. ნაწილს განცხადება ხელების გადაგრეხვით დააწერინეს, ნაწილმა კი არ დაწერა, მაგრამ როცა ყვველაფერი დასრულდება, რეორგანიზაციას გამოაცხადებენ და მათ მაინც გაუშვებენ“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
პირველ ტურში ვერმოგებული თბილისის გამო, გაცეცხლებულია თავად დედაქალაქის მერიც. ის არამხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ უახლოეს გარემოცვასაც დაერია და ახლა ყველას წყალი აქვს შემდგარი. დედაქალაქში მეორე ტურისთვის მთელი საქართველოდან აქტიური ხალხი მოჰყავთ და უბნებზე დამკვირვებლებად ან აქტივისტებად სწორედ მათ დააყენებენ. ის, რომ პირველ ტურში ცემა-ტყეპა ნაკლები იყო, იმ შეგრძნების დამსახურებაა, რომელიც მმართველ ძალას ჰქონდა – არჩევნებს ვიგებთ!
ყველაზე საინტერესო კი მიმდინარე კი არა, მომდევნო კვირა იქნება, რადგან სწორედ მაშინ გადავა ოპოზიცია გადამწყვეტ იერიშზე. ახლა ნაციონალური მოძრაობა იმაზე ფიქრობს, რომელ ქალაქზე კონცენტრირდეს, ანუ სად არის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი. თითქოს, პირველობასთან ყველაზე ახლოს ანზორ მელიაა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ზუგდიდში გიორგი გახარიას გუნდმა სოლიდური ხმები მიიღო და თუ ეს ხმები „ოცნებას“ დაემატება, უფროს მელიაას შანსი არ აქვს. დედაქალაქში კი… სამსახურიდან გაშვებული ადამიანების შემყურე, ადმინისტრაციული რესურსი მთელი სიმძლავრით ჩაირთვება, რაც მელია-ჯუნიორის შანსებს ამცირებს. ქუთაისში კი… მთელი კრიმინალური სამყარო ჩაერთო და დეკანოიძის მხარდამჭერებს ახლა სახლებში აკითხავენ. ასეთ პირობებში, შესაძლოა აქცენტი რუსთავზე გაკეთდეს. ოპოზიციისთვის უმთავრესი მეორე ტურში თუნდაც ერთი ქალაქის მოგებაა, რათა რღვევა იქიდან დაიწყონ.
კომენტარები