თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, დავით ნანობაშვილი.
– ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, რატომ იზრდება ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი? ჩვენ დაახლოებით 10 დღის წინ გვითხრეს, რომ ამდენი რომ იღუპება, ეს არის ინფიცირებულთა 1 პროცენტი, რომელიც თითქმის ყველგან იღუპებაო, თუმცა, ყველა ქვეყანაში აღარ არის ეს პროცენტი. ამის შემდეგ, მალევე გვითხრეს, რომ სიკვდილიანობა გაიზარდა 1,3 პროცენტამდე, თუმცა, მიზეზი არ აუხსნიათ. გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ იქაც, გერმანიაშიც, ჰოსპიტალში მოხვედრილთა დიდი ნაწილი აუცრელი პაციენტები არიან, ისევე როგორც საქართველოში, ანუ, პაციენტთა კონტიგენტი, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს ვგულისხმობ, დაახლოებით ერთნაირი გვყავს და სიკვდილიანობის პროცენტი კი მეტი – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– მიზიზი რამდენიმეა, თუმცა, ორი ძირითადი მიზეზია – პირველი, ეს არის ერის გაუნათლებლობა, მიზანმიმართული კამპანია მიდიოდა წინა ხელისუფლების დროს და ახლაც მიდის, რომ ერი იყოს ძალიან გაუნათლებელი. მარტივია გაუნათლებელი ადამიანების მართვა, კითხვებს არ სვამენ. გაუნათლებლობა, თავის მხრივ იწვევს უწესრიგობას, ადამიანებმა ვერ ისწავლეს ელემენტარული – თავის დაცვა. დაინფიცირებისას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით ინფექცია მოხვდა შენ ორგანიზმში, რა დრო გაატარე ინფიცირებულთან, ვირუსის დოზას, რომელიც შენ ორგანიზმში ხვდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა კონცენტრაცია ვირუსის შენ ორგანიზმში დიდია, მდგომარეობის დაძიმების შანსიც დიდია და სამწუხაროდ, ლეტალობისაც. მეორე მიზეზი, გახლავთ სიღატაკე! ღატაკი ადამიანები, ვერ ახერხებენ სრულფასოვნად კვებას, როცა ადამიანი ვერ იკვებება სრულფასოვნად, მისი რესურსიც, ბუნებრივია ნაკლებია, მისი იმუნური სისტემა არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. დღეს ვიყავი ქავთარაძეზე რომ მოლია იქ, უამრავ ადამიანს არ უკეთია პირბადე, ან უკეთია არასწორად. შევედი მაღაზიაში, ვეუბნები გოგონას, გაისწოროს პირბადე, ისე მიყურებს როგორც ქვეყნის მტერს და უხასიათოდ, ნელა ისწორებს. გერმანელს რომ ეხვეწო, არ ჩამოიწვეს ნიკაპზე პირბადეს, აი, ეს არის განსხვავება.
– მეუბნებით, რომ მეტხანს თუ ვატარებ ინფიცირებულთან, მეტად ვიღებ ვირუსს. ექიმების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, პალატაში არ უნდა იყოს რამდენიმე ინფიცირებული, არ უნდა იწვნენ გვერდიგვერდ რეანიმაციაში, საშიშია კოვიდსასტუმრო, თუ იქ საერთო ვენტილაციაა…
– მომისმინეთ, ჩვენ ბევრი რამე გვინდა უკეთესად რომ იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ისეთი ფინანსური შესაძლებლობის ქვეყანა, როგორც სხვა. ასე არ გვინდა, ისე გვინდა, ბოდიში, არის ამის საშუალება? საბანი ისე უნდა დავიფაროთ, როგორც გვწვდება. რა ცალ-ცალკე პალატები? საველე ჰოსპიტლები გავხსენით, ხომ ხედავთ? გადაივსება ის საველე ჰოსპიტლები მალე და ადგილი აღარ დარჩება, აგერ ნახავთ. არაპოპულარულია ახლა რასაც ვიტყვი, იტყვიან, იმედი უნდა მისცე პირიქით, ხალხსო, მაგრამ გახსოვთ, მეორე ტალღის წინაც ვამბობდი, თქვენთან ვთქვი, რომ უკეთესობა არ იქნებოდა. მაშინ ყველამ უცნაურად შემომხედა და ვყოფილვარ მართალი? ახლა მზესა და სიცხეში, ვირუსი კიდევ უფრო მალე კვდება და აგრილდება მალე და მეტი უბედურების წინ დავდგებით. ისიც გითხარით მაშინ, მუტაციები იქნება-თქო, როგორც ჩვენ ვებრძვით ვირუსს, ასე გვებრძვის ვირუსიც ჩვენ და ცდილობს გაძლიერებას.
– ჯანდაცვის პირველადი რგოლი, მოშლილიაო, ამბობს ბევრი ექიმი და სწორედ ამას მიიჩნევს ჰოსპიტალების გადავსების მთავარ მიზეზად.
– რა ქნას პირველადი ჯანდაცვის სექტორმა? ჯანდაცვის პირველად რგოლს არ აქვს უფლება, არ გადაიყვანოს ის პაციენტი, რომელიც თავის სიმპტომებს აღუწერს და ეუბნება, რომ იხრჩობა. რა უთხრას, დარჩი სახლში და დაიხრჩვიო? პირველადი რგოლი კვლევებს და ანალიზებს ხომ არ უკეთებს, გამოდის, პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან. რა ქნას, როგორ უნდა უყუროს პაციენტებს? მესენჯერით დაურეკოს და ისე უყუროს? ორს კი არა, ერთ პაციენტს ვერ უყურებს მთელი დღე, მით უფრო, შეიძლება მოულოდნელად დამძიმდეს პაციენტი. ოჯახის ექიმებს, მგონი 80 პაციენტის მიხედვა ავალიათ და 80-ს კი არა, გეუბნებით, 2-ს ვერ ადევნებს მთელი დღე თვალყურს.
სასწრაფოს ექიმები საერთოდ გმირები არიან, მუშაობენ თავდაუზოგავად, მაგრამ პრობლემა ექმნებათ ოპერატორებთან… ოჯახში დაგვჭირდა სასწრაფო და 40 წუთი ელოდებოდა სასწრაფოს ექიმი პასუხს, რომ გაერკვია რომელ საავადმყოფოში იყო თავისუფალი ადგილი. მთვარობა რომ ხარ, ეს სამსახური გააძლიერე, არ გყოფნის 10 ოპერატორი? დაამატე კიდევ 10. აბა, რისთვის არის ბიუჯეტი? 40 წუთი ელოდებოდა, ეს 40 წუთი, რომ დაყოვნდა სასწრაფო, ხომ შეფერხდა? 40 წუთის მერე რომ გაიგო, ნახევარი საათი კლინიკამდე მისვლას ხომ უნდა? აღმოჩნდა, რომ ერთი სასწრაფოს ექიმი, დაყოვნდა ერთი ავადმყოფის გადაყვანისას საათზე მეტი ხნით და ამ დროში რამდენ ავადმყოფს გადაარჩენდა? რაღაც სამსახურში ჩავარდნაა, ხო? ამას ბევრი ჭკუა არ სჭირდება, ვიღაცა ერთი საღამო გამოვიდეს საავადმყოფოებთან, ნახოს რა ხდება, ერთხელ რომ შეხედოს, ეგრევე დაინახავს სად არის პრობლემა.
გაუნათლებელია პრემიერი და მთელი მისი მთავრობა, რეგულაციების შესუსტება და მოხსნა შეიძლებოდა ამ მდგომარეობაში? ამ ყანამ, ამ არანორმალურმა მოხსნა რეგულაციები, პირბადეების ტარების ვალდებულებაც მოხსნა. როდესაც ადამიანს დასჯი და მერე ამ ჯარიმას მოუხსნი, ისეთ ქვეყანაში, სადაც ისედაც ძნელია, ადამიანი დაიყოლიო წესრიგზე და დაუსჯელობის პრეცედენტს ქმნი, ეს მეორე შეცდომაა. უყურებენ ახლა ადამიანები გაოცებულები, რა აღსრულება, რის აღსრულებაო… ეს არის საკუთარი ერის გენოციდი! ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გასაგებია, რომ არ გყოფნის განათლება, არ გივარგა კონსულტანტები, არ ხარ ექიმი მაგრამ, საინფორმაციო მაინც ჩართე, ნახე სხვა ქვეყნებში რა ხდება, ყველა ამკაცრებს რეგულაციებს, ისეთი ქვეყნებიც კი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და შენ ვინ ხარ? საიდან გადმოგდის ტვინი, თვალიდან, თუ ყურიდან? ირგვლივ რეგიონში მიმოიხედე მაინც, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში ასეთი რამ არ ხდება. ომში არ გვეღუპებოდა დღეში 80 ადამიანი, ეს არის სერიოზული დანაშაული. სისხლის სამართლის დანაშაულია და ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ყველა უნდა გადადგეს. კარგი, შეცდი, ახლა მაინც გაამკაცრე, ახლა მაინც ეცადე გამოასწორო. იაპონელებთან მქონდა შეხვედრა და მითხრეს, თქვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართო, ჩვენ ათში ერთი ნიჭიერია, ავიღებთ ამ ადამიანს, თანამდებობაზე ვნიშნავთ და მერე დანარჩენი ცხრა ვუსმენთ, რა გავაკეთოთო და თქვენ ათში ცხრა გყავთ ჭკვიანი და მაინცდამაინც იმ ერთს სად პოულობთო. ტრანსპორტს რომ მიახტნენ – რაც დასაკეტი იყო, ის დაეკეტათ, ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, უნდა დაამატო პირიქით. სად აქვს ამ ხალხს ფული ტაქსით იაროს, წამლის და საკვების ფული არ აქვს ხალხს, კლინიკებამდე ვერ მიდიან ადამიანები ტაქსებით, არ აქვთ ფული. აღსრულება გავამკაცრეთო, ზემოთ, გიამბეთ, რომ ქავთარაძეზე ვიყავი მოლში, ერთი ფორმიანი ვერ ვნახე, ვერავინ ვნახე, ვინც პირბადეების ტარებას გააკონტროლებდა.
– ექიმები კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ მაშინ, როცა დღეში 5 000 მდე ახალი ინფიცირებულია, მაშინ, როცა ეპიდემიის პიკია, მასობრივი ვაქცინაცია არ არის მთლად მისაღები და სჯობდა ვაქცინაცია მთავრობას ან პიკამდე დაეწყო, ან მკაცრი რეგულაციების პირობებში დაეწყო აცრა.
– გულახდილად რომ გითხრათ, ვაქცინაცია არ არის ასეთი აფეთქებული სიტუაციიდან გამოსავალი, როცა 5 000 ახალი შემთხვევა გაქვს, იქ ბევრი შემთხვევა შეიძლება უსიმპტომოდ მიდიოდეს, უსიმპტომო პაციენტს რომ ვაქცინას უკეთებ, ტვირთავ ორგანიზმს. უსიმპტომო პაციენტს შესაძლოა კონტაქტი ჰქონდეს, კვლევების მიხედვით 4-7 ადამიანთან. დავუშვათ 4 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, 5 000 ადამიანის კონტაქტი გამოდის 20 000 ადამიანი. ამ 20 000 ადამიანიდან 3 ათასი შეიძლება ისე წავიდეს აცრაზე, არც კი იცოდეს, რომ უსიმპტომოდ აქვს ვირუსი. როცა სხეულში უკვე მოხვედრილია ვირუსი, ორგანიზმს დაწყებული აქვს მასთან ბრძოლა და ანტისხეულების გამომუშავების პროცესიც იწყება, პარალელურად, ორგანიზმს ვაწოდებთ ვაქცინას, რომელიც ასევე იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას. გამოდის, ორგანიზმს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. ამას სჭირდება კონტროლი! თუმცა, აქვე არის, მეორე მომენტი, ქვეყანაში უმართავი სიტუაციაა, პანიკაა, მაღალი სიკვდილიანობაა, რით უნდა შევაჩეროთ, თუ არა ვაქცინით? როგორ უნდა განტვირთოთ სამედიცინო პერსონალი? არ გვაქვს სხვა გზა დღეს, გარდა აცრისა. ვაქცინაციის მექანიზმი ასეთია, მოგიტანთ ცემენტს და ქვიშას, აგური კი თავად უნდა გქონდეს. ცემენტი და ქვიშა ვაქცინაა, ახლა მაქვს კითხვა, მოსახლეობას, რომელიც ვერ იკვებება სრულფასოვნად, აქვს აგური? სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, ყველას ორგანიზმმა ვერ გამოიმუშაოს მაღალი ანტისხეულები. რამდენი ქვიშა და ცემენტიც უნდა მოგიტანო, აგური შენ უნდა დაახვედრო. ანტისხეულების გამომუშავება არ არის მხოლოდ ვაქცინაზე დამოკიდებული, ამიტომ არის ინდივიდუალური ანტისხეულების გამომუშავება.
– რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ სიტუაცია დაარეგულიროს?
– ყველანაირი შეზღუდვები უნდა გამოიყენოს, რაც კი შესაძლებელია. გახსნას ტრანსპორტი, მეტროს გარდა, დაამატოს ავტობუსები, რომ ადამიანებმა გადაადგილება შეძლონ. დაკეტონ გასართობი ცენტრები, ბავშვთა ცენტრები, კინოთეატრები, ყველაფერი, სადაც ადამიანები დახურულ სივრცეში ერთად 15 წუთზე დიდხანს რჩებიან. ჩემი აზრით, დიდ მოლებში, ლიფტებიც კი უნდა გაჩერდეს, რადგან, თუ ერთმა ინფიცირებულმა იმგზავრა ლიფტში, გარკვეული დროით, ვირუსი შესაძლოა დარჩეს. სწორედ, ამიტომ, მე ყოველთვის ჯიბით დამაქვს სპირტი და ლიფტში შესვლამდე ჯერ სპირტს ვასხურებ, რადგან სპირტი უნიკალური დამშლელია ამ შემთხვევაში და სწრაფად მოქმედებს. მეტროც უნდა იყოს დაკეტილი, ჩემი აზრით, ავტობუსები კი სამაგიეროდ, მინიმუმ ორჯერ მეტი დაემატოს. ფრენის გაუქმებას და ქვეყნის სრულად ჩაკეტვას რაც შეეხება, ფრენის გაუქმება ახლა, ალბათ ვერ მოხერხდება, სანამ კიდევ ვიღაც ჩამოდის და კიდევ აქვს შანსი ხალხს, მცირე შემოსავალი მაინც მიიღონ ტურიზმისგან. მაგრამ უნდა გამკაცრდეს კონტროლი. აი, კიდევ ერთ წვრილმანს მივაქცევ ყურადღებას, ამიტომ ვამბობ, გაუნათლებლობა ყველაფერში გვიშლის ხელს-მეთქი, დააკვირდით, სიცხეს მაჯაზე რომ ზომავენ ბევრგან? ვისაც გაქვთ საშუალება, აიღეთ ეს მოწყობილობა, გაიზომეთ სიცხე მაჯაზე, შუბლზე და იღლიაში და ნახავთ რა განსხვავებას მოგცემთ. სიცხე უნდა იქნეს გაზომილი შუბლზე ან იღლიაში, სხვაგან ყველგან ცდომილება იქნება. კიდევ მთავრობამ უნდა იზრუნოს სარეკლამო რგოლების გაკეთებაზე, ამდენი პოლიტიკური რეკლამა რომ გადის, ამის ნაცვლად, ვაქცინაზე ისაუბრონ. ოპოზიციაზეც ვიტყვი, კი, ბატონო, მთვარობა შეცდომას უშვებს და ოპოზიცია გამოდის და საუბრობს მთვარობის შეცდომებზე, მაგრამ დალოცვილებო, საარჩევნო კამპანია ისე კი არ უნდა ჩაატარო, რომ აი, მე მომეცი ხმა, იძახო. იარე ქუჩა-ქუჩა და ადამიანი რომ შეგხვდება პირბადის გარეშე, აუხსენი რატომ უნდა ეკეთოს პირბადე, აცრილი არ არის და ვაქცინაზე უარს იძახის? – აუხსენი, რატომ უნდა აიცრას. პარტიებს ჩვენ, ბიუჯეტიდან ვუხდით ასობით ათას ლარს და იმის ნაცვლად, რომ საქმე გააკეთონ, დადიან და გვეუბნებიან, მე მომეცით ხმა – აი, რატომ უნდა მოგცე ხმა?
ვიცი, რომ კულუმბეგოვი დადის რაიონებში და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. კულუმბეგოვმა პაციენტები უნდა მიიღოს, ის რომ დადის ქალაქ-ქალაქ ამასობაში პაციენტები ზარალდებიან, ის ცნობილი და კარგი ალერგოლოგ-იმუნოლოგია, იმან პაციენტები უნდა მიიღოს. აკეთებს იმას, რაც პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. რას მიკეთებენ პოლიტიკოსები? ნანახი მაქვს, რომ არაფერს აკეთებენ. ახალგაზრდებმა მიამბეს, სოფლებში, მოხუცების უმეტესობას აცრაზე რომ ვკითხეთ, ისიც არ იციან, სად უნდა აიცრან, მათთან არავინ მისულაო. რაც მოახერხეს ამ ახალგაზრდებმა, იმდენი ასაკოვანი ადამიანი გადაიყვანეს ამცრელ ცენტრამდე, მაგრამ რამდენს გაწვდებიან?
რა იცის 83 წლის გლეხმა, რა ვაქცინაა და სად? მიდის დილით ვენახში და ყანაში, ბრუნდება საღამოს და იძინებს. ამათ მარტო ხმები უნდათ, ხალხთან ყოფნა კი არ უნდათ. მე რის გამო მლანღა ოპოზიციამ? გახსოვთ, ქართული პირბადეები რომ შემოვიდა, მაშინ, ნიკა გვარამიამ ამ პირბადეს უწოდა ჩა…ვი. მე ვთქვი, გვარამია რომ მოვიდეს ჩემთან სამკურნალოდ, არ ვუმკურნალებ-თქო და დამესივნენ სოციალურ ქსელში, მათ შორის იყო, ნიკა მელიაც და მე რომ მწყევლეს და მაგინეს, არა უშავს, მაგრამ ჩემ პატარა შვილებს აგინეს… მე ქართველმა, დავიცავი ქართული პირბადე და ამის გამო ვიყავი საგინებელი? იმასაც ვერ მიხვდნენ, რატომ ვთქვი, გვარამიას არ ვუმკურნალებ-თქო, არა ვარ, ბატონო მე ფსიქიატრი, არა და ვერ ვუმკურნალებ!
კომენტარები