ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამერიკული დააავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს რომ მივადევნე თვალი ბოლო სამი თვის განმავლობაში, ბევრი რამ ცხადი ხდება. უპირველეს ყოვლისა ის, რომ კლინიცისტები დაახლოებით 5-6 კვირით უსწრებდნენ ეპიდემიოლოგებს წინასწარმეტყველების სიზუსტით. აქვს ამას თავისი ლოგიკური ახსნა. კლინიცისტები უშუალოდ ხედავენ საფრთხეებს და კლინიკური სტატისტიკის მიხედვით მოქმედებენ. ეპიდემიოლოგები კი ეპიდემიოლოგიური სტატისტიკით. კლინიკური ათვლისათვის თითოეული პაციენტის სიმძიმე უშუალო და ხელშესახებია, შესაბამისად უფრო ემოციურიც, რადგან კლინიცისტები პირისპირ რჩებიან ავადმყოფებთან. ეპიდემიოლოგები სტატისტიკას სხვა ჭრილით ხედავენ, მშრალი ციფრებით. შესაბამისად, მათი მიდგომა დაცლილია ემოციისაგან და ჭარბობს პრაგმატიზმი. ეს პრაგმატიზმი ძალიან საჭიროა, მაგრამ ამავე დროს პოტენციურად საშიშიც, რადგან ეპიდემიოლოგიურ სტატისტიკაში ინდივიდის პირადი ტრაგედია მეასეხარისხოვანია; კლინიკურში კი პირიქით ხდება, ყოველი გარდაცვლილი პაციენტის უკან რეანიმაციის განყოფილებებში დატრიალებული ტრაგედიების სრული კოლაჟია. ამასთან, კლინიცისტმა თავად უნდა აკონტროლოს საკუთარი მოწყვლადობით გამოწვეული შიში, ეპიდემიოლოგისათვის კი ეს შიში უფრო ფანტომურია, ვიდრე აშკარა და ხელშესახები.
სოციალური მედიის ეპოქაში ინდივიდის ხმა საოცრად მძლავრად ისმის. პირადი განცდების სტატისტიკური სინაცრისფრის მიღმა გატანა ბევრად უფრო ადვილია და შესაბამისად, ემოციური ფონი უფრო მძლავრია. ამიტომაც არის კოვიდის ირგვლივ შექმნილი ფსიქოლოგიური ფონი ერთგვარად მისტიკურ-გაუგებარი. ერთი მხრივ კითხულობ პრაგმატული ეპიდემიოლოგების გათვლებს და მშვიდდები; შემდეგ გადახედავ კლინიცისტების მიერ დეტალებში აღწერილ ინდივიდუალურ ტრაგედიებს და დაუძლეველი შიში გიპყრობს ისევ.
სწორედ ამ ფსიქოლოგიური კონფლიქტის მსხვერპლია დღევანდელი მსოფლიო. ე.წ. გლობალიზაციის პარადოქსი შეიქმნა, სადაც აღარავინ იცის ზუსტად რაშია პლანეტის სიძლიერე, გაერთიანებაში თუ დაცალკევებაში.
პასუხი ძალიან მარტივი და ბანალურია. ზომიერება!
განსაკუთრებით გაუჭირდათ იმ ქვეყნებს, სადაც მკვეთრი ნაკლებობაა გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ლიდერების, რომლებსაც თუნდაც კლინიკური და ეპიდემიოლოგიური სტატისტიკების შერწყმა და დაბალანსება შეუძლიათ. გაუწონასწორებელ ლიდერთა პირადმა ეგოცენტრიზმმა ვერ იპოვა ეს ბალანსი და ამიტომ ტორტმანებს მსოფლიო და ქანაობს უაზრო შიშსა და უსაზმნო თავზეხელაღებულობას შორის. ორივე ერთნაირად დამღუპველია და გადარჩებიან ისინი, ვინც საკუთარი გონების სიხისტის დაძლევას მოახერხებენ.
კომენტარები