პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფენები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რადგან ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი განვითარების და მათ შორის ტურისტული განვითარებისთვის. პირველი თებერვლიდან, მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ დავუშვათ რეგულარული ფენები, ეს ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ასევე ახალი ავიაკომპანიები, ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით.
ახლა მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი.
უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რა სიახლეები იგეგმება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ აქამდეც მოქმედებდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, გარკვეული ქვეყნების ჯგუფები, მათ შორის ნაცვალგების ქვეყნები, საიდანაც უფრო მარტივი იყო შემოსვლა.
ახლა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად მეტად მიმზიდველია, მაგალითად ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, თავისთავად, ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მიმზიდველია ჩვენთვის ტურისტულად.
ჩვენ ველოდებით, რომ უკვე უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე შევძლებთ, რომ ყველა წესის დაცვით ვუმასპინძლოთ უსაფრთხოდ უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს.
აქედან გამომდინარე, ეს არის ნამდვილად კარგი დადებითი სიახლე. ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება დიდი ალბათობით შეხვედრა ტუროპერატორებთან, ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოემზადონ ეს კომპანიები, რომ ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ“
მართალია, მინისტრმა კი თქვა, უფრო დიდი ოდენობით ტურისტს მივიღებთო, მაგრამ არ უთქვანს, რასთან შედარებით უფრო მეტს, არაფერთან შედარებით? არ უთქვამს, ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმით რამდენი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში პანდემიის დროს.
“ალია” შეგახსენებთ, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი პირველ მარტამდე გახანგრძლივდა!
კომენტარები