„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა:
„არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, ბატონი ვაშაძე გეგმავს პარლამენტში შესვლას, მან ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა, რომ არ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდება.
მე არ ვაპირებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, მაგრამ ამავე დროს, ცხადია, რომ ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მოუწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე მოქმედების, რადგან პარლამენტის ბოიკოტი არ არის გრძელვადიანი მოქმედების სტრატეგია, ეს სტრატეგია პარტიების შესაბამისად უნდა შეიმუშავო. ვფიქრობ, ყველა პარტიას საქართველოში, ამ არჩევნების შემდეგ აქვს ის გამოწვევა, რომ უნდა იმსჯელოს სამომავლო გეგმებზე, ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე მდგარი გამოწვევა, ყველა პარტიას სჭირდება მსჯელობა სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, თუ რით დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. მინდა, დავადასტურო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. გრიგოლ ვაშაძის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ და ზოგადად, ამ პროცესების შედეგად ვფქრობ, პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში საჭიროებს მოქმედ სტრატეგიას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა.
მე არ მგონია, რომ სწორი იქნება ვინმეს მხრიდან, ჩემი ან სხვა რომელიმე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლის მხრიდან, რომ ისაუბროს გრიგოლ ვაშაძის სახელით. უკეთესია მან თავად გააკეთოს განმარტება, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე სხვა პარტიის წევრი დღეს განიხილავს პარტიის დატოვების შესაძლებლობას, ეს არის ბატონი ვაშაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“
კომენტარები