გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გერმანულ რადიოში ისაუბრა იმაზე, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირმა ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. მისი თქმით, გერმანია მზადაა, სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უნგრეთის გარეშე, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე.
“თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთის გარეშე, აპირებს, აირჩიოს ეს გზა [დააწესოს ემბარგო], მე მხარს დავუჭერ. თუმცა, ეს შემოთავაზება ევროკავშირისგან ჯერ არ ყოფილა”. – თქვა ჰაბეკმა.
მან გააფრთხილა უნგრეთი, რომ არ უგულებელყოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციები.
“სხვადასხვა ქვეყნისთვის არ არსებობს განსხვავებული გამოსავალი. მე მოველი, რომ ყველამ, მათ შორის უნგრეთმა, იმუშაოს საერთო გამოსავალზე”. – აღნიშნა მინისტრმა.
ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსეთის ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს აქტიური მოწინააღმდეგეა. კომისიამ წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა. მოსკოვთან დაახლოებულმა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარი სჭირდება.
კომენტარები