გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვინმე ვადიმ კ-ს., იგივე ვადიმ ს-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.
გამოძიება აცხადებს, რომ „უცნობ მომენტში რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელმწიფო ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.
გერმანიის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ მასხვერპლს რუსეთის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.
WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
კომენტარები