გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების საქმეს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. 24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება. მარწყვის ფერმაში დასაქმებულების განცხადებით, მათი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო გაუარესდა.
ჯერ კიდევ მაისში, მაშინ, როდესაც მიგრანტებმა მათი დროებითი საცხოვრებლიდან უმძიმესი კადრები გაავრცელეს და სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ალაპარაკდნენ, გერმანიისა და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან იყო დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულებს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ. თუმცა, დასაქმებულების თქმით, დამსაქმებელი სამუშაო ხელშეკრულების პუნქტების დარღვევას დღემდე განაგრძობს.
არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯანმრთელობის დაზიანებაც კი მიიღო და მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ გაეწია.
საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლისა და სამუშაო პირობების შესასწავლად 4 ივნისს მათთან იმყოფებოდნენ გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. „მირამ“ შეისწავლა ადგილზე არსებული სიტუაცია და დამსაქმებელი გააფრთხილა, რომ ის არღვევენ როგორც კონტრაქტის, ისე გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. მათ გამოსასწორებლად კი ვადა 16 ივნისამდე მისცა, თუმცა ადგილზე სიტუაცია კვლავ არ შეცვლილა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ აი, ძალიან ბევრს მუშაობენ უცხოელ კოლეგებთან ერთად და დარწმუნებულია, ეს პრობლემა მოგვარდება – ლეგალურად დასაქმებული 24 ადამიანის პრობლემას თუ ვერ აგვარებს სამინისტრო მაისიდან მოყოლებული და თან ძალიან ბევრს მუშაობთ, სცადეთ, აბა, დაისვენეთ, იქნებ, თქვენი “მუშაობით” უფრო მეტად უშლით ხელს? – რა გითხრათ, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის გამოსვლაში, ის არ უთქვა, რომ ამ 24 ადამიანის პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, მოგვარების ნაცვლად.
დავით ზალკალიანის მტკიცებით, მას კონტაქტი აქვს გერმანიაში ქართველ დიპლომატებთანაც და გერმანელ კოლეგებთანაც, გვიმტკიცებს, რომ მათ ეუბნება, ეს პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელიო – არ უჯერებენ, ალბათ, მაშინ!
დავით ზალკალიანის კომენტარი:
„არა მხოლოდ ჩვენი საკონსულოს, არამედ გერმანიის ხელისუფლებასთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. გუშინაც მქონდა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომ ეს თემა იყოს სწრაფად მოგვარებული, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან, მათ ყოფით მდგომარეობასთან და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მიცემულია დავალება ჩვენი საკონსულო სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემა“
კომენტარები