აგვისტოს თვეში გერმანიაში რეგულარულად მხოლოდ ავიაკომპანია Lufthansa იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო მიუნხენი-თბილისის მიმართულებით – ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.
ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე უკვე დაიდო. ორმხრივი ბილეთის მინიმალური ფასი აგვისტოს პირველ ორ კვირაში 5 000 ლარს აჭარბებს, ხოლო, თუ უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგვისტოს მეორე ნახევარში იყიდით, ჯამში, ყველაზე ცოტა, 4000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მხოლოდ რამდენიმე თარიღია, როცა ყველაზე იაფი (ჩასაბარებელი ბარგის გარეშე) ორმხრივი ბილეთის შეძენა 2 500 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.
გერმანიას საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, თუმცა ფრენის უფლებას მხოლოდ მაღალბიუჯეტიან კომპანიას აძლევს, მაშინ როცა, Wizzair-ს და Ryanair-ს ამ დრომდე აქვთ ქუთაისი-დორტმუნდის და თბილისი-კიოლნის მიმართულებით იაფი ფრენები – მათ ჯერ არ გაუუქმებიათ აგვისტოში გაყიდული ან გასაყიდი ბილეთები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს “არ უღირთ” კვირაში “ერთი და ორი ფრენა”.
მოსალოდნელია, რომ ასეთივე მაღალი ფასი იქნება თბილისი-პარიზი-თბილისის და თბილისი-რიგა-თბილისის ბილეთებზეც. მთავრობა ფრენის უფლებას და ისიც შეზღუდული რაოდენობით, ამ შემთხვევაში მხოლოდ Air France-ს და Air Baltic-ს აძლევს – კვირაში ორჯერ და ერთხელ. აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizzair-საც აქვს რიგასა და ვილნიუსში იაფი ფრენები და აგვისტოში ბილეთებს ისევ ყიდის, თუმცა, მისთვის მთავრობას ფრენის უფლება ამ შემთხვევაშიც არ მიუცია.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობა ზეწოლას ახდენს ავიაკომპანიებზე, რომ მათ, რაც შეიძლება ცოტა ფრენა დანიშნონ. როგორც კანდელაკი ამბობს, ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არაოფიციალურად უკვე აცნობა, რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს საფრანგეთსა და გერმანიაში. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, სახელმწიფო Wizz Air-ს არ აძლევს ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ფრენის უფლებას.”
როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.
კომენტარები