ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა – 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ანანიაშვილი იანვრის ბოლო უკვე მიემგზავრება ნოვოსიბირსკში, როგორც ინტერვიუში ამბობს.
ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
გადაწყვეტილების მიზეზებსა და იმაზე, თუ რას გეგმავს ნინო ანანიაშვილი, როგორ შეხვდნენ სიახლეს მისი ოჯახისა და დასის წევრები და მოელის თუ არა კრიტიკას კარიერის რუსეთში გაგრძელების გამო, თავად ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრობს.
ნინო ანანიაშვილი:
ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა.
ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ.
სამწუხაროდ, ის წინადადებები, რომლებიც მე აქამდე მქონდა უცხოეთიდან, მათ შორის, ამერიკიდან, საქართველოში მუშაობას გამორიცხავდა. ძალიან ბევრ შეთავაზებაზე ვთქვი უარი. კომპრომისებს ვეძებდი, მინდოდა სხვასთან თანამშრომლობა, მაგრამ ყველგან დაიკეტა ყველა თეატრი. შემდეგი სეზონებიც კი დახურულია. ასეა, მაგალითად, ჩემს საყვარელ მეტროპოლიტენ ოპერაში. მსახიობები უმუშევრად დარჩნენ და ზოგიერთს ხელფასსაც კი არ უხდიან. ჩვენი მსახიობებიც უკვე ცხრა თვეზე მეტია უსცენოდ არიან. ოთხი პატარა სპექტაკლი დავდგით სექტემბერში. ეს იყო და ეს.
მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი – ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა – მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში.
ეს კი არა, შეიძლება ამ სიახლეს მოჰყვეს სხვა თეატრებთან თანამშრომლობაც. ეს იქნება საწყისი, ჩვენ მარტო აღარ უნდა ვიყოთ. ვიღაც უნდა დაგვეხმაროს, რომ გადავრჩეთ.
დიდხანს ვფიქრობდი და ვეძებდი გამოსავალს. ძალიან ვნერვიულობ ფინანსურ მხარეზე, რადგან ჩვენ ბილეთებიდან შემოსული თანხით ბევრ რამეს ვაკეთებდით და ვახერხებდით და ახლა ესეც აღარ გვქნება. ვერც განახლებას შევძლებთ, ვერც ვერავის დაპატიჟებას. რა ბიუჯეტიც ჩვენ გვაქვს, სავალუტო კურსის ცვლილების გამო, ისიც გამესამედდა. მადლობელი ვარ, რომ მსახიობებს ხელფასი შეუნარჩუნდათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვნერვიულობ – 2021-ში შევძლებთ კი საერთაშორისო პროექტებით აღებული ვალდებულების შესრულებას? ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ამ თანამშრომლობით, მაგალითად, გაიყოს დადგმის თანხები, ან მოვახერხოთ სპექტაკლების გაქირავება. ისიც ცნობილი პრობლემაა, რომ ჩვენ ბიჭების პრობლემა გვაქვს ბალეტში. რადგან აქ ინტერნატი არ გვაქვს, ვერ ჩამოგვყვავს ბავშვები ვერც ქუთაისიდან, ვერც ზუგდიდიდან… თბილისელებს ბალეტზე ბიჭები არ მოჰყავთ. ამაზეც ვფიქრობ, რომ იქ, ნოვოსიბირსკის თეატრში, იაპონელებიც მუშაობენ, იტალიელებიც და იქნებ გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, რომ ბიჭები აქაც ჩამოვიდნენ და აქაც იმუშაონ, სხვანაირად, უბრალოდ, სპექტაკლს ვერ დავდგამთ.
ნოვოსიბირსკის თეატრს თვეში აქვთ 25 სპექტაკლი. ძალიან კარგი რეპერტუარი. არ გაჩერდნენ. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პროფესია, რომ წიგნი დავწეროთ, ან ნახატი დავხატოთ და 20 წლის შემდეგ შეგვაფასონ – დღეს არის ჩვენი დრო. თან, აღარც მე ვარ ახალგაზრდა, სცენას თავი დავანებე, აღარ ვცეკვავ. ამიტომ დროც მეტი მაქვს და ენერგიაც. რომ შემომთავაზონ, მესამე თეატრსაც ავიღებდი… ეს შესაძლებელია და ამ მხრივ, მე არ ვარ ერთადერთი. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ შესაძლოა, რამდენიმე დასს უხელმძღვანელო. მე ხომ სტრატეგიის შემუშავება და რეპერტუარის შექმნა მევალება.
ქართულმა დასმა ჯერ არ იცის. ახლა დასვენების დღეები დაემთხვა, თან ხომ ონლაინ ვმუშაობთ და არ მითქვამს, მაგრამ მინდა, ხვალ შევკრიბო და ვუთხრა, რომ ასეთი გადაწყეტილება მივიღე. თუმცა, ამით აქ არაფერი შეგვეცვლება. ყველანი იმას ველით და ვოცნებობთ, რომ თეატრი გაიხსნას.
ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ (მე და ჩემ მეუღლეს) გაყოფილი გვაქვს სფეროები – მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის.
კი, მე ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ.
კითხვას, ხომ არ უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, გრიგოლ ვაშაძის ენმ-ს თავმჯდომარეობის დატოვებას, ანანიაშვილი ასე პასუხობს:
ნინო ანანიაშვილი: არა, საერთოდ არანაირი კავშირი. არც კი ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებები მქონდა. ის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის, რადგან ხვდება, რომ ეს გამოიწვევს ჩემს მიმართ უარყოფით ტალღას, თუმც კი, ჩემი აზრით, უსამართლოდ. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის. მგონი, რომ შემოქმედი ადამიანები გამიგებენ. რითაა ცუდი, რომ ჩვენი წარმატებული ნიკო ცისკარიძე გამოვიდეს და საქართველოს სახელით ილაპარაკოს? ან სხვა ვინე გამოჩენილი ქართველი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რატომ უნდა გავაკრიტიკოთ? ასე მოიტანა ცხოვრებამ – ზოგი იქ დარჩა, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და აქ წამოვედი. თან მაშინ, როცა აქ არაფერი ხდებოდა, არც სინათლე იყო, არც გაზი. მაშინ მე არც მიხეილ სააკაშვილს ვიცნობდი, არც ჩემი ქმარი იყო პოლიტიკაში, მე კი უკვე ვიყავი ნინო ანანიაშვილი. თუმცა, არც ის დაბრუნება ყოფილა ადვილი, არც სახლი გვქონდა აქ და ერთი წელი სახლს ვქირაობდით.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები